ისაო ტაკაჰატას ანიმეები

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

5 აპრილს ანიმეების მოყვარულებს სამწუხარო ამბავი დახვდათ: ტოკიოს საავადმყოფოში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, Studio Ghibli-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და ციცინათელების სასაფლაოს შემქმნელი, ისაო ტაკაჰატა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სანამ ჰაიაო მიაძაკს გაიცნობდა, მას უკვე ჰქონდა გადაღებული ანიმაციური ფილმები, ხოლო მას შემდეგ, რაც ერთობლივი სტუდია დააარსეს, ხუთი სრულმეტრაჟიანი ანიმე შექმნა, თუმცა აქედან ცნობილი სამია: ციცინათელების სასაფლაო (1988 წ.), მხოლოდ გუშინ (1991 წ.) და პრინცესა კაგუიას ამბავი (2013).

მიაძაკისგან განსხვავებით, ტაკაჰატას ანიმეებს უკიდურესი რეალიზმი და დრამატულობა ახასიათებს. ინტიმური, ადამიანური მომენტები იშვიათი სინაზითა და მგრძნობელობითაა გადმოცემული. 1945 წლის 21 სექტემბერი… დღე, როცა მე მოვკვდი, – ასე იწყება ციცინათელების სასაფლაო, ანიმეების ისტორიაში ყველაზე დამთრგუნველი და მძიმე ანიმე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიას ასახავს.

ჰუმანური გამოდგა მეორე ანიმეც – მხოლოდ გუშინ, სადაც 27 წლის ტაეკო ბავშვობას იხსენებს. ამ შემთხვევაშიც, ტაკაჰატა უარყოფს ჟანრისთვის დამახასიათებელ ელემენტებს და რეალისტურ დრამას იღებს. მისი დანარჩენი ანიმეების მსგავსად, ტაკაჰატა აქაც ხოტბას ასხამს იაპონიის ტყეებსა და მინდვრებს. ტაეკო ტოკიოდან ნათესავებთან მიდის სოფელში, სადაც ცდილობს, გაიაზროს, როგორი ცხოვრება სურს: დაძაბული რუტინული სამუშაო ხალხით სავსე ქუჩებში, თუ მშვიდი მუშაობა მწვანე მინდორ-ველებში.

ტაკაჰატას უკანასკნელი ანიმე – პრინცესა კაგუიას ამბავი, რომელმაც ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა, ძველ იაპონურ ლეგენდას, ბამბუკის მჭრელის ზღაპარს ეყრდნობა. ეს ლეგენდა ტაკაჰატამ მხოლოდ იმისთვის გამოიყენა, რომ ურბანული დაპირისპირება ეჩვენებინა. რეჟისორის თქმით, მას არ ადარდებდა მე-10 საუკუნის ლეგენდა, უბრალოდ, ის 21-ე საუკუნის ადამიანის მსოფლმხედველობით გაიაზრა და თანამედროვე მაყურებლისთვის თავიდან შექმნა. ტაკაჰატას ხომ ჩვეულებრივი ადამიანები და მათი ბედი აინტერესებდა, მათი ყოველდღიური საქმიანობა ბუნებაში. მისი ანიმეებიც სწორედ ამგვარ შეგრძნება-განწყობებს უყვება, ანახებს და ახსენებს მაყურებელს.

Comments

comments