ჯიმ კერი: “ამის გააზრება შოკისმომგვრელია”

(ინტერვიუ ჯიმ კერისთან)

 

ოდესმე სულიერი გასხივოსნებისთვის მიგიღწევიათ?

უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრ რამეს მივხვდი და ბევრი რამ გავაანალიზე. უამრავ საკითხთან დაკავშირებით შემეცვალა წარმოდგენები. რაღაც გამოფხიზლებასავით დამემართა. გავიაზრე და დავინახე, რომ ჩემი შემოქმედებითობა საკუთარი ცნობიერების ამაღლებას უნდა მოვახმარო. სულ ისმის კითხვები: ვინ ვართ? რატომ მოვედით ამ სამყაროში? არავინ და არაფერი ვართ, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არ არსებობს. ასეთია ჩემი პასუხები ამ კითხვებზე. ესაა ჩემი დაკვირვების შედეგი.

ასეთ თემებზე დაფიქრებისკენ რამ გიბიძგათ?

როგორ წესი, ასეთ თემებზე ფიქრს მაშინ ვიწყებთ, როცა ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი გვაქვს და მაინც უბედურად ვგრძნობთ თავს. როდესაც იმ ყველაფერს აისრულებ, რაზეც ბავშვობაში ოცნებობდი და კვლავ უბედური ხარ – ამის გააზრება შოკისმომგვრელია. შემდეგ თანდათან ხვდები, რომ ოცნებების ასრულება ბედნიერებას ვერ მოგიტანს. კარგი იქნება, თუ ყველას აუსრულდება ოცნებები და სხვებიც დაინახავენ, რომ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი.

თქვენ ასე დაგემართათ?

საკმაოდ მძიმე პერიოდი გავიარე. ასეთ დღეში ყოფნას არავის ვუსურვებ, თუმცა, ახლა რომ ვფიქრობ, ალბათ, ჩემი ახლანდელი, სიმშვიდით სავსე მდგომარეობა ამ ტანჯვად ღირდა. დრო დასჭირდა იმის ბოლომდე გააზრებას, რომ ის, რაც არსებობისთვის აუცილებლად მჭირდება, არის სიყვარული და სურვილი, სხვებსაც ვუყვარდე, ვიყო შემოქმედებითი და არ დავკარგო აღტაცების უნარი.

ალბათ, ამ გადმოსახედიდან, თქვენ მიერ შესრულებულ როლებს და პერსონაჟებს სხვაგვარად აღიქვამთ…

ვუყურებ ჩემს პერსონაჟებს და ვხედავ ჩემს თავს, რომელიც ცდილობს, ითამაშოს სხვა… მაგრამ, როგორ შემიძლია ამის გაკეთება? მაგალითად, როდესაც ენდი კაუფმანს ვთამაშობდი ფილმში ადამიანი მთვარეზე, ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ამ გმირში ჩემს თავს ვკარგავდი. თავისუფლად შემეძლო ამ პერსონაჟში მეცხოვრა. ეს ჩემი არჩევანი იყო. როდესაც გადაღებები დასრულდა და ენდი კაუფმანი აღარ ვიყავი, თვეზე მეტი დამჭირდა საკუთარი თავის გასახსენებლად: ვინ ვიყავი? რისი მჯეროდა? რა იყო ჩემი საქმე? რა მომწონდა და რა არა? საკუთარ თავთან დაბრუნების პროცესი საკმაოდ დეპრესიული აღმოჩნდა. ფაქტია, რომ ჩემში გარდამტეხი ცვლილებები მოხდა: თუ ჯიმ კერის ოთხი თვით საკუთარი თავის დავიწყება და სხვისი განსახიერება შეუძლია, მაშინ ვინ ჯანდაბაა თავად ჯიმ კერი, გეკითხებით, ვინ ჯანდაბაა?

და ვინ არის ჯიმ კერი?

მე ვიცი, რომ ის არ არსებობს. ის იდეებისა და წარმოდგენების ერთობლიობაა.

რას გულისხმობთ?

ჯიმ კერი – ეს სახელი და გვარი მშობლებმა მომცეს. ჩემი წარმომავლობაც – ირლანდიურ-შოტლანდიურ-ფრანგულ-კანადური – თავისთავად მომეცა. რელიგია, ჰოკეის გუნდი და სხვა რამეებიც ნელ-ნელა შეემატა ჩემს პიროვნებას. ჩვენ მთელი ამ განსაზღვრებების ერთობლიობა ვართ, ავატარის მსგავსები. შესაძლოა, ამ ავატარში თავს შესანიშნავად ვგრძნობთ, მაგრამ ეს ჩვენი რეალური სახე არ არის.

როგორ ფიქრობთ, იმ ენდი კაუფმანმა, რომელიც თქვენ შეასრულეთ, სიკვდილის წინ ბედნიერება იპოვა?

ის მაშინ იყო ბედნიერი, როცა ქმნიდა. კარიერით და სამსახურით ბედნიერი ვერავინ იქნება. კარიერა კარიერაა. ის ან გაქვს, ან – არა, თავისი კრახით თუ აღმასვლით, წარმატებით თუ წარუმატებლობით. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. რაღაცის შექმნის პროცესში კი ნამდვილად არის ბედნიერება.

 

წყარო: http://time.com 

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments