დევიდ ლინჩი: “კინო სრულყოფილი მედიუმია”

(ინტერვიუ დევიდ ლინჩთან)

 

ტრანსცენდენტული მედიტაცია იმიტომ ხომ არ შეისწავლეთ, რომ ბრაზი ადვილად გერეოდათ ხოლმე?

არა. ბევრ ადამიანს აქვს ბრაზისგან თავშეკავების პრობლემა და მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ადამიანები ჩვენს მრისხანებას იმისკენ მივმართავთ, ვისთანაც გაგვდის. ამ ადგილზე ჩემი პირველი ცოლი აღმოჩნდა. როცა მედიტაცია დავიწყე, ორი კვირის შემდეგ ცოლმა მკითხა: “რა ხდება? სად გაქრა შენი მრისხანება?” ის მას ვეღარ გრძნობდა და ძირითადად, ასეც ხდება ხოლმე – გარშემომყოფები უფრო ადვილად ამჩნევენ ცვლილებებს ჩვენში, ვიდრე თავად ჩვენ.

მაშინ რატომ დაიწყეთ მედიტაცია?

ამით 1973 წელს დავკავდი და ლამის სიგიჟემდე მიმიყვანა. ხომ გაგიგიათ, ადამიანები ტვინის ხუთ, ან ათ პროცენტს ვიყენებთ და საინტერესოა, დანარჩენ ნაწილში რა ხდება… როგორ უნდა გამოვიყენოთ უფრო მეტი ნაწილი და რა არის ის მაქსიმუმი, რისი გამოყენებაც შეგვიძლია? ბევრი ამბობს, რომ მედიტაცია გარკვეულ ფიზიკურ აქტივობას, ან მზის ქვეშ სანაპიროზე ნებივრობას ჰგავს, მაგრამ ეს მედიტაციის დამახინჯებული გაგებაა. მედიტაცია არის იმ სიღრმეებში შეღწევის ტრანსცენდენტური, სრულყოფილი და რეალური გზა, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ადამიანიც სწორედ ამისთვის შეიქმნა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ უკეთესი არტისტი ხართ, რადგან თქვენი ფილმები ასეთი  მაღალი ცნობიერებით არის შთაგონებული?

არ ვიცი. როდესაც მედიტირებ, იდეებს უფრო ღრმა დონეზე იჭერ და ინტუიციაც უმჯობესდება. არტისტისთვის კი სწორედ ინტუიციაა ნომერ პირველი ინსტრუმენტი – ფიქრი და შეგრძნება ერთდროულად. როდესაც ნახატზე მუშაობ, ზუსტად იცი, რა გინდა და სიამოვნებას იღებ ამ პროცესით. ფილმების შემთხვევაშიც ასეა. სამუშაო პროცესში მიღებული სიამოვნების ხარისხი იზრდება და ზოგადად, ყველაფერი გსიამოვნებს. თანაც ცოდნას იღებ და ეს მართლაც მშვენიერია.

და ამ პროცესში მაინც გიტევთ დეპრესია ან მრისხანება?

დეპრესიისა და სიძულვილის ტალღები მიდის და მოდის, და ეს გასაკვირი არ არის. თუმცა, ეს ტალღები უფრო და უფრო იკლებს და ტანჯვისგანაც თავისუფლდები. კაცობრიობა ტანჯვისთვის არ გაჩენილა. ჩვენი ბუნება ბედნიერებისკენაა მოწოდებული და  სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ბედნიერებაში ვიცხოვროთ – ნამდვილ, ღრმა და ხილულ ბედნიერებაში. ეს შენს ყოველდღიურ საქმეში, ცხოვრებაში უნდა შეიგრძნო. ხოლო რაც უფრო სიღრმეში შედიხარ, ეს შეგრძნება მით უფრო ინტენსიური ხდება.

შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ეს ყველაფერი ყოველდღიურ ცხოვრებაზე როგორ აისახება?

ცხოვრებისეული მოვლენები იგივე რჩება, მაგრამ ვსწავლობთ,  როგორ ჩავუაროთ ამ მოვლენებს. ჩემმა ერთ-ერთმა ფილმმა დიუნამ კინაღამ მომკლა. მე ჩემს თავს ჩემს ფილმებთან ვაიგივებ. ვიცოდი, რომ გავიყიდე და კლდიდან გადმოხტომისგან სწორედ მედიტაციამ მიხსნა. ამბობენ, რომ სამყარო სწორედ ისეთია, როგორადაც წარმოიდგენ. შეგიძლია, მუქი მწვანე, ჭუჭყიანი სათვალე გაიკეთო და ასე ხედავდე სამყაროს. ან შეგიძლია, ვარდისფერი სათვალე მოირგო და იცურო ბედნიერების ოკეანეში, რომელიც სავსეა შემოქმედებით, ინტელექტით და სხვა მსგავსი სიკეთეებით.

თუმცა, თქვენს ფილმებს თითქოს მუქი სათვალე აქვთ მორგებული…

ფილმი, რომლის დასაწყისიც, შუა ნაწილიც და დასასრულიც სიმშვიდითაა სავსე – ამბავს ვერ მოყვება. ამისთვის გჭირდება კონტრასტი და კონფლიქტი. ამბები ხან ბნელი იქნება, ხან ნათელი, ხან ერთმანეთში არეული. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტანჯვის საჩვენებლად რეჟისორიც უნდა დაიტანჯოს. მტანჯველი უნდა იყოს ამბები და არა ადამიანები.

ფილმისთვის იდეების თავმოყრა როგორ ხდება?

ყოველთვის ვამბობ, რომ გემებს იდეები მართავენ. მათი ქონა უზარმაზარი მადლია. უნდა ეცადო, დაიჭირო იდეა, რომელსაც შეიყვარებ. ჩემი ყველა ფილმის იდეა სწორედ ასე მოვიდა. თავდაპირველად იდეებს ერთიანი სახე არ აქვთ, ფრაგმენტებად ჩნდებიან. მე მათ ვიწერ და მერე თავისთავად იკვრება სცენარი. ეს ერთიანი პროცესია. იდეებისგან შესაძლოა ძალიან აბსტრაქტული ამბავი იშვას, ან პირიქით – სწორხაზოვანი.

თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

მე ყველა სახის კინო მომწონს. რამე კონკრეტული მოთხოვნები არ მაქვს. ზოგიერთი აბსტრაქტული ფილმი ჩემთვის არაფრისმთქმელია, ზოგს კი სიგიჟემდე მივყავარ. ასეა – რიგითმა ფილმმა შეიძლება საოცრად იმოქმედოს ჩემზე. ამბობენ, რომ კინო ხელოვნების შვიდ დარგს მოიცავს. ის სრულყოფილი მედიუმია და ბუნებრივია, რომ ბევრი ახალი აზრისა და იდეის წყაროა.

შეგიძლიათ, დაგვისახელოთ ფილმები, რომელთაც გარკვეული მიმართულება მოგცეს?

ყველამ საკუთარ სათქმელს უნდა მიაგნოს. ბერგმანი, ფელინი და გოდარი ჩემი გმირები იყვნენ, მაგრამ მათი კოპირება არც მიფიქრია. სანსეთ ბულვარი, ეზოში გამავალი ფანჯარა, რვანახევარი, კუბრიკის, ფელინის, ბერგმანის ფილმები – ძალიან ბევრი დიდებული ფილმი არსებობს და მე მათით შთაგონებული ვარ.

ამ ფილმებმა ქვეცნობიერად მაინც იქონია გავლენა თქვენზე, როგორც რეჟისორზე? მაგალითად, ამბობენ, რომ ლურჯი ხავერდის ვუაიერიზმი ეზოში გამავალი ფანჯრიდან ისესხეთ…

არ ვიცი, ეს რამდენად მართალია. კინოს ისტორია ას წელზე მეტს ითვლის. შეუძლებელია, დღეს ფილმი გადაიღო და ის რომელიმე ძველ ფილმს არ შეადარონ. ჩემთვის ლურჯი ხავერდილურჯი ხავერდია და ეზოში გამავალი ფანჯარაეზოში გამავალი ფანჯარაა. ძნელია იმის თქმა, რომ სანსეთ ბულვარიდან ან ფანჯრიდან ჩემი ფილმებისთვის იდეები ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ძალიან მიყვარს. კი, მე ამ ფილმებით შთაგონებული ვარ, მაგრამ ცხოვრება ისედაც 24/7 კინოა. იდეები სულ მიდის და მოდის და ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მილიარდობით იდეა დაცურავს ჩვენ ირგვლივ და შენ ისინი, უბრალოდ, უნდა დაიჭირო.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments