ინიარიტუ: “ხანდახან ღმერთი ხარ და ხანდახან ქმნილება”

ინტერვიუ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსთან

 

როგორია რეჟისორის დამოკიდებულება საკუთარი ფილმებისადმი?

მგონია, რომ თითოეული ფილმი ჩვენი ნაწილი ხდება, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ და რა სახით. ჩემი ყველა ფილმი ჩემი პიროვნების, ჩემი ცხოვრების ორგანული ნაწილია. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კინო რეალობას ძალიან უახლოვდება. ისე მოულოდნელად ქრება ეს უცნაური ზღვარი კინოსა და რელობას შორის და თემატურად ისე უკავშირდება ხოლმე ფილმი შენს ცხოვრებას, რომ ძალიან ხელშესახებად შეიგრძნობ ამ ყველაფერს. მე ეს საკმაოდ ბევრჯერ გამომიცდია.

რომელ ფილმებს გულისხმობთ?

თუნდაც გადარჩენილს. ეს ფილმი ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ფილმის თემატიკა, შეიძლება ითქვას, ფიზიკურ დონეზე შეგვეხო. წყალი ნამდვილად ძალიან ცივი იყო და მინუს 40 გრადუსში ვმუშაობდით. ფილმის პერსონაჟების ფიზიკური რეალობა ჩვენს ცხოვრებაზეც ანალოგიურად გადმოვიდა და ჩვენი გამოცდილების ნაწილი გახდა.

ასე ძალიან რატომ გინდოდათ, რომ ფილმი ბუნებრივ, საკმაოდ მკაცრ პირობებში გადაგეღოთ?

მართლა ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ველურ პირობებში გავედით გადასაღებად. ეს ერთგვარი დაბრუნება გახლდათ კინოში მუშაობის თავდაპირველ ტრადიციასთან, როდესაც გადაღებები არა სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში, არამედ ბუნებრივ გარემოში მიმდინარეობდა. ის სინამდვილე და კომპლექსურობა კი, რომელიც ბუნებაში მუშაობის პროცესს ახლავს თან, ამად ნამდვილად ღირს… როგორი კარგი ტექნიკა და აღჭურვილობაც არ უნდა გქონდეს, როგორი მხატვარიც არ უნდა გყავდეს, ხელოვნურად მოწყობილი გარემო ბუნებრივ პირობებს მაინც ვერ აჯობებს.

რატომ?

რასაკვირველია, საქმე მხოლოდ ბუნების სილამაზესა და კომპლექსურობაში არაა. პირველ რიგში, იმიტომ რომ მსგავს პირობებში სხვანაირად ვფიქრობთ და ვაზროვნებთ, კინოს გადაღების დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია, საითაა მიმართული შენი გონება. ეს მთელს სისტემაზე აისახება. ამიტომ ამგვარი გამოცდილება ფილმს სრულიად სხვა სიღრმეებს სძენს. გამოცდილება იმდენად დიდებულია, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური კუთხით, რომ თვითონ გადაღებების პროცესი ხდება ფილმი.

ეს ყველაფერი ძალიან მომხიბვლელია, მაგრამ ხომ შეიძლება ასეთმა არჩევანმა არ გაამართლოს? ვერნერ ჰერცოგი და კლაუს კინსკი გამახსენდა, რომლებმაც ფილმის – აგირე, ღვთის რისხვა გადაღებების დროს, სტრესის ნიადაგზე ლამის ერთმანეთი დახოცეს…

მესმის, რასაც ამბობოთ. მართალია, როგორც კი ადგილზე ჩადიხარ, მაშინვე აანალიზებ, რომ ყველაფერი ათჯერ უფრო რთულადაა, ვიდრე წარმოგედგინა. ეს ფილმი ჩემი გულუბრყვილო გადაწყვეტილების შედეგია. აბსოლუტურად ბრმად მივიღე ველურ პირობებში გადაღების გადაწყვეტილება. რეალურად, უარს ამბობ კომფორტზე და ყოველდღე ბრძოლა გიწევს. სწორედ ასეთ რეჟიმში ვიყავით და ეს პროცესი კლდეზე უთოკოდ ცოცვას ჰგავდა: როცა იცი, რომ ერთი პატარა შეცდომა და მიწაზე ხარ. აი, ასეთ ყოველდღიურობაში ვიღებდით გადარჩენილს.

თქვენი სიტყვები საკმაოდ შემზარავად ჟღერს.

კი, ჩემი ეს სიგიჟე ცოტა საშიშია. ვაღიარებ: ადვილი შესაძლებელი იყო, რამე საშინელება მომხდარიყო… თუმცა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. ფაქტობრივად, შენივე ნამუშევრის ქმნილება ხდები. ხანდახან ღმერთი ხარ და ხანდახან ქმნილება. ქმნილება, რომელიც ცდილობს, საკუთარი ნამუშევრისგან თავი დაიხსნას. მე ჩემი გადაწყვეტილების და ჩემი შექმნილი წესების მახეში აღმოვჩნდი, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ შეიძლებოდა, შუა გზაზე კი ვერ შევცვლიდი მიმართულებას. უნდა დამემთავრებინა სწორედ ისე, როგორც დავიწყე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული კატასტროფა გამოვიდოდა. ეს ყველაფერი მარათონს ჰგავდა – როცა იცი, რომ ვერ გაჩერდები, უნდა დაამთავრო. გრძნობ, რომ უკვე ვეღარ უძლებ, მაგრამ ფინიშთან მაინც უნდა მიხვიდე!

გასულ წელს, ბერდმენისთვის ოსკარი რომ მიიღეთ, გადარჩენილზე მუშაობა უკვე დაწყებული გქონდათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, შეისვენოთ?

ორი მარათონი გავირბინე, ამიტომ მართლა დროა, გავჩერდე. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა მოხდა ბერდმენის შემთხვევაში. დროც არ მქონდა, გარედან შემეხედა ამ ფილმისთვის. ახლა საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში ვარ და რამდენიმე თვით დასვენებას ვაპირებ. უნდა გავაანალიზო, რა მოხდა ბოლო წლებში ჩემს ცხოვრებაში. როგორც წესი, ფილმებს შორის ორ-სამ წლიან ინტერვალს ვიღებ ხოლმე. ამიტომ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ შემდეგი სამი წელი დავისვენო. ნამდვილად მჭირდება.

დღეს რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას, გადარჩენილს კვლავ ასეთ რთულ პირობებში გადაიღებდით?  

მე არ ვნანობ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ვფიქრობ, რომ რაც გავრისკე, ყველაფერი ღირდა ამად და ამით ვამაყობ. თუმცა, მე იმავეს აღარ გავაკეთებ (იცინის). წარმოუდგენლად რთული იყო მთელი ეს პროცესი. სიმართლე გითხრათ, გადარჩენის აქტს უფრო ჰგავდა, ვიდრე კინოგადაღებას. როგორც რეჟისორს, ბევრი სირთულე და გამოწვევა შემხვდა…

ასეთ დროს ძალას რაში პოულობდით?

ხანდახან რწმენას კარგავ და გგონია, რომ ისე არ გამოდის ყველაფერი, როგორც ოცნებობდი, მაგრამ ბრძოლას აგრძელებ  და ერთი მცირე დეტალიც კი სიტუაციას შემოაბრუნებს ხოლმე. რაც გეგონა, რომ აღარ იმუშავებდა, უცებ ამუშავდება. როცა საქმე საშინლად მიდის, მაგრამ შინაგანად მაინც არ ნებდები – ყველაფერი მოულოდნელად ლაგდება თავის ადგილზე და ეს ძალიან ტრანსცენდენტური მოვლენაა.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments