ჯეიკ ჯილენჰოლი: “მხოლოდ მას უგდე ყური, ვისაც შენი ინსპირირება შეუძლია”

შეუძლებელია, ორ საათში ვინმემ გაიგოს, როგორი ვარ.

არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა. დიდი ხანია მივხვდი, რომ თუ ვინმეს შენზე დაწერა სურს, ზუსტად ისე დაწერს, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა და მე ამას ვერ შევცვლი. შეიძლება, ინტერვიუში ჩემი მხოლოდ ოთხი-ხუთი სიტყვა დარჩეს.

ჩემი ყველა პრობლემა ჩემთვის ნაცნობია: სხვებს ძალიან დიდხანს ვუსმენდი და ჩემს თავს მუდამ ვაჩუმებდი.

ჩემი კარიერული მოღვაწეობა ჩვეულებრივად ვითარდებოდა. თავიდან კითხულობდნენ: “ვინ არის ჯეიკ ჯილენჰოლი?” შემდეგ იყო: “მომიყვანეთ ის ვიღაც ჯილენჰოლი” შემდეგ: “მომიყვანეთ ვინმე ისეთი, ჯილენჰოლს რომ ჰგავდეს” და ბოლოს ისევ: “ვინ არის ჯეიკ ჯილენჰოლი?”

ფროდოს როლი ვერ მივიღე მხოლოდ იმიტომ, რომ სინჯებზე არავინ გამაფრთხილა, ჰობიტებმა ბრიტანული აქცენტით უნდა ისაუბრონო.

ბოლო ხანებში იმ უცხო ენების შესწავლით ვარ დაკავებული, რომლებიც როლისთვის მჭირდება. უბრალოდ, დავფიქრდი, თუკი ვიღებთ ფილმს კრივზე და ვსწავლობ კრივს, რატომ არ ვისწავლო ახალი ენა ახალი ფილმისთვის?

რამდენჯერმე სექსის სცენის გადაღება მომიწია და ამ დროს ქალები მეუბნებოდნენ: “ნუ ნერვიულობ, ორგაზმი ცხოვრებაში ათასჯერ მაინც გამითამაშია და ამას ახლაც თავისუფლად შევძლებ.”

საცვლებით სექსით არ ვკავდები. ყოველთვის მიკვირდა იმ მსახიობების, რომლებიც ამას ახერხებდნენ. ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, გამომიცდია, მაგრამ ამის გამეორებას არავის ვურჩევ.

სიმართლე ისაა, რომ აღარავის აღარასდროს გაახსენდება ის ფილმები, რომლებმაც თავის დროზე დიდი მოგება მოიტანა. ზოგჯერ კომერციული მოგება ფილმს სულაც არ ხდის დასამახსოვრებელს.

ვცდილობ, გარშემო ის ადამიანები შემოვიკრიბო, რომლებიც ამბობენ: “შეიძლება, კინოზე დღეს მაინც არ ვისაუბროთ?!”

მე ანგლოფილი ვარ და ჩემი მეგობრების უმრავლესობაც ინგლისელია. ალბათ, ინგლისელებს ჩემი პესიმიზმის აღქმა უადვილდებათ.

ერთხელ ედვარდ ცვიკმა (ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი) კარგი რამ მითხრა: “ცხოვრებაში ყველაფერს სირცხვილის გავლით ვსწავლობთ.” ზუსტად ასეა. დამცირებისას თავისუფლდები, თუ, რა თქმა უნდა, მისი დაძლევის უნარი შეგწევს. ბევრი რამ სწორედ ამ გზით ვისწავლე.

მნიშვნელობა არ აქვს, რას საქმიანობ, მთავარია იყო პროფესიონალი. სჯობს, აუზის ბრწყინვალე დამსუფთავებელი იყო, ვიდრე –  საშუალო დონის მსახიობი.

მე ძალიან მიყვარს მსახიობები, მსიამოვნებს მათი მუშაობის ცქერა.

ჰიტ ლეჯერთან მუშაობამ ყველაზე დიდი გამოციდილება მომცა. ის ჩემზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იდგა. მახსოვს, გადასაღებ მოედანზე როგორ უმარტივდებოდა ცხენის დაწყნარება. ის უბრალოდ მიდიოდა ცხენთან და ეუბნებოდა: “ჩუუ”, შემდეგ მასზე ჯდებოდა და ცხენიც სიხარულით იღებდა. მე კი მივდიოდი ცხენთან და ვეუბნებოდი: “ახლა შენზე უნდა ავმხედრდე.” ცხენი კი მიყურებდა და თითქოს მეუბნებოდა: “მიდი რა, გაიარე.”

კუზიანი მთის გადაღებისას, ენგ ლიმ (ფილმის რეჟისორი) მითხრა: “ორი მამაკაცი, რომელიც ცხვარს წველის, ბევრად სექსუალურია, ვიდრე სცენა, სადაც ორი მამაკაცი სექსით კავდება.”

რას ვფიქრობ ჰომოსექსუალიზმზე? ვფიქრობ, მამაკაცისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი ქალის პოვნა, ქალისთვის კი – სწორი მამაკაცის. თუმცა, ზოგჯერ კაცისთვის მნიშვნელოვანი ხდება სწორი კაცის პოვნა, ხოლო ქალისთვის – სწორი ქალის.

შენს ტალანტზე უფრო მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ეპყრობი ადმიანებს.

ვერ ვიტან, როცა ვიღაც ამბობს, რომ შიმშილისგან კვდება. მსოფლიოში მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებიც შიმშილისგან კვდებიან. ჩვენს ოთხ-საათიან უჭმელობას სხვა სახელი უნდა მოვუფიქროთ.

მე არაცნობიერის მწამს. მჯერა იმის, რომ ჩვენ მოლეკულები გვმართავს და რადგანაც ჩვენი სხეულის 90% წყლისგან შედგება, იმისიც მჯერა, რომ სავსე მთვარე ისევე მოქმედებს ჩვენზე, როგორც – ზღვაზე.

რელიგიის მიმართ ჩემს მშობლებს პროგრესული დამოკიდებულება ჰქონდათ. მამაჩემი ქრისტიანი იყო, დედა კი – იუდეველი. როცა 13 წლის გავხდი, რაღაც ინიციაციის მსგავსი მომიწყვეს, თუმცა, ეს ებრაელთა ბარმიცვა არ ყოფილა. მათ სურდათ, რომ ამ დღეს ხალხისთვის რამე გამეკეთებინა. წავედით უსახლკაროთა თავშესაფარში და საღამომდე ერთად ვიმუშავეთ. მოგვიანებით იმავე ადგილას ჩემი დაბადების დღეც აღვნიშნეთ.

მამაჩემი უძველესი შვედური გვარის – ჯილენჰოლის წარმომადგენელია, მის ფესვებს XVII-საუკუნესა და ჩემს შორეულ წინაპართან – ნილს ჯუნარსონთან მივყავართ. შვედეთში ჩემი გვარი ძლევამოსილი იყო მანამ, სანამ ჩემი წინაპრები ამერიკაში არ გადავიდნენ, და მაინც, საკუთარ თავს ებრაელად მივიჩნევ, რადგან დედაჩემი ნიუ-იორკელი რუსი ებრაელია.

ბევრი რამის მეშინია, მითუმეტეს, რომ საშიშ დროში ვცხოვრობთ. გარდა ამისა, ებრაელი ვარ, ებრაელებს კი შიში თან სდევთ.

არსებობს მოსაზრება, რომ მე მიყვარს მასხარაობა და ჩემს თავს სერიოზულად არ აღვიქვამ.

მხოლოდ მას უგდე ყური, ვისაც შენი ინსპირირება შეუძლია.

უცნაურია, რომ ხალხი ვიღაცის კაფეში შესვლითა და ვიღაცის ძაღლის პარკში გასეირნებით ინტერესდება.

ხანდახან ფერმა მიხმობს: მინდება მოწველილი რძის დალევა და ღორების დაკვლის ყურება.

გიჟებს საერთოდ არ ანაღვლებთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა.

სევდიან რეალობაში გვიწევს ცხოვრება: დღეს მსახიობები პოლიტიკოსები ხდებიან, ხოლო პოლიტიკოსები – მსახიობები.

დიდი იმედი მაქვს, შვებით ამოვისუნთქავ, როცა ქვეყნის აღსასრული მოახლოვდება. თანაც, მისი მოსვლით უამრავი ახალი საქმე გამომიჩნდება.

თქვენს თავს ჰკითხეთ: “რატომაა წითელი ხალიჩა მაინცდამიანც წითელი?” ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ღმერთო ჩემო, ის ხომ ნებისმიერი ფერის შეიძლებოდა ყოფილიყო.

ყოველთვის ვარსკვლავი ვერ იქნები.

 

წყარო: www.esquire.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments