თბილისის კინოფესტივალის ფოკუს ქვეყანა წელს უნგრეთია

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი სტარტს 4 დეკემბერს იღებს. წელს ფოკუს ქვეყანა კი უნგრეთია. სექციაში “ქვეყანა ფოკუსში” ბოლო წლებში გადაღებული 14 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი უნგრული ფილმია წარმოდგენილი.

უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და ნაციონალური კინოფონდის, საქართველოში უნგრეთის საელჩოს თანადგომით გამართულ ამ სექციაში, მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა თვალი გადაავლოს უნგრულ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და თავად შეაფასოს უახლესი უნგრული კინო. იქნება ეს უკვე აღიარებული რეჟისორების ნამუშევრები თუ გამორჩეულად დასამახსოვრებელი დებიუტები, ბერლინის, კანის თუ სხვა საერთაშორისო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმები.

ფესტივალს რამოდენიმე სტუმარი ეწვევა უნგრეთიდან, რეჟისორები: როლანდ ვრანიკი (ფილმი “მოქალაქე”) და გაბორ როჰონი (ფილმი “ბრაზილიელები”), ოპერატორი რობერტ მალი (ფილმი “იმღერე”), პროდიუსერები: მონიკა მესი და ერნო მესტერჰაზი (“სულისა და სხეულის შესახებ”), სცენარისტი გაბორ ტ.სანტო (“1945”). კინომცოდნე ბალაშ ვარგა კი, უნგრულ კინოინდუსტრიაზე ჩაატარებს პრეზენტაციას.

ამას გარდა, ფესტივალს ეწვევა ცნობილი უნგრელი რეჟისორი კორნელ მუნდრუცო, რომლის ფილმი “იუპიტერის მთვარე” (მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძეც დაესწრება ფესტივალს) წელს კანის საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას.

მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი სექციაში “ქვეყანა ფოკუსში” წარმოგიდგენთ:

“საიქიო” (“Afterlife”, 2014)

მას შემდეგ, რაც ფილმის გმირს მოზესს, თავისი ახლადგარდაცვლილი მკაცრი მამის აჩრდილი ეცხადება, მშიშარა და მერყევი ახალგაზრდა კაცი იძულებულია, ყველაფერს თვითონ გაუმკლავდეს: მან ბოლოსდაბოლოს უნდა მოაგვაროს მამასთან ურთიერთობა.

ვირაგ ზომბორაცის შთამბეჭდავი დებიუტი ჟანრების შესანიშნავი ნაზავია, სადაც გროტესკის ზღვარზე მყოფი იუმორისტული ეპიზოდები დრამის ელემენტებითაა გაჯერებული. ვირაგ ზომბორაცი რამოდენიმე მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული და ექსპერიმენტული, დოკუმენტური ფილმებისა და ვიდეო არტ ნამუშევრების სცენარის ავტორი და რეჟისორია.

“მოქალაქე” (“The Citizen”, 2016)

ფილმი “მოქალაქე” თანამედროვე ბუდაპეშტში მცხოვრებ სამ ადამიანზე გვიყვება და მთელს აქცენტს, ამბავსა და მსახიობებზე აკეთებს. იუმორისტული ელემენტებით გაჯერებული დრამა სიყვარულსა და დევნილობაზე, ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე უყვება მაყურებელს.

როლანდ ვრანიკის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს “შავი ფუნჯი” უნგრული კინოს კვირეულზე საუკეთესო ფილმის, საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო პროდიუსერისთვის ჯილდოები აქვს მიღებული.

“იუპიტერის მთვარე” (“Jupiter‘s Moon”, 2017)

შიშით შეპყრობილ და შოკში ჩავარდნილ დაჭრილ არიანს ახლა უკვე ჰაერში აწევა საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია. დევნილთა ბანაკში მოხვედრილი არიანი ცინიკოს ექიმ შტერნს გამოყავს იმ განზრახვით, რომ მისი უჩვეულო საიდუმლოს შესახებ მეტის შეტყობა შეძლოს. ბანაკიდან გამოქცეულებს დირექტორი – ლასლო დაედევნება. ისინი გარბიან თავშესაფრის და ფულის ძიებაში.

კორნელ მუნდრუცო უნგრელი სცენარისტი, კინოს და თეატრის რეჟისორი, Proton Cinema-ს და Proton Theatre-ს დამფუძნებელია. “იუპიტერის მთვარე” მისი მეხუთე ფილმია, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. მანამდე მან წარადგინა ფილმები: “იოჰანა”, “დელტა”, “მორჩილი ვაჟი” და “თეთრი ღმერთი”. ამ უკანასკნელმა ფილმმა, 2014 წელს კანში სექციაში “განსაკუთრებული ხედვისთვის” მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

“სუფთა გულით” (“Kills on Wheels”, 2016)

სავარძელს მიჯაჭვული 20 წლის ზოლი, მისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეგობარი და ყოფილი მეხანძრე, რომელიც, ასევე, სავარძელსაა მიჯაჭვული, მაფიას საკუთარ მომსახურებას სთავაზობენ, დაქირავებული მკვლელების ბანდის რანგში. მაგრამ, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე, სინამდვილე ოდნავ უფრო პროზაულია…

თავის მეტისმეტად ორიგინალურ, სიმძაფრით გაჯერებულ კომედიაში, უნგრელი რეჟისორი, ატილა ტილი, ერთმანეთთან ოსტატურად აკავშირებს სინამდვილესა და ფანტაზიას, როდესაც მსუბუქ გამოცდას უწყობს საზოგადოებისგან გარიყულ პერსონაჟებს. საინტერესოა, რომ ატილა ტილის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “პანიკის” პრემიერა 2008 წელს, უნგრული კინოს კვირეულზე შედგა, სადაც ფილმმა საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა და მას შემდეგ რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს. “სუფთა გულით” კი, რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია, რომელსაც პრიზები აქვს მიღებული: ქაიროს, ჩიკაგოს, კოტბუსის, სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

“ქარიშხლების მხარეში” (“Land of Storms”, 2014)

ჩვენი “მე”-ს ძიებას უცნობი ტერიტორიებისკენ მივყავართ – ყველაფერი იმისგან შორს, რაც ნაცნობია. საბოლჩი გერმანულ ფეხბურთის გუნდში ბერნარდთან ერთად თამაშობს. ისინი ერთ ოთახში ცხოვრობენ და საუკეთესო, განუყრელი მეგობრები არიან. თუმცა, წაგებული მატჩი და უსიამოვნო სიტუაცია საბოლჩს ცხოვრების გადასინჯვისკენ და უნგრეთში დაბრუნებისკენ უბიძგებს.

ადამ ჩასის პირველმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა “შვიდი დღე” და “მკრთალი დღეები” უნგრეთის კინოკვირეულზე ჯილდოები: საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის და კრიტიკოსების პრიზი დაიმსახურა. ფილმი “ქარიშხლების მხარეში” მრავალ ფესტივალზე იყო ნომინირებული და ტაიბეის კინოფესტივალზე, სექციაში “ახალი ტალანტები” მთავარი პრიზი აიღო.

“იასამნისფერი ბილიკი” (“Lily Lane”, 2016)

“იასამნისფერი ბილიკის” გმირები რებეკა და მისი უმცროსი შვილი – დენი არიან. დედა-შვილს შორის ურთიერთობა სხვადასხვა ამბავთან და ფანტაზიასთანაა დაკავშირებული და მაყურებელს, ბოლომდე ჩართულს ტოვებს მისტიკურად მოყოლილ ამბავში.

ბენედეკ ფლიგაუფმა 2007 წელს ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმისთვის “რძიანი გზა” “ოქროს ლეოპარდი” დაიმსახურა. 2012 წელს კი, ბელინალეზე მან “ვერცხლის დათვი” მოიპოვა ფილმისთვის “უბრალოდ, ქარი”. “იასამნისფერი ბილიკი” კი ლეჩესა და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორია.

“ლიზა, მელაკუდა” (“Liza, the Fox-Fairy”, 2015 )

იაპონურ ფოლკლორში ფერია მელაკუდები ბოროტი სულები არიან, რომლებიც მამაკაცებს კლავენ. 30 წლის მედდა ლიზა სიყვარულს ეძებს, მაგრამ მისი უიღბლო თაყვანისმცემლები პაემანის პირველსავე დღეს იღუპებიან. უკანასკნელი 12 წლის მანძილზე, ლიზა ზრუნავს იაპონიის ყოფილი ელჩის ქვრივ მარტაზე. მაგრამ ერთხელაც, მის არყოფნაში მარტა იღუპება. ეჭვიანი ნათესავები კი ლიზას შესახებ პოლიციას აცნობებენ და სწორედ აქედან, ლიზასა და სერჟანტ ზოლტანის საინტერესო ურთიერთობა იწყება.

კაროი უი მესაროშმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღო, რომელთაც პრიზი აქვს აღებული ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე გადაღებული აქვს 200-ზე მეტი რეკლამა და არაერთი თეატრალური დადგმა აქვს განხორციელებული. მისი ბოლო ფილმი “ლიზა, მელაკუდა” უნგრეთში ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმია.

“სულისა და სხეულის შესახებ” (“On Body and Soul”, 2017)

კომპანიაში რუტინული ინტერვიუს დროს, ფსიქოლოგი აღმოაჩენს, რომ მარიას და ენდრეს ერთნაირი პერიოდული სიზმრები აქვთ. ისინი გაოცებული არიან, რადგან ამ ორმა ინტროვერტმა ადამიანმა არაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. მეორე დღეს ისევ ამოწმებენ და მათ ისევ ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრათ წინა ღამეს. ისინი ისევ და ისევ ადარებენ საკუთარ სიზმრებს და თანდათან ცხადი ხდება, რომ ერთმანეთს საერთო სივრცეში ხვდებიან: მშვიდ, თოვლიან ტყეში, სადაც ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან და ერთმანეთს, ნაზად ეტრფიან.

ფილმის რეჟისორმა ილდიკო ენიედიმ კარიერა დაიწყო როგორც კონცეპტუალურმა და მედია არტისტმა. 1999 წელს გადაღებულმა მისმა მხატვრულმა ფილმმა “სიმონ მოგვი” ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, ხოლო ფილმმა “ტამაში და იული” (1997) ბელფორტის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. “სულისა და სხეულის შესახებ”, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს “ოქროს დათვის” მფლობელია. ფილმმა, ასევე გაიმარჯვა “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

“სავლეს ვაჟი” (“Son of Saul”, 2015)

სავლე აუსლენდერი ებრაელ ტყვეთა ჯგუფის, ზონდერკომანდოს უნგრელი წევრია, რომელიც ჩამოცილებულია ბანაკს და იძულებულია, ნაცისტებთან ერთად, მასშტაბური განადგურების პროცესში ჩაებას. ერთ-ერთ კრემატორიუმში მუშაობისას, ის ახალგაზრდა ბიჭის სხეულს აღმოაჩენს, რომელიც საკუთარ ვაჟს აგონებს. ის არჩევანის წინაშე დგება: მონაწილეობა მიიღოს პატიმრების მიერ დაგეგმილ საიდუმლო ამბოხში თუ ბავშვისთვის შესაფერისი ებრაული დაკრძალვა უზრუნველყოს.

ლასლო ნემეში უნგრელი რეჟისორი და სცენარისტია. მისი 2015 წლის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “სავლეს ვაჟი” კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე იყო წარდგენილი, სადაც ფილმმა გრან-პრი მოიპოვა. ნემეში პირველი უნგრელი რეჟისორია, რომლის ფილმმაც ოქროს გლობუსი დაიმსახურა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა. “სავლეს ვაჟი” მეორე უნგრული ფილმია, რომელმაც კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მიიღო.

