ჯეკ ნიკოლსონი: “ეს ჩემი, როგორც კინოვარსკვლავის დაბადების მომენტი იყო”

(ინტერვიუ ჯეკ ნიკოლსონთან)

 

ხშირად ფიქრობთ სიკვდილზე?

კი, არის რაღაც თემები, რაზეც სულ ვფიქრობთ, მაგრამ არ ვლაპარაკობთ. სიკვდილიც მათ შორისაა. იმაზე ხომ მაინც უფიქრია ყველას, როგორ დაკრძალავენ – დაწვავენ თუ კრემაციას გაუკეთებენ.

თქვენ როგორ ისურვებთ?

მე მინდა, რომ ჩემს საფლავს ოცდახუთი ფუტის სიმაღლის ვარდისფერი ქანდაკება დაადგან, ან როგორც ინდიელების წესია – ხეზე დამკიდონ და ჩიტებმა შემჭამონ. ეს ხუმრობით, ისე, კი, სავარაუდოდ, კრემაციას ავირჩევ.

როგორ ფიქრობთ, დაბერებას პოზიტიური მხარეც აქვს?

რამდენიც გინდათ. ასაკის მატებასთან ერთად, უფრო დაფიქრებული ხდები და ისე იმპულსურად აღარ მოქმედებ, როგორც ახალგაზრდობაში. სამოცდაათი წლის რომ გავხდი, მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ახალგაზრდა აღარ ვარ. თუმცა, ამის გამო ცუდად ნამდვილად არ მიგრძვნია თავი.

რა გაგრძნობინებთ თავს ახალგაზრდად?

არ ვიცი. უბრალოდ, ამ ციფრებს ჩემს ასაკს ვერ ვუკავშირებ. გასაგებია, რომ ახალგაზრდობისას ძალიან სწრაფად დავდიოდი ოთახიდან ოთახში, ახლა კი ამას ვეღარ ვახერხებ. ცხოვრების სტილის შეცვლა მიწევს და ნელ-ნელა ვსწავლობ, სხვანაირად როგორ ვაკეთო რაღაცები, მაგრამ ცხოვრება ძალიან საინტერესოა და მისი დაკარგვა არ მინდა.

თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტებიდან რას გაიხსენებთ?

მახსენდება უდარდელი ბაიკერის პირველი ჩვენება კანის კინოფესტივალზე. როდესაც დარბაზში ვიჯექი, უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი, როგორც კინოვარსკვლავის დაბადების მომენტი იყო. არადა მაშინ უკვე 10-12 ფილმში გახლდით გადაღებული და რეჟისორობაზეც კი ვფიქრობდი. ჩემზე ყველა ამბობდა, რომ კარგი მსახიობი ვიყავი. თუმცა, იყო უბრალოდ კარგი მსახიობი, დიდი წარმატების გარეშე –  ეს დამწყები მსახიობის პოზიციაა. უდარდელ ბაიკერში მონაწილეობამ კი ჩემი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. შესაბამისად, ჩემთვის ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო.

დღესაც გაქვთ მსგავსი მომენტები?  

დღეს ჩემზე ამბობენ, რომ დიდებული მსახიობი ვარ და ეს ცოტა არ იყოს, ყურს მჭრის. მსახიობისთვის არც ისე კარგია, ამის გამუდმებით მოსმენა.

თუმცა, საკმაოდ თავდაჯერებული ხართ…

ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ არ ვარ.

თქვენს სამსახიობო ოსტატობას ქალებთან ურთიერთობისას თუ იყენებთ?

ასე გადაჭრით ვერ ვიტყოდი.

და რა მოგწონთ ყველაზე მეტად ქალში?

განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს. ჩემთვის მთავარია, პიროვნება იყოს. ახლახანს დავიწყე წიგნის კითხვა იმის შესახებ, თუ როგორი განსხვავებული მოთხოვნები გვაქვს მამაკაცებს და ქალებს ერთმანეთისადმი… და რომ ორივე სქესი სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ.

მოგწონთ, როდესაც ქალი პირველი იჩენს ინიციატივას?

რატომაც არა, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე არასდროს ხდება. ქალები ძალიან თავშკავებულები და მორცხვები არიან ჩემთან ურთიერთობისას და ნამდვილად არ ვიცი, რატომ.

ხანმოკლე, თუნდაც ერთი ღამის ურთიერთობები უფრო გიზიდავთ თუ ხანგრძლივი?

შემიძლია ერთი ღამე გავატარო ვინმესთან, თუმცა ურთიერთობებს ასე არ ვუდგები.

თქვენი ცხოვრების მთავარი სიყვარული ვინ არის?

სამწუხაროდ, მხოლოდ ერთს ვერ დაგისახელებთ. 55 წლის ვიყავი, როცა ვთქვი, რომ მორჩა! სხვა ურთიერთობა აღარ მექნება-მეთქი. ჩემი უცნაური კრიტერიუმებიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ ამ ასაკში ახალი ურთიერთობის დაწყება გამიჭირდებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ყველაფერი ხდება.

ამ გადმოსახედიდან რამეს ხომ არ ნანობთ?

ისეთს არაფერს, გამუდმებით რომ ვფიქრობდე ამაზე. რა თქმა უნდა, ხანდახან რაღაცები მახსენდება, მაგრამ ვცდილობ, ღრმად არ ჩავეძიო… როგორც წესი, როდესაც განვლილ ცხოვრებას გადავხედავთ ხოლმე, იმას კი არ ვნანობთ, რაც ჩავიდინეთ, არამედ იმას – რისი გაკეთებაც შეგვეძლო და არ გავაკეთეთ.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments