ვენეციის რიგით 74-ე კინოფესტივალი დაიწყო!

30 აგვისტოს სტარტი აიღო ვენეციის კინოფესტივალმა, რომელიც 9 სექტემბრამდე გასტანს. კინომოყვარულებისთვის და ზოგადად, მთელი კინოინდუსტრიისთვის ეს ის თარიღია, როდესაც საფესტივალო მარათონი ძალების მოკრებას იწყებს და მომდევნო ექვსი თვის მანძილზე სხვადასხვა დაჯილდოებებით იქნება დატვირთული, რაც ოსკარის ცერემონიით დაგვირგვინდება.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ფილმებმა: ბერდმენი, ყურადღების ცენტრში და ლა ლა ლენდი სწორედ ამ ფესტივალზე გამართული პრემიერით დაიწყეს შთამბეჭდავი მოგზაურობა.

წლევანდელი ჟიურის პრეზიდენტი გახლავთ ანეტ ბენინგი, პირველი ქალი პრეზიდენტი კატრინ დენევის (2006 წელს) შემდგომ. ფესტივალმა კრიტიკა უკვე დაიმსახურა: მთავარი პრიზის მოპოვებისთვის წარდგენილი 21 ფილმიდან, მხოლოდ ერთი მათგანია ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული. არ დამითვლია რამდენი ფილმი გადაიღეს ქალებმა, ამ კუთხით არ მივდგომივარ ფილმებს. როგორც ქალი, ჩვენ უნდა ვიყოთ მკვეთრი, გამჭრიახი და კრეატიული იმ საქმეში, რის გაკეთებასაც ვირჩევთ. სექსიზმი არსებობს და ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ რაღაცები იცვლება, – განაცხადა ბენინგმა პირველი დღის პრესკონფერენციაზე.

ფესტივალი გახსნა ალექსანდრ პეინის დრამამ – Downsizing, სადაც მთავარ როლებს კრისტენ ვიგი და მეთ დეიმონი ასრულებენ. მომდევნო დღეებში შედგება შემდეგი მნიშვნელოვანი ფილმების პრემიერები: Human Flow (Ai Weiwei), Lean on Pete (Andrew Haigh), Mother! (Darren Aronofsky), The Shape of Water (Guillermo Del Toro), Suburbicon (George Clooney), The Third Murder (Koreeda Hirokazu).

 

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments