კიმ კატრალი: “უპირატესობას ახალგაზრდა მამაკაცებს ვანიჭებ”

ჩემი ცხოვრება უმეტესწილად მარტოსულობის ამბავია. ფანტასტიკური, მაგრამ მაინც მარტოსულობის ამბავი.

ვიცი, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკი, სოციალური და პირადი ცხოვრება ერთდროულად ვერ მექნება. მინდა, მქონდეს დრო, რომ უბრალოდ დავჯდე, ვისუნთქო და განვიტვირთო.

ადამიანებს სურთ, იყვნენ სასურველები და სწორედ ამიტომაა, რომ ძალიან ბევრი ჩემი ასაკის და კიდევ უფრო ახალგაზრდა ბოტოქსს და პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებს.

მე 56 წლის მარტოხელა ქალი ვარ. უამრავ ჩემი ასაკის კაცს ვხედავ ბევრად ახალგაზრდა ქალთან ერთად და ასევე, ჩემი ასაკის ქალებს ახალგაზრდა კაცებთან ერთად. ორივე სიტუაციაში ვყოფილვარ და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ როდესაც ისეთ ადამიანს ვიპოვი, ვისთან ყოფნაც მომინდება, მისთვის ყველაზე სექსუალური ვიქნები.

დედად ყოფნის უამრავი გზა არსებობს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მსახიობი მყავს, რომელსაც მენტორობას ვუწევ. გარდა ამისა, ჩემს დიშვილებსა და ძმიშვილებსაც სჭირდებათ დიდი სიყვარული.

რაც უფრო შევდივარ ასაკში, მით უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის ვარჯიში. ერთადერთი, რისი კეთებაც ყოველთვის მინდა, ინტენსიური გაჭიმვებია.

მე ვზრუნავ საკუთარ თავზე. ვგულისხმობ დიეტას, ვარჯიშსა და სტრესის მინიმალიზაციას. ვხუმრობ ხოლმე, დიეტაზე 1974 წლიდან ვარ-მეთქი. თუმცა, ეს რაღაც მხრივ სიმართლეს შეესაბამება.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს მეც მეყოლებოდა შვილები. ხუთი წლის ასაკში წარმოსახვაში ასობით ძაღლი და ასობით ბავშვი მყავდა.

ქალების დიდი ნაწილის მსგავსად, თმას მეც ვიღებავ. ქერა არ ვარ, მუქი ფერის თმა მაქვს. ვვარჯიშობ და ვცდილობ, კარგ ფორმაში ვიყო, არა მხოლოდ სამსახურისთვის, არამედ ჩემთვის. მინდა, ძალიან დიდხანს ვიცოცხლო. ასე რომ, კარგად ვუვლი თავს და თუ ამას მე ვერ ვახერხებ, ისეთ ადამიანებს მივმართავ, ვისაც ეს შეუძლიათ.

შენი გარდერობი შენი პირადი სივრცე უნდა იყოს.

ჩემთვის არასდროს ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი ის, თუ როგორ გამოვიყურები. ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის ჩემი გარეგნობა მისაღებია. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის.

მე უპირატესობას ახალგაზრდა მამაკაცებს ვანიჭებ. ისინი უფრო გახსნილები არიან ძლიერ და დამოუკიდებელ ქალებთან, ვიდრე ჩემი ასაკის მამაკაცები.

არ ვარ დაინტერესებული ბარბის თოჯინად ყოფნით და საკუთარი თავის სოსისად გადაქცევით. მე მინდა, ისეთ მსახიობებს მივბაძო, როგორებიც ჰელენ მირენი და ჯუდი დენჩი არიან. მათ აქვთ ხაზები (ნაოჭები) სახეზე და არ ეშინიათ თავიანთი ასაკის პერსონაჟების თამაში.

როლები ქალებისთვის ბევრად უკეთესია თეატრში, ვიდრე კინოში.

სექსი დიდ ქალაქში არის იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ქალი. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაზეც ხალხი ფიქრობს, მაგრამ არ გამოხატავს. ეს ქალებს და კაცებს აძლევს საშუალებას, ხმამაღლა ისაუბრონ ამ თემებზე.

ფულს ჭკვიანურად ვხარჯავ. ზედმეტის გადახდის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა, არც ის მინდა, გამყვლიფონ.

მე არ ვარ ჰოლივუდის სუპერ-გამხდარი ვარსკვლავი. მე იმ კაცებისთვის ვარ შექმნილი, ვისაც უყვართ ქალები, რომლებიც ქალურად გამოიყურებიან.

 

წყარო:  http://www.imdb.com;  https://www.brainyquote.com

მოამზადა ნიკა თამარაშვილმა

Comments

comments