ჰიტ ლეჯერი: “თუ ახალგაზრდა მოვკვდები, სახელს მაინც დავტოვებ”

იცით, მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც თუ ესვრი, საპასუხოდ აუცილებლად გესვრის.

არ მინერვიულია, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, უფრო მეტიც – გამიხარდა: მაშინვე გამომიჩნდა ორი სახლი, ორი ცხოვრების წესი და ეს ძალიან მაგარი იყო. როცა ერთი ადგილი მომბეზრდებოდა, ან ცვლილებებს ვსაჭიროებდი, უბრალოდ, ვდგებოდი და საცხოვრებლად სხვა ადგილას გადავდიოდი.

მსახიობები ცოტათი ბოშებს ჰგვანან და მე ეს მომწონს.

16 წლამდე პერთში ვცხოვრობდი, შემდეგ, უბრალოდ, მანქანაში ჩავხტი და სიდნეიში მოვტყდი. ხელთ მხოლოდ 69 ცენტი მქონდა.

ჩემს საუკეთესო მეგობარს, ტრევორს სამი წლიდან ვიცნობ და მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთმანეთის გარეშე ორი თვეც არ გაგვიტარებია.

ყველაფერი ის, რაც ჩემში შიშს იწვევს, ამავდროულად აღმაგზნებს კიდეც.

მშობლები ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ჩარეულან. მათ ყველაფერში დამოუკიდებლად გარკვევის საშუალება მომცეს. ისინი მაფრთხილებდნენ: “ცეცხლს თუ მიუახლოვდები, დაიწვები!” მე ვპასუხობდი: “რა თქმა უნდა.” მერე ხელს ვიწვავდი, მათთან მივდიოდი და ვაჩვენებდი: “თქვენ მართალს მეუბნებოდით.”

თუ ყოველთვის მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებას იღებ, ამით საკუთარ თავს ზრდისა და წინ წაწევის საშუალებას უმცირებ.

რა მორალურ ღირებულებებზეა საუბარი, როდესაც ბავშვები მოწევას 12 წლის ასაკიდან იწყებენ, წიგნებს კი საერთოდ არ კითხულობენ?!

მსახიობობამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამდენი ფული მექნებოდა. მეტი არც მჭირდება. იმას არ ვამბობ, რომ უფრო მეტი ფული არ მინდა, უბრალოდ, ბედნიერებისთვის პლიაჟზე ყოფნა და დილის სერფინგიც მყოფნის.

ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში ბინა და 1970 წლის გამოშვების (450 ცხენის ძალის მქონე) მუსტანგი შევიძინე. საერთო ჯამში, იქ ორ თვეზე მეტი არც გამიტარებია, სამაგიეროდ, მთელმა ავსტრალიამ იცხოვრა.

ვგიჟდები, როცა ვთამაშობ, ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარს ეს საქმე!

ერთხელ მთელი წელი უსაქმოდ ყოფნა მომიწია, უარი ვთქვი იმ როლის შესრულებაზე, რომელიც ჩემი სიძულვილის 10 მიზეზში უკვე განსახიერებული მქონდა. მთელი ძალით ვცდილობდი, საკუთარი თავის ერთგული დავრჩენილიყავი. ეს ძალიან რთული იყო, მითუმეტეს, რომ საკმაოდ სოლიდურ თანხას მთავაზობდნენ. არადა, შემეძლო, მარტივად დამეკიდებინა და მეთქვა: “კარგი, სხვა თუ არაფერი, საჭმლის ფული ხომ მაინც მექნება!”

ალბათ, მთლად კარგი ვერაა, როცა თავი იმაზე ჭკვიანად მოგაქვს, ვიდრე რეალურად ხარ.

როცა რაღაც მაწუხებს, უბრალოდ ვდგები და მარსისკენ მივემართები – იქ ჩამოვჯდები, ფეხებს ვაქანავებ და დედამიწას ზემოდან გადმოვცქერი. დედამიწა ერთი პატარა, ლურჯი წერტილია. აქედან მას ვერც შიშს და ვერც ტკივილს ვერ შეატყობ.

რთულია მუსიკის გარეშე ცხოვრება და კიდევ უფრო რთული – სექსის გარეშე.

რთულია, ჯავშანმოსხმული დაკავდე სექსით, მაგრამ თუ ძალიან აღგზნებული ხარ, მაშინ ამის ატანაც მოგიწევს.

ბავშვის დაბადება ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ იცვლება. უამრავი მსხვერპლის გაღება გიწევს, სამაგიეროდ, უკან გაცილებით მეტი გიბრუნდება.

ვერ ვიტან კომიქსებს, მეზიზღება. იმდენად უაზრო და მოსაწყენია ეს ფილმები, რომ მათ შემხედვარეს ყბა მეღრიცება.

მთელ ერთ თვეს ლონდონის სასტუმროს ნომერში ჩავიკეტე. დღიურს ვაწარმოებდი და ჩემს ხმაზე ვმუშაობდი. ჩემთვის მთავარი იყო, გამომემუშავა იდეალური ხმა და სიცილი. ასე აღმოვჩნდი იმ ფსიქოპატის სამყაროში, რომელიც თავის საქციელს ანგარიშს არ უწევს. ჯოკერმა (ბნელი რაინდი) ზღვარი არ იცის, მას არაფრის ეშინია, მისთვის ყველაფერი ერთი დიდი ხუმრობაა.

ცხოვრებაში იმდენ იმედგაცრუებას წავაწყდი, რომ როცა ყველაფერი კარგად მიმდის, პრობლემების ძიებას ვიწყებ.

სიკვდილის იდეა არ მხიბლავს. თუ ახალგაზრდა მოვკვდები, დიდი იმედი მაქვს, რომ სახელს მაინც დავტოვებ.

წინათ საერთოდ არ მქონდა ფული და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა, ჩათვალე, რომ უკვე აღარც ხარ.

 

წყარო: esquire

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments