ტორონტოს წლევანდელ კინოფესტივალზე ქალები ლიდერობენ

ტორონტოში მიმდინარე კინოფესტივალის პირველი ვიქენდიდან ცხადი გახდა, რომ წლევანდელი TIFF-ის (ტორონტის საერთაშორისო კინოფესტივალის) ტრიუმფატორები ქალები არიან.

ფესტივალში მონაწილე ფილმების ერთი მესამედი ქალების მიერაა გადაღებული, მაგ. გრეტა გერვიგის Lady Bird, ლინ შელტონის Outside In, ვალერი ფერისის (ჯონათან დეიტონთან ერთად) Battle of the Sexes (“სქესთა ბრძოლა“), სუზანა უაიტის Woman Walks Ahead, ჰაიფა ალ-მანსურის Mary Shelley, ქლოე ზაოს The Rider, კლიო ბარნარდის Dark River და ნორა ტუომის The Breadwinner.

წარმატებული წელია ტორონტოს ფესტივალის მონაწილე მსახიობი ქალებისთვისაც: საუკეთესო მსახიობებში ქალები ლიდერობენ და დიდი შანსია, ოსკარზე ქალი მსახიობის ნომინაციაზე გაცილებით დიდი და ღირსეული კონკურენცია ვიხილოთ (ცნობილია, რომ ტორონტოს ფესტივალის გამარჯვებულები ხშირად აღწევენ ოსკარებზე წარმატებას), ვიდრე მამაკაცი მსახიობის ნომინაციაზე.

ფესტივალის დებიუტანტ მსახიობებში ყურადღება დაიმსახურა სიორშა რონანმა (Lady Bird) ბობოქარი, უხეში თინეიჯერის როლით. მოწოდების სიმაღლეზეა ჯესიკა ჩესტეინი, რომელიც აარონ სორკინის Molly’s Game-ში ასრულებს მთავარ როლს და ასევე თამაშობს ფილმ Woman Walks Ahead-ში (“ქალი წინ მიიწევს”) — ეპოქალურ დრამაში, რომლის სათაურიც, შეიძლება ითქვას, ტორონტოს წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა. არ უნდა დავივიწყოთ ჯენიფერ ლოურენსიც, დარენ არანოვსკის ჰორორში დედა! და ბრწყინვალე ჯუდი დენჩი, რომელმაც სტიფენ ფეარსის “ვიქტორიასა და აბდულის” პრემიერაზე თავად უელსის პრინცესას ოვაციები დაიმსახურა. იგი ამ ფილმში ხანშიშესულ, მარტოხელა დედოფალ ვიქტორიას თამაშობს. აღსანიშნავია ემა ტომპსონი რიჩარდ ეირის The Children Act-ში და ჰელენ მირენი, რომელიც დონალდ საზერლენდის პარტნიორია პაოლო ვირზის ფილმში The Leisure Seeker.

გამორჩეულია მარგო რობის მიერ შესრულებული ტონია ჰარდინგი ფილმში “მე, ტონია” და მისი პარტნიორი ელისონ ჯენი. ოსკაროსანი ემა სტოუნი სახელგანთქმულ სპორტსმენს, ჩოგბურთელ ბილი ჯინ კინგსს განასახიერებს ფილმში “სქესთა ბრძოლა”. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა რეიჩელ მაკადამსისა და რეიჩელ ვაისზის თამაშმა სებასტიან ლელიოს Disobedience-ში. ამავე რეჟისორის მიერ გადაღებულ მეორე საკონკურსო ფილმში — A Fantastic Woman — ტრანსგენდერი მსახიობი ქალი დანიელა ვეგა თამაშობს.

მარგო რობი ტონია ჰარდინგის როლში

ფესტივალის მონაწილეები არიან ასევე ედი ფალკო (Outside In), ჯულიან ნიკოლსონი (Who We Are Now) და რუთ უილსონი (Dark River).

და ბოლოს, შვიდი წლის ბრუკლინ პრინცი — შონ ბარკერის საგულისხმო და საინტერესო ნამუშევარში The Florida Project.

ორშაბათს (11.09) ნაჩვენები იქნება ანჯელინა ჯოლის ფილმი First They Killed My Father, სკოტ კუპერის Hostiles და ჯო რაიტის Darkest Hour, რომელშიც გარი ოლდმანი უინსტონ ჩერჩილის როლს ასრულებს. ტორონტოს კინოფესტივალზე მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც ფილმებს, რომლებიც პრემიერაც სხვა ფესტივალებზე შედგა, TIFF-ის გახსნის უიკენდზე არ უშვებენ, ამრიგად წლის ძირითადი ახალი ფილმების ჩვენება ორშაბათიდან დაიწყება. ფესტივალის პირველმა ვიქენდმა კი დანამდვილებით ჯერჯერობით ის გვიჩვენა, რომ წელს მამაკაცებს დამსახურება ქალი-საოცრებების მთელი არმიის ფონზე უკან ინაცვლებს.

Comments

comments