ინგმარ ბერგმანი: “ამ ქვეყანაში ყველანი მარტოსულები ვართ”

(ინტერვიუ ინგმარ ბერგმანთან)

 

ცნობილია, რომ ინგმარ ბერგმანი ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობდა. სტოკჰოლმის ცენტრში, სამეფო დრამატული თეატრის კულისებში ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ ერთ-ერთია იმ იშვიათ ინტერვიუებს შორის, რომელსაც რეჟისორი სიამოვნებით დათანხმდა. გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული ინტერვიუდან, რომელიც 1964 წელს გამოქვეყნდა. ჟურნალისტისა და რეჟისორის შეხვედრა დილის 9 საათზე, სტოკჰოლმის თეატრში შედგა, ბერგმანს ერთი წუთითაც არ დაუგვიანია, საუბრის დაწყებამდე გაიღიმა და პირველი შეკითხვაც თავად დასვა:

 

-აბა, უკვე დაგეწყოთ დეპრესია?

-დეპრესია რატომ?

-ალბათ, დიდი ხანი არ არის, რაც აქ ხართ. მერწმუნეთ, დეპრესია აუცილებლად მოვა. არც კი ვიცი, სტოკჰოლმში ყველა ასე ყველაფრისგან მოშორებით რატომ ცხოვრობს. ეს უცნაურობა განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა სამხრეთის ქვეყნებიდან ბრუნდები. იქ სულ სოფლები და ქალაქები გხვდება, ტყეები და დასახლებები ერთმანეთს ცვლის. სტოკჰოლმის გარშემო კი სულ დაუსახლებელი ადგილებია, ჰორიზონტზე მხოლოდ ტყეები და ხეებია. ნეტა, ვის მოუვიდა აზრად ასეთ ადგილზე ქალაქის გაშენება… ამ ქვეყანაში ყველანი მარტოსულები ვართ. უზარმაზარი ტერიტორია გვაქვს, მაგრამ მოსახლეობა მცირეა, მიმოფანტულად ცხოვრობენ, თავიანთ ფერმებსა და შემოსაზღვრულ სახლებში იზოლირებულნი. როცა ქალაქში მოდიან და სხვა ადამიანებთან ახლოს იწყებენ ცხოვრებას, მაშინაც ძალიან უჭირთ. ცხადია, ამას ასე ადვილად არ ეშველება. უბრალოდ, არ იციან, როგორ იურთიერთონ ერთმანეთთან. ამ ყველაფერს კი აქაური ზამთარიც ემატება.

რას გულისხმობთ?

ზამთრობით სინათლე მხოლოდ დილის რვის ნახევრიდან შუადღის ორის ნახევრამდეა, ცოტა უფრო ჩრდილოეთით კი, ხალხი თვეების განმავლობაში სიბნელეში ცხოვრობს. ჩვენც დღის სინათლე მარტო რამდენიმე საათით გვაქვს. მძულს ზამთარი და სტოკჰოლმიც ზამთარში. ამ სეზონზე ყოველთვის დილის ექვს საათზე ვიღვიძებ. ბავშვობიდან ასე ვარ. პატარაობაში ყოველ დილით ფანჯარასთან ვდგებოდი და ვაკვირდებოდი, როგორ იზრდებოდა დღე. ამ ბნელ და საშინელ ზამთარს მხოლოდ სინათლისა და გაზაფხულის მოლოდინით ვუძლებდი.

თუ თავს ასე ცუდად გრძნობთ, რატომ არ ტოვებთ სტოკჰოლმს ზამთრობით და რატომ არ მუშაობთ შედარებით თბილ ქვეყნებში, მაგალითად რომში, ან ჰოლივუდში?

ახალ ადგილებსა და ქალაქებში ყოფნისას ერთდროულად ბევრი და განსხვავებული შეგრძნება მეუფლება. ერთბაშად მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთში ითქვიფება, ვშფოთავ და კონცენტრაციის უნარს ვკარგავ.

დიახ, ერთხელ სადღაც თქვით, რომ შვედეთის დატოვებისას ყოველ ჯერზე “შიში გიპყრობთ”. ეს არის იმის მიზეზი, რომ სამშობლოს გარეთ ფილმს არასდროს იღებთ?

მთლად ასეც არ არის. ამ ყველაფერს ძალიან მინიმალური კავშირი აქვს კინოსთან. ბოლოს და ბოლოს, სტუდიები და მსახიობები ყველა ქვეყანაშია. ის, რაც სხვა ქვეყანაში მაბრკოლებს, კონტროლის დაკარგვის შიშია. როდესაც ფილმზე ვმუშაობ, დასაწყისიდან კინოთეატრში გამოსვლამდე, მთლიანად მასში ვარ ჩართული და თითოეულ დეტალს პირადად ვაკონტროლებ. ეს თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მე შვედეთში გავიზარდე, ჩემი ფესვები აქ არის. ჩემს ქვეყანაში პროფესიული იმედგაცრუება არ მქონია, ყოველ შემთხვევაში, პროდიუსერებთან ურთიერთობის კუთხით – ნამდვილად არა. უკვე დაახლოებით ოცი წელია ერთსა და იმავე ხალხთან ვთანამშრომლობ, მათ თვალწინ გავიზარდე. რა თქმა უნდა, კინოგადაღებების დროს ტექნიკური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნაყოფიერ მუშაობას, პირველ რიგში, ადამიანური ფაქტორი განაპირობებს: ოპერატორმა, გამნათებელმა თუ მემონტაჟემ ჩემგან დამოუკიდებლადაც იციან, რა უნდა გააკეთონ, მათ არაფრის შეხსენება არ სჭირდებათ. ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ეს არის იდეალური გარემო, რომელიც შემოქმედებით პროცესში შექმნილი სირთულეების დაძლევაშიც გვეხმარება. ამერიკაში მუშაობა და იქაურ კომპანიაში ფილმის გადაღება, გარკვეული გარემოებების გამო, საკმაოდ მიმზიდველად და მაცდურადაც ჟღერს, თუმცა უცხო ქვეყანაში, თუნდაც უფრო თანამედროვე აღჭურვილობის მქონე სტუდიაში, ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის გადასროლა არც ისე იოლი მეჩვენება. საკითხავია, მექნება თუ არა იქ ისეთივე თავისუფლება, როგორც ჩემს საკუთარ ქვეყანაში მაქვს და შევძლებ თუ არა ყველაფრის პირადად გაკონტროლებას? პროდიუსერებთან წარმატებით ურთიერთობას? ძალიან მეეჭვება.

ადრე ისიც აღნიშნეთ, რომ სტოკჰოლმში, საკუთარ გადასაღებ მოედანზე სტუმრებს დიდად არ წყალობთ და თითქმის შეუძლებელია თქვენს გადაღებებზე დასწრება. რატომ?

თქვენ იცით, რა არის გადაღებების პროცესი? ეს არის ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომა. შესაძლოა, დღეში რვა საათს იმუშავო და სამწუთიანი ღირებული მასალაც კი ვერ მიიღო. ამ რვასაათიან გაჩაღებულ მუშაობაში სულ რამდენიმე წუთი ეთმობა ნამდვილ შემოქმედებას და გადასაღებ მოედანზე ყველა და ყველაფერი ამაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. რეჟისორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსახიობებს ერთგვარი მოჯადოებული წრე შეუქმნას. ასეთ ინტიმურ პროცესში კი, ნებისმიერი გარედან შემოსული სტუმარი, სულ რომ უკიდურესად კეთილგანწყობილი იყოს, გადასაღებ მოედანზე უცხოპლანეტელად იქცევა და თავისდაუნებურად აუცილებლად არღვევს ამ მოჯადოებულ წრეს. ყოველთვის, როცა გადასაღებ მოედანზე უცხო სხეულია, ყველანი უდიდესი რისკის ქვეშ ვიმყოფებით, რომ კინოს აუცილებელი ელემენტი – დელიკატური და ინტიმური განწყობები დაიკარგება. ჩვენ კი ამის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს. რამდენჯერაც გამონაკლისი დავუშვი და მოედანზე სტუმარს დასწრების საშუალება მივეცი, იმდენჯერ საშინლად ვინანე.

თუმცა, თქვენ არა მარტო უხასიათობასა და არასტუმართმოყვარეობაში გდებენ ბრალს, არამედ იმასაც ამბობენ, რომ მუშაობის პროცესში საშინლად იქცევით – ტელეფონებს კედლებს ახეთქებთ და სკამებით მინებს ამსხვრევთ… ეს ყველაფერი სიმართლეა?

დიახ, სიმართლეა. უფრო სწორად, ადრე ყოფილა მსგავსი შემთხვევები. მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი და როგორც ახალგაზრდების უმრავლესობა, მეც საკმაოდ ამბიციური გახლდით. თუმცა, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა. ხოლო როდესაც ამბიციურობას თან თავდაჯერებულობა არ ახლავს, მაშინ აგრესიული ხდები და რაღაცების დამტკიცებას ცდილობ. ასე როცა ვიქცეოდი, პროვინციული თეატრის ახლადარჩეული, 25-26 წლის რეჟისორი ვიყავი. ახლა, რა თქმა უნდა, ასე აღარ ვიქცევი და ჩემს შემოქმედებით ჯგუფს დიდ პატივს ვცემ. კარგად ვიცი, რა ფასად შეიძლება დამიჯდეს თითოეული დაკარგული წუთი და ამიტომ პირიქით, ვცდილობ, გადასაღებ მოედანზე სიმშვიდე შევინარჩუნო. კინორეჟისორი არის გემის კაპიტანივით, რომელსაც პატივს უნდა სცემდნენ და ენდობოდნენ. რასაკვირველია, ეს ორმხრივი პროცესი უნდა იყოს.

ხშირად გითქვამთ, რომ როდესაც თქვენი ფილმების შესახებ კრიტიკოსების ნააზრევს კითხულობთ, ხანდახან ვერც კი ხვდებით, რომელ ფილმზე საუბრობენ. ასეა?

მათი ნააზრევის კითხვას ჩემს ფილმებზე და ჩემზე, როგორც რეჟისორზე, შევეშვი. ამაზე დროის დახარჯვა უაზრობაა. დღევანდელი კინოკრიტიკოსების უმეტესობას ძალიან მწირი ცოდნა აქვს კინოსა და ზოგადად, კულტურის შესახებ და უმეტესად ზედაპირული წარმოდგენებით შემოიფარგლებიან. თუმცა, მოდის კრიტიკოსების ახალი თაობა, რომელსაც ნამდვილად აქვს შესაბამისი განათლება. მაგალითად, ახალგაზრდა ფრანგ კინოკრიტიკოსებს, რომელთა ნაწერებს დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩემი ფილმების შეფასებებში მათაც არ ვეთანხმებოდე, ისინი გულწრფელები მაინც არიან და მათი წერილებიდან ჩანს, რომ კინემატოგრაფიასაც კარგად იცნობენ. მე მომწონს ისინი, მაშინაც კი, თუ ჩემდამი არც ისე კეთილგანწყობილნი არიან.

რას იტყვით ამერიკული ახალი ტალღის რეჟისორებზე, როგორ ფიქრობთ, ბევრი აქვთ სათქმელი?

ვფიქრობ, ნამდვილად ბევრი აქვთ სათქმელი. ბოლო დროს რამდენიმე კარგი ფილმი ვნახე – შირლი კლარკის კავშირი (The connection, 1961), ჯონ კასავეტესის ჩრდილები (1959), რომელმაც რეჟისორის სხვა ფილმების ნახვაც მომანდომა. მე ფრანგულ ახალ ტალღაზე მეტად ამერიკული ახალი ტალღა მომწონს. ისინი უფრო ენთუზიასტები, იდეალისტები და შეუნიღბავები არიან. ტექნიკური კუთხით, შესაძლოა, ფრანგები უკეთესები იყვნენ, თუმცა ვფიქრობ, ამერიკელების სათქმელი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. მე მათ ძალიან ვგულშემატკივრობ.

რუსულ კინემატოგრაფიაზე რას იტყვით?

ძალიან მომწონს. ასე მგონია, მალე ბევრ კარგ რუსულ ფილმს ვნახავთ. ზუსტად არ ვიცი – რატომ, მაგრამ ასეთი შეგრძნება მაქვს. თქვენ ტარკოვსკის ივანის ბავშვობა ნანახი გაქვთ? შესანიშნავი ნამუშევარია, სრულიად გამორჩეული. რა თქმა უნდა, რუსეთში ბევრი ცუდ ფილმსაც იღებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი ნიჭი და ძალა ნამდვილად იგრძნობა.

იტალიელ რეჟისორებზე რა აზრის ხართ?

ფელინი შესანიშნავია. მისი ნამუშევრები ისეთი თბილი, მარტივი და ნევროზულობისგან დაცლილია… ტკბილი ცხოვრება ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ის სცენა, მამასთან, შესანიშნავი იყო. ლუკინო ვისკონტის პირველი ფილმიც მომწონს და ვფიქრობ, მისი საუკეთესო ნამუშევარია. ასევე, ძალიან მომეწონა ანტონიონის ღამე.

ეს ფილმები თქვენი საყვარელი ფილმების სიაშიც შედის?

არა. თანამედროვე ფილმებს შორის ჩემი ყველაზე საყვარელი სამი ფილმია: ქალი ძაღლით (The Lady with The Dog, 1961), რაშომონი და უმბერტო დ. არა, მეოთხეც აუცილებლად უნდა ვთქვა: ბიძია ულოს არდადაგები (Mr. Hulot’s Holiday) ძალიან მიყვარს.

 

წყარო: http://scrapsfromtheloft.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments