კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნურ სამეფოში!

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

1971 წელს ფლორიდაში გაიხსნა უოლტ დისნეის ჯადოსნური სამეფო (Magic Kingdom), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ადგილად ითვლება. დიდმა თუ პატარამ, ღარიბმა თუ მდიდარმა – ყველამ იცის, რას წარმოადგენს ეს ჯადოსნური სამყარო, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ “ქალაქის” მეზობლად, დისნეის პროექტით არსებობს ფერად-ფერადი პატარა სასტუმროები, რომლებიც ვიზუალურად ჯადოსნურად გამოიყურება, თუმცა იქ მცხოვრები მოსახლეობა სიღარიბის უკიდურეს ზღვარზეა. სწორედ ეს თემა გახდა ინსპირაციის წყარო შონ ბეიკერის ფილმისა: პროექტი “ფლორიდა”.

სიუჟეტი ბავშვების გარშემო ვითარდება. მუნი და მისი მეგობრები ზაფხულის დღეებს თავგადასავლებში ატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ბავშვებზეა, ეს დიდების ფილმია, რადგან მეგობრების თავგადასავლები ისეთ გართობას მოიცავს, როგორიცაა მეზობლის მანქანაზე დაფურთხება თუ მიტოვებულ სახლში ხანძრის გაჩენა. მათი სიტყვები და ჟესტიკულაციები ვულგარულია და სულაც არ ჰგავს ექვსი წლის ბავშვების საუბრებს. ასაკის მიუხედავად, ისინი ნამდვილად არ აზროვნებენ ბავშვებით. როდესაც მუნი დანაღვლიანებული ამბობს ფრაზას უფროსების ტირილთან დაკავშირებით, შეიძლება გაგვახსენდეს ოთახის პატარა ჯეკი, რომელიც მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხალხს სულ სადღაც ეჩქარება. ასეთი ბავშვები გვარწმუნებენ, რომ იმაზე მეტი იციან, მეტს ხედავენ და გრძნობენ, ვიდრე ჩვენ ამის წარმოდგენა შეგვიძლია.

მუნი იისფერ სასტუმროში, სახელად Magic Castle ცხოვრობს, მისი მეგობარი ჯენსი კი მეზობელ ქუჩაზე, სასტუმრო Futureland-ში. სახელწოდებები და სასტუმროთა ვიზუალი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათი ბინადრები წესით უზრუნველად უნდა ცხოვრობდნენ… მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა ეს ადგილები სამოთხედ იქციეს, ამ ბედნიერების უკან დგანან მშობლები, რომლებიც პროსტიტუციით არიან დაკავებულები, რათა შვილებს ელემენტარული მისცენ. მოკლედ რომ ვთქვათ, არც “ჯადოსნურ სასახლეში” და არც “მომავლის მიწაზე” ხალხს არც ჯადოსნური ცხოვრება აქვს და არც მომავალი გააჩნია.

მსგავსი ფასადური სილამაზე ყველგან გვხვდება (მათ შორის საქართველოშიც). მთავარია, შესასვლელი კარი იყოს კარგად შეღებილი, ზედ დაკიდებულ აბრაზე კი ვკითხულობდეთ წარწერას: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯადოსნურ სამეფოში! ფილმში წარმატებული პიარის ეს ნაწილი კარგად არის ნაჩვენები ერთ სცენაში, როდესაც ახალდაქორწინებული წყვილი დისნეილენდში გადაწყვეტს თაფლობის თვის გატარებას და სასტუმრო Magic Castle-ს აკითხავს, ჯადოსნური სასახლის ნაცვლად კი საერთო საცხოვრებელი ხვდებათ და მათი რეაქციაც სრულიად ბუნებრივი ხდება.

ფილმის სიუჟეტი დრამატულ ემოციებზეა აგებული, თუმცა მთავარი პერსონაჟები – პოზიტიური მუნი და დედამისი, – ლურჯთმიანი, ტატუებიანი და პირსინგებიანი ჰალი, მაყურებლებს განწყობას გვიმსუბუქებენ და არ გვაძლევენ მიზეზს, ფილმში წარმოჩენილმა პრობლემებმა დაგვამძიმოს. ფინალური კადრი კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ იდეას, რაზეც მთელი ფილმია აგებული.

Comments

comments