ჯუდი დენჩი: “შიში უზარმაზარ ენერგიას გაძლევს”

მე და მაიკლი (ჯუდი დენჩის მეუღლე), უბრალოდ, ერთ ოთახში ერთად ყოფნით ვიყავით ბედნიერები. მაიკლი რეალისტი იყო და მიწაზე მყარად იდგა. ის კირჩხიბი იყო, მე კი მშვილდოსანი ვარ. ყოველთვის მიმეორებდა: “მე სიბნელისკენ მივილტვი, შენ კი – სინათლისკენ.” შუალედი რომ გვეპოვა, ბალანსსაც მივაღწევდით.

ერთადერთ რამეზე მწყდება გული – უფრო მეტი შვილი რომ არ გავაჩინე.

სცენარების კითხვას სხვისი მონაყოლის მოსმენა მირჩევნია.

ვერავინ გეტყვის, როგორ ითამაშო. შეიძლება, ვიღაცამ რჩევა მოგცეს, მაგრამ საბოლოოდ, შენი გზა შენ თვითონ უნდა იპოვო.

რა თქმა უნდა, ფიცხი ვარ! და ვინ არ არის?! ასაკის მატებასთან ერთად, რაღაცებზე კიდევ უფრო მარტივად ვბრაზდები. ზოგადად, უსამართლობაზე ყოველთვის ვრეაგირებ.

მეკითხებიან ხოლმე: რა არის ფილმის – ოთახი ხედით წარმატების ფორმულა? ფილმი არ მინახავს, შესაბამისად, პასუხსაც ვერ გაგცემთ. რა თქმა უნდა, ფლორენცია, ისევე, როგორც ფილმში მოთხრობილი სასიყვარულო ისტორია, მშვენიერია. ამ როლით ძალიან ვისიამოვნე. თანაც მე და მეგი სმითი 1958 წლიდან ვმეგობრობთ და ისე მოხდა, რომ ფლორენციაში ორივე ერთ დღეს ჩავედით და მთელი ის პერიოდი ერთად გავატარეთ. ჯეიმს აივორთან მუშაობა კი უსიამოვნოდ მახსენდება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს მას არ სურდა, რომ ამ ფილმში მეთამაშა. ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ჩემი გმირი ღია ბარათების გამყიდველს გაბრაზებული მივარდება და ეჩხუბება. ამ ეპიზოდით ყველამ იხალისა და აივორიმაც შემაქო. თუმცა, შემდეგ ეს სცენა ამოჭრა და როცა ამის შესახებ ვკითხე, მომიგო, რომ იმ დღეს ჰელენა ბონემ კარტერი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მასაც მთელი სცენის ამოჭრა მოუწია. არ ვიცი, ეს მიზეზი რამდენად მართალია, მაგრამ ფაქტია – აივორიმ სცენა ამოჭრა.

ერთხელ ძალიან ბევრი უარყოფითი რეცენზია წავიკითხე და გადავწყვიტე, აღარასოდეს აღარაფერი წამეკითხა. ჩემ მიერ განსახიერებული როლებისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.

ასაკთან ერთად ვნება არ მცირდება, პირიქით – ის სულ უფრო და უფრო ამაღელვებელი ხდება. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. შენი საქმე – შენი სარკეა. მღელვარება – ეს შენი ნაწილია, რომელიც ენერგიას გძენს.

ერთხელ სოფი ლორენი გადასაღებ მოედანზე გვეწვია. მე ის არასდროს მენახა და შიშმა შემიპყრო. თუმცა, თავი ხელში ავიყვანე და მომენტალურად მოწოდების სიმაღლეზე დავდექი.

ჩემი კარიერა დაიწყო “მისის ბრაუნით”, რომლის პროდიუსერიც ჰარვი ვაინშტაინი გახლდათ. ერთხელ, ლანჩზე მას ვუთხარი, რომ უკანალზე მისი სახელი დავიწერე. მან ეს ფაქტი სამუდამოდ დაიმახსოვრა.

სცენაზე თავს ბევრად კომფორტულად ვგრძნობ. კინოსგან განსხვავებით, თეატრში აუდიტორიასთან პირდაპირ დიალოგში შედიხარ და მათი რეაქციების მიმღებიც ხდები. სპექტაკლის დაწყებიდან ორ წუთში უკვე იცი, თუ როგორ ჩაივლის საღამო. კინოში კი რეჟისორზე ხარ დამოკიდებული. რეჟისორის წასვლისთანავე ახლადფეხადგმულ ბავშვს ემსგავსები.

შეიძლება, საქმეს სერიოზულად მოეკიდო, საკუთარ თავს კი – ვერა. ეს საუკეთესო კომბინაციაა.

აღნიშნე ის, რაც გამოგდის და გეხერხება და საკუთარი ძალები ახალ გამოწვევებში გამოსცადე.

შიში უზარმაზარ ენერგიას გაძლევს და შენ მისი გამოყენება სასიკეთოდ შეგიძლია. ძლიერი შიშის დროს ჩემს თავს ვეუბნები: “და აი, ისიც! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნავთობიც დაიძრა!”

პენსიაზე გასვლას არ ვაპირებ. ჯერ კიდევ ენერგიაზე ვარ და მინდა, დიდხანს ვიმუშავო. მუშაობასა და სწავლას ყოველდღიურად ვსაჭიროებ.

 

წყარო: www.imdb.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments