ენტონი ჰოპკინსი: “დიდებული ცხოვრება მქონდა”

 

(ინტერვიუ ენტონი ჰოპკინსთან)

 

ერთხელ თქვით, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ემსგავსება ცხოვრება სიზმარს. ყოფილა მომენტები თქვენს ცხოვრებაში, როცა თავს რეალობისგან მოწყვეტილად გრძნობდით?

ჩემი ცხოვრების უკანასკნელი 30 წელი სულ ეს გრძნობა მაქვს. რაც ბავშვობასა და ახალგაზრდობაში მინდოდა და რაზეც მაშინ ვოცნებობდი, ამ ყველაფერს დღეს განხორციელებულს ვხედავ. 30 წელია ამ მდგომარეობაში ვარ და სულ მეფიქრება – ნუთუ, ეს რეალურია? ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წარმომედგინა.

როგორ ფიქრობთ, მსახიობებსა და რეჟისორებს განსხვავებული შინაგანი სამყარო აქვთ? ხშირად ამბობენ, რომ მსახიობები უფრო ემოციურები და მგრძნობიარეები ხართ…

ამაზე ჩემი შეხედულება მაქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ თავდაპირველად არ მჯეროდა მათი, ვინც სამსახიობო ოსტატობას ხელოვნებასთან აიგივებდა, და ყოველთვის იმ ტიპის მსახიობები მომწონდა, რომლებიც თავიანთ პროფესიას ასე ამაღლებულად არ უყურებდნენ. თუმცა, ახლა ვხვდები, რომ ესეც შემოქმედებითი პროცესია. მსახიობობაც, რეჟისორობაც და მუსიკოსობაც შემოქმედებითი საქმიანობაა. შემოქმედებითი ადამიანი რომ იყო, სულაც არაა აუცილებელი ხელოვნების სფეროს წარმოადგენდე. ასეთი ხალხი ყველგანაა, მათ შორის ბიზნესის სფეროშიც კი, და ვფიქრობ, რომ კრეატიულ ადამიანებს განსხვავებული შინაგანი სამყარო და მსოფლხედველობა აქვთ.

თუმცა ყველა მსახიობზე ამას ვერ ვიტყვით…

თუ ვიღაცას სჯერა, რომ რადგან მსახიობია, ამის გამო განსაკუთრებულია და განსაკუთრებულ ოქსიგენებს სუნთქავს, ეს ნიშნავს, რომ შარშია გახვეული. ასეთი ფიქრი გზაა ფსიქოზისკენ, და სამწუხაროდ, ამ გზას საკმაოდ ბევრი მსახიობი ადგას. მათ სჯერათ, რომ განსაკუთრებულები არიან. არადა მსახიობები რაიმე განსაკუთრებული ნიჭით არც დალოცვილები ვართ და არც დაწყევლილები.

რომელი რეჟისორებისგან ისწავლეთ ყველაზე მეტი?

ძალიან ბევრია ასეთი და ყველას მუშაობის თავისებური სტილი აქვს. მიმუშავია სტივენ სპილბერგთან, ოლივერ სტოუნთან და კიდევ სხვებთან, რომლებიც საუკეთესოები არიან. ძალიან გამიმართლა. მე როცა ვიღებ ფილმს, გავლენების ქვეშ ვარ, თუმცა, მინდა, ჩემი უნიკალური სტილი მქონდეს, დავანგრიო მთელი ეს კინოგადაღების წესები და გავაკეთო განსხვავებული ფილმი, თუნდაც მხოლოდ გასართობად.

მსახიობობა ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გეხმარებათ?

დიახ. და ვარ კიდეც ახალგაზრდა! შემოქმედებითობა და საკუთარი გონების ამ პროცესებით დაკავება საკმაოდ ჭკვიანურია… ასე რომ არ იყოს, უბრალოდ, ნელ-ნელა მოვკვდები. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან ვიღლები და ყელში ამომდის ყველაფერი, მაინც არ მინდა პენსიაზე გასვლა. ჩემი პროფესიით დიდ სიამოვნებას ვიღებ და მინდა, სადამდეც შემეძლება, იქამდე ვიმუშავო.

კინოს მიღმა როგორ ცხოვრობთ, რას აკეთებთ?

ფორტეპიანოზე ვუკრავ და ეს ჩემი სიყვარულია. ასევე, ვკითხულობ და ვხატავ. მუსიკასაც ვწერ. საკმაოდ შემოქმედებითი ცხოვრება მაქვს და იცით, რატომ? იმიტომ, რომ შეპყრობილი ვარ ხელოვნებით. ვგიჟდები ხატვაზე, არც კი ვიცი, კარგად ვხატავ თუ არა, მაგრამ მაინც ვხატავ. თან ძალიან სწრაფად. მოკლედ, ფორტეპიანოზე ვუკრავ, მუსიკას ვწერ, ვხატავ აკრილში, ბევრს ვკითხულობ, ფილმებში ვთამაშობ და ცხოვრებაც მშვენიერია.

ჩანს, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ…

ვისურვებდი, რომ ახალგაზრდობაშიც მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი, რასაც ახლა ვგრძნობ… რადგან, როდესაც ახალგაზრდა ხარ, ბევრი რამ გგონია მნიშვნელოვანი. წლების მერე კი უკან იხედები და ფიქრობ: “რა ოხრობა იყო ეს ყველაფერი?” ისიამოვნე შენი ცხოვრებით – ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი! რადგან ამ ქვეყნად არც თუ ისე დიდი ხნით ვართ.

რაც უფრო ასაკში შედიხართ, ცხოვრებისგან უფრო მეტ სიამოვნებას იღებთ?

დიახ. ფორმაში ვარ. სარკეში რომ ვიხედები, ნაოჭებს ვხედავ, მაგრამ არ მანაღვლებს. სიკვდილი ერთგვარი ხსნაცაა, ბოლოს და ბოლოს, ამ ყველაფერს მოგწყვიტავს. ცხოვრებასაც სიკვდილი ხდის ასე დიდებულს. არავინ ვიცით, სად მივდივართ და არის ამაში რაღაც სასაცილო.

ყველაფერს მიაღწიეთ, რაც გინდოდათ?

ყველაფერს. ყოველთვის ძალიან იღბლიანი ვიყავი. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა და დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ ადამიანმა ყოველთვის უნდა გააგრძელო გზა. დიდებული ცხოვრება მქონდა და ამისთვის ნამდვილად მადლობელი ვარ.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments