გრძნობა, რომელსაც ფორმა არ გააჩნია – წყლის ფორმის ესთეტიკა

ავტორი: ციკო ინაური

მე ვგიჟდები ურჩხულებზე,  რომლებიც მთელ სამყაროში ყველაზე მეტად წარმოადგენენ ძალაუფლების სიმბოლოს. მე მიყვარს ის! და ვყვები ზღაპარს საშინელ პერიოდზე, რადგან ეს ზღაპარი ხელოვნებაა მსოფლიოს წინააღმდეგ, მაშინ როდესაც ადამიანები ყოველ დილას კოშმარული სიზმრებით ვიღვიძებთ“. წერს თავად გილერმო დელ ტორო თავის ფილმზე “წყლის ფორმა“, რომელიც ოქროს გლობუსზე რვა, ხოლო ოსკარზე 13 ნომინაციაში წარადგინეს.

ფილმი მართლაც “ლამაზმანის და ურჩხულის“ დელტოროსეულ ვერსიას წარმოადგენს, რომელშიც ლამაზმანი ლამაზი სულაც არ არის, და მას ხმა არ აქვს. ურჩხული კი სრულიად უფორმო, საშიში, წყალში მობინადრე ექსპერიმენტი, ადამიანი-ამფიბიაა. მოქმედება 60-იანი წლების ამერიკის ცივი ომის პერიოდში ვითარდება, დაწესებულებაში, სადაც “ულამაზოს და ურჩხულის“, ელაიზას და წყლის ბინადარის მოუთოკავი სიყვარულის ისტორია იწყება.

ელაიზა ზედმეტად რუტინული ადამიანია, მისი ყოველი დღე ერთმანეთს გავს: იღვიძებს, მიდის სამსახურში, ერთიდაიგივე საუზმე, ერთიდაიგივე ქცევა, ჩაცმულობა, ცხოვრების წესი. ის რობოტივით ცხოვრობს და არც ელოდება რაიმე განსაკუთრებულს, უბრალოდ მუშაობს და ადამიანურ ვალდებულებებს ასრულებს. თუმცა წყალი, კერძოდ კი  წყლის ურჩხული, რომელიც ქსპერიმენტის მსხვერპლია, მის ცხოვრებაში სრულ ქაოსს შემოიტანს. ელაიზას სრულიად უფორმო, უსტატუსო, დაუდგენელი, გაუთვლელი და დაუგეგმავი გრძნობით უყვარდება წყლის ურჩხული, ურჩხულს კი ელაიზა. გილერმო დელტორო კი ამ დროს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ხდება, მისთვის ხომ როგორც ზემოთ ავღნიშნე, ურჩხულები ძალაუფლების სიმბოლოა.

სიყვარულის და ურჩხულის მოგერიების პროცესში, როდესაც ამ  ორ პერსონაჟს ერთმანეთისადმი სრულიად გაუცნობიერებელი განწირული სიყვარული ეუფლებათ, ჩვენც, მაყურებლებიც, ასეთივე შეყვარებულები ვხდებით. ვუყურებთ ფილმს, ობსესიურ კომპულსიური აშლილობის დონემდე მოწესრიგებული ფერებით, რომელშიც მწვანე ფერი დომინირებს და ამ ყველაფერთან ერთად, ჩვენთვის დიდ გავლენას ახდენს უშთამბეჭდავესი დეკორაცია, რომელსაც საბოლოოდ ისეთი საოცარი ფერების სამყაროში შევყავართ, როგორიც წყალია. ის უფორმო და უფეროა. ფორმასაც და ფერსაც გარესამყაროსთან კომფორტში იცვლის. დელტოროს წყალი კი კიდევ უფრო ლამაზ წყლად წარმოჩინდება, რომლის საშუალებითაც ვხედავთ ერთ კონკრეტულ ვნებააშლილ და უძლიერესი სიყვარულით გაჯერებულ სცენას უანგარო სიყვარულზე, უფორმო და წარმოუდგენელ გრძნობაზე, რომელში შესვლაზეც ყველა ვოცნებობთ და მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის გვეშინია, მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე მის შეგრძნებას ველოდებით.

მე მგონია, რომ დელტორო ისეთივე თავდავიწყებითაა შეყვარებული კარლ გუსტავ იუნგზე, როგორც ჩვენ, მის მაყურებლებს, “წყლის ფორმის“ ზღაპრული სიყვარული გვიყვარდება, რადგან ისეთი სიმბოლოების სინთეზი, როგორიც კვერცხი და ზღვაა, წარმოუდგენელია იუნგის გარეშე გაჩნდეს. იუნგი ხელოვნების ფსიქოლოგიაში კვერცხის ფორმას, წრეს და წყალს მარადუობის სიმბოლოდ განიხილავს. იუნგის თეორიის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც სიზმრებში ზღვაში იხრჩობიან, მარადიულობასთან და თვითცნობიერთან კონტაქტის დამყარებისკენ მიისწრაფიან. წყლის ფორმა კი, პირადად ჩემთვის, ამ ორი სიმბოლიკის უმთავრესი ხაზგასმით გამოირჩევა. წყალი მარადიულობის სიმბოლოა, მარადიულობას არ გააჩნია ფორმა, რადგან ის ყველა დროსა და სივრცეში ტრანსფორმირდება, ნადვილი სიყვარულიც ასეთივე მარადიულია და სწორედ ამიტომაა ზღაპრებისა და სიზმრების მოყვარული დელტოროს სიყვარულის ისტორია უფორმო და მარადიული, მას წყლის ფორმა აქვს, ფორმა რომელსაც რეალურად ფორმა არ გააჩნია.

Comments

comments