ჯორჯ მარტინი: “სიკვდილი ყველა მთავარ გმირს ემუქრება”

Episode 6 scene 20

მწერალი ჯორჯ მარტინი აგვისტოში სანქტ-პეტერბურგს ესტუმრა WorldCon-ის, ფანტასტიკისა და ფენტეზის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. პრესკონფერენციის დასაწყისში ჟურნალისტებს ის კითხვები დაურიგდათ, რომელთა მწერლისთვის დასმაც ეკრძალებოდათ, თუმცა, რაღაცების გაგება მაინც მოხერხდა:

 

მარტინს იდეები არსაიდან მოსდის. შესაძლოა, ჩემი არაცნობიერის სიღრმეებიდან. შესაძლოა, ჩემი ტვინის მარცხენა ნახევარსფეროდან, შესაძლოა, მარჯვენადან. ვიცი მხოლოდ ის, რომ ისინი ჩნდებიან და ფურცელზე გადატანას მოითხოვენ. 1991 წლის ზაფხულში მან ფანტასტიკურ რომანზე ავალონი დაიწყო მუშაობა, მაგრამ როდესაც 50 გვერდი დაწერა, ის სცენა წარმოუდგა თვალწინ, რომელიც შემდგომ სამეფო კარის თამაშების პირველ თავად იქცა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს სცენა ჩემი ცხოვრების ოცდაათწლიანი ოდისეის დასაწყისი გახდებოდა. მისი რომანების ერთ-ერთი მთავარი ინსპირაციის წყარო ტედ უილიამსის დრაკონის ძვლების გვირგვინია.

მკითხველებისგან წნეხს გამუდმებით გრძნობს. კვირაში შვიდ დღეს ვმუშაობ. მხოლოდ მაშინ არ ვწერ, როცა ვმოგზაურობ, ან როცა ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატია. ბოლო წლებში ჩემი ცხოვრება უფრო დამძიმდა, რაც წიგნებისა თუ სერიალის პოპულარობასთანაა დაკავშირებული… ათი წლის წინ პირველი ასისტენტი ავიყვანე, ახლა უკვე ხუთი მყავს.

ვესტეროსში რელიგიის არსებობა თავიდანვე ჩაფიქრებული ჰქონდა. ფენტეზის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მწერალმა, ტოლკინმა, თავის რომანში რელიგია უგულებელჰყო. იქ ვერ შეხვდებით ვერც მღვდლებს, ვერც ტაძრებს და ვერც სხვა რელიგიურ ატრიბუტიკას. ამის შესახებ უამრავი თეორია არსებობს და აღარ ჩავუღრმავდები, მაგრამ როცა შუა საუკუნეები შევისწავლე, მივხვდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო იმ ეპოქისთვის რელიგია. კათოლიკედ აღვიზარდე, თუმცა ყოველთვის მსუბუქი სკეპტიციზმით ვუყურებდი მღვდლებსა და ბერ-მონაზვნებს, ვსვამდი მათთვის უსიამოვნო კითხვებს. კოლეჯში კათოლიციზმს თავი დავანებე. მარტინს ამ ისტორიაში რელიგიისა და ფენტეზის სხვადასხვა მხარეების დაკავშირებაც აინტერესებდა და ასკვნის, რომ რელიგია სწორედაც რომ ფენტეზია.

წიგნის პერსონაჟების მოკვლა – ნორმალურია. ბავშვობიდან ვერ ვიტანდი ისეთ წიგნებს, სადაც თავიდანვე ცხადი იყო, რა როგორ მოხდებოდა, სადაც უმალვე ვხვდებოდი გმირზე, რომ წიგნის დასასრულს გაიმარჯვებდა. ისეთი წიგნები მიყვარდა, რომლებიც მაოცებდნენ, რომლებიც გაუგებარი გზებით მატარებდნენ, ემოციებს აღმიძრავდნენ. როდესაც მნიშვნელოვან გმირს თავიდანვე კლავ, მკითხველი ხვდება, რომ ავტორი სერიოზულადაა განწყობილი და წიგნში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, რომ სიკვდილი ყველა მთავარ გმირს ემუქრება. ამიტომაც მოვკალი ნედ სტარკი. ეს თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული, რათა წინა პლანზე მისი შვილები წამომეწია.

თეორია ჯონ სნოუზე. ერთ-ერთი გავრცელებული თეორიის თანახმად – მწერალი ჯონ სნოუს მოსაკლავად ვერ გაიმეტებს, რადგან კიტ ჰარინგტონი ძალიან ჰგავს ჯორჯ მარტინს ახალგაზრდობაში. მარტინს ამაზე სმენია. ვეძებოთ სიმართლის მარცვალი? წარმოდგენა არ მაქვს! ისიც კი არ ვიცი, ჩემი ეს ფოტო საიდან გამოჩხრიკეს! საერთოდ არ მახსოვს! ერთობ დამაიმედებელი პასუხია.

სიუჟეტური ნაპრალები ანუ შეცდომები. ეს პასუხი იმ ჩასაფრებულ მკითხველებს მოეწონებათ, ვინც მის წიგნებში სიუჟეტურ ლაფსუსებს ეძებს: რადგან მათ ეს მოსწონთ, დაე, გააგრძელონ ძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩემს ისტორიაში ბევრი შეცდომაა. მე ხომ მამა ღმერთი არ ვარ, შეცდომებსაც ვუშვებ, ფანატები კი მათზე მიმითითებენ. მაგალითად, თვალები. სულ მავიწყდება, ვის რა ფერის თვალები აქვს. ერთმა შენიშნა, რომ ცხენის სქესსაც ვურევ. რას იზამ, ცხენების სქესთან საქმე ნამდვილად ცუდად მაქვს!

საყვარელი დრაკონი კინოფილმებიდან. ყველაზე მეტად რომელი მათგანი მოსწონს? რა თქმა უნდა, ტოლკინის სმაუგი ჩემი სიყვარულის მთავარი კანდიდატია, მაგრამ ფავორიტი მაინც ვერმიტრაქსია 1981 წელს გადაღებული ფილმიდან Dragonslayer. მისი მსგავსი არც მანამდე შექმნილა და არც მას შემდეგ. მას ერთადერთი, კომპანია Weta-ს გაკეთებული სმაუგი გაუთანასწორდა. ჯერ მარტო როგორი სახელი ჰქვია – ვერმიტრაქსი! დრაკონისთვის შესანიშნავია! ყველაზე საძულველი დრაკონი? ესეც გავიგეთ. როგორც აღმოჩნდა, ჯორჯ მარტინი ვერ იტანს დრაკონს ფილმიდან დრაკონის გული.

რა უფრო გულდასაწყვეტია: ცხოველის თუ ადამიანის სიკვდილი? ერთობ რთული კითხვაა. სერიალის მაყურებელს ცხოველის სიკვდილი უფრო ადარდებს, ვიდრე ადამიანის. რატომ ხდება ასე? მათ, ალბათ, ებრალებათ ცხოველები. პირველ სეზონში, როდესაც მგელი ლედი მოკვდა, ათასობით ადამიანს დასწყდა გული. იმავე სერიაში ყასაბი ბიჭიც დაიღუპა, მაგრამ ამით არავინ შეწუხებულა. აზრზე ხარ? ვიღაც სულელი ტიპი მოკლეს! მაგრამ კლავენ მგელს – და მე ვიღებ წერილების ზღვას: “როგორ შეგეძლოთ, ეს გაგეკეთებინათ?!”

გადარჩენის რეცეპტი მის წიგნებში არ არსებობს. ვფიქრობ, წესი, თუ როგორ უნდა გადარჩე, არსად არ არსებობს. რა თქმა უნდა, ბრძოლის დროს დაღუპვის შანსები უფრო მაღალია, მაგრამ მისგან მოშორებით ყოფნაც სიცოცხლის გარანტიას ვერ მოგცემს. Valar morghulis! ყველა ადამიანი მოკვდავია. სამწუხაროდ, ეს ყველას ეხება. ყველა, ვინც კი ამ დარბაზში ზის, ერთხელაც მოკვდება.

 

წყარო: Kinopoisk

მოამზადა ბექა სუხიტაშვილმა

Comments

comments