დიდი თევზის ცხოვრებისეული თავგადასავალი

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

ჰაინრიხ ბიოლის კლოუნის თვალთახედვაში” მთავარი პერსონაჟი, შნირი ამბობს: ლეო ექვსიშვიდი წლისა იქნებოდა, როცა მან საჯინიბოში ღობის მონარჩენი მორი იპოვა, იქვე ჟანგმოკიდებული ხერხიც გამოჩხრიკა და მთხოვა, მორი ერთად გადავხერხოთო. მე ვკითხე, რა საჭიროა ასეთი უსარგებლო მორის გადახერხვამეთქი. მიზეზი ვერ დამისახელამე მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, გერმანულის გაკვეთილზე მივხვდი, თუ რას მთხოვდა ლეო: უნდოდა, ეხერხა, იმ წუთში სხვა არაფერი უნდოდა ისე, როგორც ჩემთან ერთად ხერხვა. ყველაფერ ამას ათი წლის შემდეგ მივხვდი და ისე ძალუმად განვიცადე მისი სიხარული, რომ შუა გაკვეთილზე ხელები ისე ავამოძრავე, თითქოს მართლაც ვხერხავდიმას შემდეგ მგონია, თითქოს მე და ლეომ მართლა გადავხერხეთ მორი, მაგრამ ლეოს ამის გაგება არ შეუძლია, რადგან ის რეალისტია.

ეს ამონარიდი ძალიან კარგად აღწერს წარმოსახვის მნიშვნელობას და იმას, თუ რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს მას. სწორედ ამ თემის იდეალური ილუსტრაციაა ტიმ ბარტონის ფილმი დიდი თევზი, რომელიც თვალწარმტაცი ვიზუალითა და ისტორიებით უპირისპირდება ღირებულებებისგან დაცლილ რეალობას. ძმებისგან (შნირი და ლეო) განსხვავებით, ამ შემთხვევაში ერთმანეთის პირისპირ მამა-შვილი, ედვარდ ბლუმი (ალბერტ ფინი / იუენ მაკგრეგორი) და უილ ბლუმი (ბილ ქრუდუფი) აღმოჩნდებიან. ედვარდი მუდამ საკუთარ გამოგონილ ისტორიებს ჰყვება. უილი კი, მას შემდეგ, რაც გაიზარდა და მათ ზღაპრებად აღარ აღიქვამს, მამის მდგომარეობას ნორმალურად ვეღარ მიიჩნევს. თუმცა, ედვარდისთვის ეს “ბრალდება” გაუგებარია, რადგან ის ამ გამოგონილ ისტორიებში ცხოვრობს და მისთვის ეს ცხოვრებაც ისეთივე რეალურია, როგორც იმ ხალხის ცხოვრება, ვისაც ამბებს უზიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ უილი სკეპტიკურადაა განწყობილი ედვარდის ისტორიების მიმართ, ჩვენ, მაყურებლები თითქოს პირველივე წუთიდან ვიჯერებთ მითიური თევზისა და იმ ადამიანების არსებობას, რომლებიც ედვარდის მონათხრობში ჩნდებიან. თითოეული პერსონაჟი, იქნება ეს ჯადოქარი, პოეტი, თუ თავად ისტორიის პროტაგონისტი, იმ მარტივ ცხოვრებისეულ სიბრძნეზე საუბრობენ, რომელიც ნებისმიერი ჩვენგანის კრედოს შეიძლება წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი კი ნაჩვენებია ბარტონისეულ ზღაპრულ სტილში და გაფორმებულია დენი ელფმანის ჯადოსნურიი საუნდტრეკით.

ცხოვრება მოგონებებისგან შედგება. მოგონებებს ისტორიები ქმნიან, ისტორიებს კი ჩვენ ვთხზავთ. ამიტომ ჩვენ, როგორც საკუთარი ისტორიების ავტორებს, სრული უფლება გვაქვს, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი თავგადასავლები ისე აღვწეროთ და მოვყვეთ, როგორც თავად გვსურს, და თუ ჩვენი წარმოსახვაც ისეთივე მდიდარი იქნება, როგორიც ედვარდ ბლუმისაა, მაშინ ისტორიები ძალიან დიდხანს იარსებებს და შევძლებთ, უკვდავებას ვეზიაროთ. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ჩვენც გადავიქცეთ ყველაზე დიდ თევზად.

Comments

comments