10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვუყუროთ სერიალს “წყეული სამყაროს დასასრული”

The End of the F***ing World  ანუ წყეული სამყაროს დასასრული Netflix-ის უკანასკნელი ჰიტია. ჩარლზ ფორსმანის ამავე სახელწოდების კომიქსის ბრიტანული ადაპტაცია თავდაპირველად  Channel 4-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი ტელეკომპანიამ ექსკლუზიური საერთაშორისო დისტრიბუციის უფლება Netflix-ს მიჰყიდა. პროექტი ორივე კომპანიისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, რადგან კრიტიკოსებისგანაც დადებითი შეფასება მიიღო და მაყურებლისგანაც.

თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ მინისერიალს და მის გმირებს, ჯეიმსს და ალისას – სახლიდან გაქცეულ კრიმინალ თინეიჯერებს, გირჩევთ, გამოასწოროთ, მით უმეტეს, 1 სეზონისა და 8 სერიისგან შემდგარი მინისერიალის ყურება დიდ დროს ნამდვილად არ წაგართმევთ, ემოციების კასკადს კი ნამდვილად დაგიტოვებთ.

მთავარი სიუჟეტური ხაზი ორი უცნაური ადამიანის შეხვედრასა და მათ დაუჯერებელ თავგადასავლებზე გადის. ჯეიმსი დარწმუნებულია, რომ სოციოპათია და ალისას მოკვლას გეგმავს, ალისას კი უბრალოდ საკუთარი უსიხარულო ცხოვრებისგან გაქცევა სურს. მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება…

იმაში დასარწმუნებლად, რომ ამ სერიალის ყურება ნამდვილად ღირს, ჩვენ შევკრიბეთ 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი და გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა მათთვის, ვისაც დიდი ხანია დაავიწყდა, რა არის მძაფრი გრძნობები, ან ფიქრობს, რომ მათ გარეშე ცხოვრება ცარიელია.

1. შავი იუმორი

წყეული სამყაროს დასასრული ჟანრობრივად მრავალფეროვანია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც შავი კომედიაა. მიუხედავად იმისა, რომ სერიების შინაარსი პირქუშია, ყოველ მათგანში დიდი დოზითაა იუმორი და სარკაზმი. ხან სიტუაციების აბსურდულობა გაგაცინებთ, ხანაც – ეკლიანი თვითირონია.

2. ბრწყინვალე ტანდემი

ალისა და ჯეიმსი მძიმე ბავშვობის მქონე თინეიჯერები არიან. ერთი შეხედვით ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ – ესაა სიცარიელის შეგრძნება და ბრაზი სამყაროს მიმართ. კომიქსის პერსონაჟთა ხასიათი კარგადაა შენარჩუნებული სერიალშიც. ჯესიკა ბარდენი (ალისა) და ალექს ლოუთერი (ჯეიმსი) მართლაც დაუვიწყარ წყვილს ქმნიან. ნებისმიერ შემთხვევაში შეგიყვარდებათ ისინი, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ბავშვები არიან.

3. მოკლე სერიები

ჩარლზ ფორსმანის წყეული სამყაროს დასასრულის კომიქსი რვაგვერდიანი მინიკომიქსების სერიებად იბეჭდებოდა, სწორედ ამიტომ, სერიალის ეპიზოდებიც მოკლედ (19-დან 22 წუთამდე) მოგვითხრობენ ამბავს, მაგრამ არცერთი ოდნავაც კი არ ტოვებს არასრულობის განცდას. ბევრია ისეთი სერიალი, რომლის ბოლომდე ნახვასაც ერთი საღამო ეყოფა და გასაოცარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ?

4. თინეიჯერული პრობლემები

წყეული სამყაროს დასასრული ჭეშმარიტად coming-of-age ამბავია, მაგრამ ძალიან უჩვეულო. ფოკუსი თინეიჯერულ პრობლემებზე  რთული გამოწვევების კუთხით კეთდება. თითოეულმა პერსონაჟმა გრძელი გზა უნდა გაიაროს ემპათიის სასწავლად, საკუთარი თავისა და სამყაროს მისაღებად.

5. ჩამთრევი სიუჟეტი

სერიალი პირველივე წუთებიდან ახერხებს მაყურებლის ჩათრევას – გულდახურული და გაბოროტებული ბავშვები, დესტრუქციული ქცევა, კრიმინალისკენ მიდრეკილება. როგორც კომიქსში, ასევე ფილმში სიუჟეტი საოცრად დაძაბულია და მისთვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელია.

6. საიდუმლოება და გამოძიება

ჯეიმსი და ალისა მალე იქცევიან ძებნილებად. მათ კვალში გონებამახვილი დეტექტივი ჩაუდგება (მის როლს სამეფო კარის თამაშების იარა გრეიჯოი – გემა ველანი ასრულებს), რომელიც თინეიჯერების კრიმინალური ქცევის მიღმა მათ წარსულს ხედავს და ცდილობს, რეალური მოტივები შეიტყოს. ამბის გამოძიება სერიალის ერთ-ერთი უდავო ღირსებაა.

7. პერსონაჟის თვალსა და ხელს შუა ზრდა

ერთ-ერთი მთავარი, რაც წყეული სამყაროს აღსასრულს  მიმზიდველს ხდის, ეს პერსონაჟების რეალურობაა. იმის ჩვენება, რომ ადამიანებს არ ვიცნობთ და მათგან შეიძლება ნებისმიერ მოულოდნელობას ველოდეთ. გარდა ამისა, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახავია ის, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება პერსონაჟი.

8. უცნაური სიყვარული

ნებისმიერ ძლიერ სიუჟეტში, რომელიც პუბერტატის ასაკის ადამიანებზეა, სექსუალური გამოცდილების ჩვენება მოსალოდნელია, მაგრამ წყეული სამყაროს აღსასრულში ნამდვილად არა. ჯეიმსის თანდაყოლილი ანტიპათია ადამიანების მიმართ წყვილს შორის ურთიერთობას განსაკუთრებულ დინამიკას ანიჭებს. მათ შორის თანდათანობით გამბული ძაფები და ადამიანობის გაღვიძება ერთდროულად საოცარი სანახავია.

9. შოკისმომგვრელი მომენტები

ვერავინ მოითხოვს სერიალისგან, რომ ყველა ეპიზოდი დაძაბულად დამთავრდეს, მაგრამ წყეული სამყაროს დასასრულს ეს პრობლემა არ აქვს. ეპიზოდების დასაწყისიც და დასასრულიც ახალ თავსატეხს აჩენს და მხოლოდ ფლეშბექებით ვიგებთ, რა მოხდა.

10. გამორჩეული ისტორია

წყეული სამყაროს აღსასრული არაფერია, თუ არა ჟანრულად მრავალფეროვანი უნიკალური ისტორია, რომელიც პარალელურად მწარე სიმართლეს გვიჩვენებს ადამიანებსა და ურთიერთობებზე. იუმორისა და ძალადობის უცნაური შერწყმა, რაც ჭეშმარიტად ინდი-კომიქსის შემქმნელი ავტორის მახასიათებელი სტილია, ამბავს სხვებისგან მკვეთრად გამოარჩევს და ამიტომ ძნელია მისი რომელიმე კონკრეტული ჟანრისთვის მიკუთვნება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ღირს ერთი საღამოს გამონახვა და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი წყვილის – ჯეიმსისა და ალისას თანამგზავრობა ამ წყეულ სამყაროში.

Comments

comments