ჯეიმს ფრანკოს “Disaster Artist” სან-სებასტიანის კინოფესტივალის გამარჯვებულია

მსახიობისა და რეჟისორის, ჯეიმს ფრანკოს კომედია-დრამამ The Disaster Artist გასულ უიქენდზე ესპანური სან-სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს ნიჟარა მოიპოვა. ჟიურის თავმჯდომარე ჯონ მალკოვიჩი იყო.

იმავე სახელწოდების დოკუმენტურ ქრონიკებზე დაფუძნებული ამბავი ტომი ვიშიუს საკულტო ფილმის (რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც თავადაა), The Roomის გადაღების პერიპეტიებზე მოგვითხრობს.

“ამ ფილმმა ძლიერ იმოქმედა ჩემზე — ეს არის ამბავი შეშლილ კაცზე, რომელიც ასეთ მდგომარეობაშიც ახერხებს ყველას ინსპირირებას” — განაცხადა ჯეიმს ფრანკომ პრიზის მიღებისას. იგი ფილმში თავის ძმასთან, დეივთან ერთად თამაშობს.

ვერცხლის ნიჟარა რეჟისურაში გადაეცა ანაჰი ბერნერის (არგენტინული Alanis-ისთვის), რომელიც ფესტივალის 65-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველი ქალი რეჟისორია. საუკეთესო მსახიობი ამავე ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი სოფია გალა გახდა, ხოლო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის რუმინულ ფილმში Pororoca პრიზი ბოგდან დუმიტრაჩემ დაიმსახურა.

გამარჯვებულთა სია:

  • საუკეთესო ფილმი – ჯეიმს ფრანკოს The Disaster Artist
  • საუკეთესო რეჟისორი – Anahí Bernerí, Alanis
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – სოფია გალა, Alanis
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ბოგდან დუმიტრაჩე, Pororoca
  • ფოტოგრაფია – ფლორიან ბალჰაუსი, The Captain
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – ჯონ გარანოსა და აიტორ არეგის Handia
  • სცენარი – დიეგო ლერმანის და მარია მეირას Una Especie de Familia
  • მაყურებელთა რჩეული – მარტინ მაკდონაჰის Three Billboards Outside Ebbing, Missouri
  • მაყურებელთა რჩეული ევროპული ფილმი – ხავიერ ლეგრანდის Jusqu’á La Garde
  • ბასკური ფილმი – ჯონ გარანოსა და აიტორ არეგის Handia

Comments

comments