გაცოცხლებული წინასწარმეტყველი-ფანტასტები

ავტორი: გიორგი კარანაძე

 

მჯერა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც კაცობრიობას აერთიანებს. პრობლემები, რომლებიც წამოჭრილია ფანტასტიკაში, გადმოდის კაცობრიობის განვითარებაშიც… მწერალი ფანტასტები, მკითხველები და თავად ჟანრი კაცობრიობას ემსახურება, – წერდა ფანტასტი მწერალი და ვიზიონერი აიზეკ აზიმოვი.

ფანტასტიკა ლიტერატურასა და კინოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. ტოპ 50 ფილმიდანაც კი 20 ფანტასტიკაა. ადამიანი, რომელიც ევოლუციის ყველაზე მაღალ საფეხურზე იმყოფება და ურთულეს ტექნოლოგიებს ქმნის, ჯერ კიდევ უძლურია, იწინასწარმეტყველოს მომავალი. თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, მომავლის ქვეცნობიერმა შიშმა ვერ დაძლია იმის ინტერესი, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ, როგორ განვითარდება კაცობრიობა. დროთა განმავლობაში შამანები თუ ასტროლოგები ჩაანაცვლეს მწერლებმა, რომლებიც გაცილებით უკეთ ჰყვებოდნენ არარსებული მომავლის შესახებ. ფანტასტიკის ნიშნები ჯერ კიდევ ანტიკურ ლიტერატურაში გვხვდება, ხოლო როგორც ლიტერატურული ჟანრი XIX საუკუნეში ვითარდება – ეს არის დრო, როდესაც ხელით მუშაობას მანქანებით წარმოება ანაცვლებს და სამეცნიერო ფანტასტიკა მომავლის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყარო ხდება.

დოკუმენტური სერიალი წინასწარმეტყველი-ფანტასტები გვიყვება იმ მწერლების შესახებ, რომლებმაც შეძლეს და თავიანთ ნაწარმოებებში დროს გაუსწრეს. მათ მომავლის შესახებ ისეთი აღმოჩენები გააკეთეს, რამაც გარკვეულწილად ჩვენი აწმყო და მომავალიც განსაზღვრა.

სერიალის პროდიუსერი საკულტო რეჟისორი რიდლი სკოტია. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ თანამედროვე პოპულარულ კულტურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმები აქტუალურია. სკოტის ფილმოგრაფიაში უცხოსა და დანის პირზე მორბენალს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ბრიტანელი რეჟისორი ერთ-ერთ სერიაში მთავარ მთხრობელადაც გვევლინება.

წინასწარმეტყველი-ფანტასტების პირველ სეზონში რვა სერიაა და თითოეული ერთ კონკრეტულ მწერალს ეძღვნება. სერიალი იწყება ფრანკენშტეინის ავტორის, მერი შელის (1797-1851) ისტორიით, ხოლო ბოლო სერია ამერიკელ სცენარისტზე და ვარსკვლავური ომების რეჟისორზე, ჯორჯ ლუკასზეა (დაიბადა 1944 წელს). სერიალის თხრობა ქრონოლოგიურად მიჰყვება ბიოგრაფიას და მთავარი ნაწარმოებების გარდა, გვიამბობს იმ უცნობი ფაქტების შესახებ, რომლებმაც ავტორებსა და მათ ნამუშევრებზე გავლენა მოახდინა. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ მერი შელისთვის პირადი ტრაგედიის (დედისა და შვილის დაღუპვა) გამო გახდა აქტუალური გარდაცვალების შემდეგ ადამიანების დაბრუნების საკითხი, რის საფუძველზეც შეიქმნა ფრანკენშტეინი, მკვდარი არსება, რომელიც ელექტროობის დახმარებით გაცოცხლდა.

საინტერესო ფაქტს ვიგებთ არტურ კლარკის ცხოვრებიდანაც. როდესაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ საიდუმლო რადარს ყარაულობდა, სწორედ მასზე დაკვირვებით გაუჩნდა სატელიტის იდეა, რამაც საბოლოოდ სატელიტურ რადიო-გადამცემებამდე, ტელევიზიასა და ინტერნეტამდე მიგვიყვანა .

სერიებში მოყვანილია ცნობები პირადი არქივებიდან, ჩანაწერებიდან თუ ინტერვიუებიდან. პირადი ბიოგრაფები და თანამედროვე მეცნიერები ერთობლივად ცდილობენ, წარმოაჩინონ ავტორისა და მისი ნამუშევრების სრული სურათი. რეჟისორები აცოცხლებენ იმ პერიოდს, რომელზეც საუბრობენ. წიგნების გარდა, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ეკრანიზაციებისთვის თვალის მიდევნებაც, რადგან ხშირად ეს ორი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. დოკუმენტური სერიების მთავარი მწარმოებელი არხი Discovery Science Channel-ია, შესაბამისად, სერიალს არც ვიზუალურად აკლია საინტერესო მასალები.

გარდა ზემოთჩამოთვლილისა, სერიალში განხილულია ის აღმოჩენები და იდეები, რომლებიც ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ არ განხორციელებულა. ეს არის მომავალი, სადაც ტექნიკის გაიაფებასთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა მანქანები გვეყოლება, აი, ისეთები, ჟიულ ვერნიმ რომ აღწერა კაპიტან ნემოს ისტორიაში, მომავალი, რომელიც კოსმოსურ მოგზაურობას ჩვენს ყოველდღიურობად აქცევს და ისეთ თავგადასავლებს გვპირდება, როგორზეც “დიდებული სამეული” – არტურ კლარკი, რობერტ ჰაინლაინი და აიზეკ აზიმოვი მოგვითხრობდნენ – მწერლები, ვინც თავიანთი ნაშრომებით ათასობით მეცნიერს შთააგონეს ახალი იდეები.

არასდროს დაგვავიწყდეს, რომ მომავალი იწყება ფანტაზიის პატარა ნაპერწკლით, რომელიც თავიდან ყოველთვის კრიტიკისა და განხილვის საგანი ხდება. მერე კი მეცნიერების შთაგონებას ახერხებს…

Comments

comments