ჰიუ ჯეკმანი: “ბავშვობაში კომიქსებს არ ვკითხულობდი”

დღეს ქუჩაში უამრავი სამურავის ტატუიანი ადამიანი მხვდება. მადლობა ღმერთს, ამაზე რეაქცია არ მაქვს, თორემ ჯვარს მაცვამდნენ.

ბავშვობაში კომიქსებს არ ვკითხულობდი. არადა, გრაფიკულმა მხარემ წარმოუდგენლად დიდი სამსახური გამიწია. ორთაბრძოლის სცენებისა და ემოციური მხარის გადმოცემის ოსტატობით გაოცებული დავრჩი. სამურავის ვიზუალი და რიგი საბრძოლო სცენები ამ ნახატების ინსპირაციით შევქმენი.

შეამჩნევდით, იქს-ადამიანებში (2000 წ.) ყველა პერსონაჟი ჩემზე მაღალია.

გინდა თუ არა, მამობა ცხოვრების აღქმის პერსპექტივას ცვლის.

მამაჩემი შვებულებაში არასოდეს გასულა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და ხუთივეს მარტო ზრდიდა. თუკი შვებულებას ვინმე იმსახურებდა, ეს სწორედ მამაჩემი იყო, მაგრამ მას ამ უფლებით არასოდეს უსარგებლია. მეც მისგან სწორედ ეს ვისწავლე.

ერთხელ, Warner Bros.-ის ივენთზე, უამრავ ვარსკვლავს შორის მოვხვდი. ჩემ წინ სილვესტერ სტალონე პოზიორობდა, უკან კი კლინტ ისტვუდი მედგა. მისკენ შემოვტრიალდი და საუბარი გავუბი: “გამარჯობა, ბატონო ისტვუდ. მე ჰიუ ჯეკმანი ვარ. ვიცი, გეჩქარებათ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ხშირად მეუბნებიან, თითქოს ფილმებში კლინტ ისტვუდს ვგავდე.” მანაც არ დააყოვნა და მაშინვე მიპასუხა: “შვილო, ამ როლს კარგად ართმევ თავს.” ეს არასოდეს დამავიწყდება. სცენაზე გაწითლებული ავბრუნდი და იმ საღამოს მისთვის აღარ შემიხედავს. კლინტმა სათამაშოდ არცერთ ფილმში არ მომიწვია, მისი ფილმების კასტინგზეც კი არ ვყოფილვარ.

ახალგაზრდობაში ძალიან ფეთქებადი ხასიათი მქონდა. რაგბმა გადამარჩინა, ამ სპორტმა საკუთარი ბრაზის მართვა მასწავლა.

სპორტი გიჟივით მიყვარს. მასზე ცუდს ვერავინ მეტყვის. ვიცი, რომ დღევანდელი სპორტი ბიზნესია, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ჩემთვის ეს წმინდა სფეროა.

იქს-ადამიანები: დასაწყისის გადაღებებისას თავში შიშის კონცხი და რობერტ დე ნიროს გმირი მიტრიალებდა. როცა მაქს კედი პერანგს იხდის და თავის ტატუებს გამოაჩენს, მაშინვე ხვდები, თუ როგორი საშიში და დაუნდობელი შეიძლება იყოს ეს პერსონაჟი. სამურავიც ზუსტად ასეთია.

თუკი შიშისგან ვერ გათავისუფლდები, ის ყოველთვის შეგახსენებს თავს. შიში ადამიანს თრგუნავს. შესაბამისად, რისიც ყველაზე მეტად მეშინია, სწორედ იმისკენ მივილტვი.

რაღაცები განსაკუთრებულად ფასეულია, მაგალითად, კვირა დღეს ოჯახთან ერთად ბლინების გამოცხობა და შვილებთან ჩახუტება… ასეთ დროს ხვდები, რეალურად რა არის მნიშვნელოვანი.

ერთხელ ჩემი შვილისა და მისი მეგობრის საუბარს მოვკარი ყური. ჩემი ბიჭი მას ეუბნებოდა: “მორჩი რა! აღარ მინდა მამაჩემზე საუბარი! სინამდვილეში ის სამურავს არაფრით ჰგავს: არც მაგარი ტიპია, არც ჩხუბისთავი და არაფერი მსგავსი!”

ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ. დილით ვიღაც მაღვიძებს, ტანსაცმელს მაწვდის, მეუბნება, რა ვთქვა, მაჭმევს და მერე ისევ უკან, სახლში მაბრუნებს.

მე თეატრიდან მოვდივარ, შესაბამისად, რეპეტიცია ჩემი ცხოვრების სტილია. ბევრ რეჟისორს ამის არ სჯერა, უამრავი მსახიობი კი საერთოდ არ გადის რეპეტიციებს.

შენი ცოლი ყოველთვის მართალია – ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ამ ფრაზის შუბლზე ამოსვირინგებაზეც კი ვფიქრობ.

სხვაგან, სხვა პლანეტაზე, სხვა ცხოვრებაში, სხვა ქვეყანაში – მოცეკვავე ვიქნებოდი.

ავსტრალიელები ყავის სნობები არიან. სიტყვა “კაპუჩინო” ჯერ აქ შემოვიდა და შემდეგ ამერიკაში. ავსტრალიაში ყავის დიდი კულტურაა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და თავისუფალ დროსაც მთელი სერიოზულობით ვეკიდებით.

თუ შენს გმირს ვერ იყვარებ, მის განსახიერებასაც ვერ შეძლებ.

მედიტაციამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.

კარგია, როცა ახალგაზრდა ხარ და ოცნებებით სავსე. ოცნებას არაფერი სჯობს. იოცნებე სიყვარულზე, სილამაზეზე, მიღწევებზე. უბრალოდ, არ დაგავიწყდეს, რომ თითოეულ მათგანს თავისი დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს და არცერთი მათგანი წესებს არ ემორჩილება. გიყვარდეს ისინი და პატივი ეცი, უბრალოდ, მათი მონა არ გახდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეალობად ქცევის შანსს ადრეულ ასაკშივე მოუღებ ბოლოს.

 

წყარო: www.imdb.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments