ჟანა მორო: როდესაც ვთამაშობ, ორი ადამიანი ვარ.

 

მე აუცილებლად ძალიან ახალგაზრდა მოვკვდები. შეიძლება სამოცდაათი წლის ვიყო, ოთხმოცის, ან ოთხმოცდაათის, მაგრამ მაინც ახალგაზრდა ვიქნები.

იყო თავისუფალი, ნიშნავს, გქონდეს შესაძლებლობა, აირჩიო – ვის ემსახურო.

წარმოუდგენელია, დამავიწყდეს ის, ვინც მიყვარდა. არასდროს მესმოდა ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ, ასე შეიძულონ ან დაივიწყონ სიყვარული. კაცი, რომელიც ერთ დროს მიყვარდა, მომავალში ძმასავით ხდება ჩემთვის.

ადამიანი ძალიან ბევრს წუხს სიბერეზე. მერწმუნეთ, რაც უფრო ნაკლებად ნერვიულობ ამაზე, მით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები.

ყველა მხატვრული ნაწარმოები ავტობიოგრაფიული ხდება, როდესაც მის ავტორს ჭეშმარიტი ტალანტი აქვს.

ვფიქრობ, რაც დრო გადის, ადამიანს მით მეტად სურს, მარტო იყოს. შეიძლება ჰყავდეს მეწყვილე, მაგრამ რა საჭიროა ერთმანეთის საფულეში ქექვა? ვერ ვხვდები, რა აუცილებელია, რომ მაინცდამაინც საერთო აბაზანა ჰქონდეთ.

ასაკის მომატება არ გიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული ნამდვილად გიცავს დაბერებისგან.

მსახიობობა ძალიან დელიკატურ ემოციებს ეხება. ეს ნიღბის მორგება კი არ არის, პირიქით, როდესაც თამაშობ, შენს თავს აშიშვლებ.

იდიოტობაა იმის მტკიცება, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არსებობს, ისევე, როგორც იმისა, რომ არსებობს.

ცხოვრება მიწის პატარა ნაკვეთზე მუშაობას ჰგავს, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ რაც შეიძლება ნაყოფიერი იყოს. როდესაც ჩემი დრო მოვა, ჩემს ნაკვეთზე ლამაზი ბაღი იქნება. ამაზე ბევრი მაქვს სამუშაო.

ჩემი ცხოვრება ძალიან საინტერესოა. რისი ნოსტალგია უნდა მქონდეს, ან რატომ? ახლა კიბის ბოლო საფეხურზე ვარ, უკან ვიხედები და ნაბიჯებს ვხედავ. ვხედავ იმას, თუ სად ვიყავი. ახლა კი აქ ვარ. ხვალ შეიძლება სხვაგან ვიყო. რისი ნოსტალგია უნდა მქონდეს? ან რატომ? მე ვარ ქალი, რომელსაც ნოსტალგიის შეგრძნება აბსოლუტურად არ გააჩნია.

იქ წასვლა არ მიყვარს, სადაც უკვე ვიყავი. ცხოვრება მრავალფეროვანი ტერიტორიების აღმოჩენაა და არ მინდა დრო დავკარგო იმაზე, რაც უკვე ვიცი.

არ უნდა ვხდებოდეთ ავად, არ უნდა ვუძლურდებოდეთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ჯანმრთელები მოვკვდეთ, ისე, როგორც სანთელი იწვის.

როდესაც ვთამაშობ, ერთდროულად ორი ადამიანი ვარ. ერთი, რომელიც ჩემსა და კამერას შორის მანძილს აკონტროლებს, რა დროსაც ვრწმუნდები, რომ ზუსტად ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო და მეორე, რომელიც შინაგანი ცეცხლით იმართება.

ყოველ ღამეს ვფიქრობ, რა გავაკეთე დღის განმავლობაში, რა შემეშალა ეთიკური ან მორალური კუთხით. კარგად მოვექეცი ადამიანებს? სიმართლე ვილაპარაკე?

ყველაფრისთვის ღია ვარ, რაც ირაციონალურია. კარს ვუხსნი ინტუიციას, იმიტომ, რომ რაციონალურობა სიკვდილის ტოლფასია.

ყოველთვის ამბიციური ვიყავი, მაგრამ მეტოქეობა არასდროს მიყვარდა.

ჟანა მოროს ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსეა, და არა ნახევრად ცარიელი.

ძალიან ინტერესიანი ვარ. კინო, თეატრი, ხელოვნება, მხატვრობა, წიგნები, მუსიკა, პეიზაჟები, ხალხის მოძრაობა ქუჩებში – ეს ჩემი სამყაროა. ყველაფერია.

სიყვარული, ტანჯვა და ბედნიერება, რომელიც ცხოვრებაში განვიცადე, ჩემს ფილმებშიც ჩანს, ეს ყველაფერი მათი ნაწილიც გახდა. როდესაც ჩემს თავს ეკრანზე ვუყურებ, მთელს ჩემს განვლილ ცხოვრებასაც ვხედავ.

წყარო: brainyquote.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

 

 

 

Comments

comments