“1945” (2017)


1945 წლის აგვისტოს პაპანაქებაში სოფლის მცხოვრებლები ქალაქის საბჭოს ჩინოვნიკის შვილის ქორწილისთვის ემზადებიან. ამასობაში, ორი ორთოდოქსი ებრაელი ჩადის სოფლის მატარებლის სადგურზე, რომელთაც თან აქვთ იდუმალებით მოცული ყუთები, წარწერით: “სურნელები”. სოფლის ჩინოვნიკი შიშობს, რომ ეს კაცები შეიძლება სოფლიდან გაძევებული ებრაელების შთამომავლები იყვნენ და ფიქრობს, რომ ისინი წინაპრებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგეს.

ფერენც ტიოროკი დაიბადა ბუდაპეშტში. 2007 წლიდან ევროპული კინოაკადემიის წევრია. 2008 წელს დააჯილდოვეს ბელა ბალაჟის სახელობის პრემიით, უნგრული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მოკლემეტრაჟიანი ფილმები:

“აღსრულება” (“The Execution”, 2014)

1990 წელი, რუმინეთი. სამი ბავშვი ჩაუშესკუს სიკვდილით დასჯას დგამენ. ვინ იქნება მსხვერპლი?

ფილმის რეჟისორი პეტრა სოჩი კლუჟში (რუმინეთი) დაიბადა. ბუდაპეშტის ლორანდ ეტვიოშის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა გერმანისტიკას, ხოლო უნგრეთის დრამისა და კინოხელოვნების აკადემიაში – სცენარისტის პროფესიას ეუფლებოდა. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები ნაჩვენები იყო უნგრეთის კინოს კვირეულზე, ტრიესტეს და ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

 

“ჩემი მეგზური” (“My Guide”, 2013)

ბარნაბას თოთის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „ჩემი მეგზური” გმირები მოხუცი წყვილია. მოხუცი წყვილი საცობში. ცოლი ჭორაობს, იმუქრება, აკონტროლებს ვითარებას. ის ხომ ამავე დროს პოლიციელიცაა. ქმარი კი მუდმივად წუწუნებს და წონასწორობას კარგავს ხოლმე. მართალია, ისინი ასე ცხოვრობენ, მაგრამ ცხოვრება ხომ მუდმივად სიურპრიზებითაა სავსე…

“იმღერე” (“Sing”, 2016)

სოფი ცდილობს თავის ახალ სკოლას შეეგუოს. ის სკოლის ცნობილ გუნდში მღერის და ეს, მისი ერთადერთი ნუგეშია. მაგრამ გუნდის ხელმძღვანელი არც ისეთი სანიმუშო მასწავლებელი აღმოჩნდება. ამიტომ, სოფის და მის ახალ მეგობარ ლიზას მისთვის ჭკუის სწავლება მოუწევთ.

კრიშტოფ დეაკის ამ მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა კრიტიკის მაღალი შეფასება და 2017 წლის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა.

 

“42-ე სიმფონია” (“Symphony No. 42”, 2014)

“42-ე სიმფონიაში” გამოყენებულია არაკონვენციური თხრობა. მასში წარმოდგენილია სუბიექტური სამყარო 47 სცენის საშუალებით. პატარა მოვლენები ასოციაციურად უკავშირდება ერთმანეთს და ჩვენი გარემოს ირაციონალურ თანმიმდევრულობას გამოხატავს.

რიკა ბუჩის მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ნამუშევარი “42-ე სიმფონია” აკადემიის 87-ე დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი. ფილმს მიღებული აქვს პრიზები: ჩიკაგოს, ჰიროსიმას, ჰონგ-კონგის, მელბურნის და ლისაბონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

წყარო

Comments

comments