კრისტიან ბეილი: “არანაირი ბედისწერა არ არსებობს”

Christian Bale at the Hollywood Foreign Press Association press conference for the movie "Batman Begins" held in Los Angeles, CA on June 6, 2005. Photo by: Yoram Kahana_Shooting Star. NO TABLOID PUBLICATION. NO USA SALES UNTIL SEPTEMBER 7, 2005.

არანაირი ბედისწერა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ის, რასაც აკეთებ და ის, რისი წამოწყებისაც გეშინია.

დიადი მსახიობების სიაში ბოლოდან მესამე ადგილს დავჯერდებოდი.

მიყვარს მწვავე კრიტიკა. ვხალისობ, როცა ხალხი ჩემი ფილმის ნახვის შემდეგ მეუბნება: “მკვდარ პიქშაზე ოდნავ უკეთ ითამაშე”, ანდაც: “ყველაზე ბანძი მსახიობი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს”.

YMCA-ს (ახალგაზრდა ქრისტიან-ვოლონტიორთა ორგანიზაცია, სადაც 10 წლის ბეილმა შემწვარი კვერცხი განასახიერა) თუ არ ჩავთვლით, არანაირ სამსახიობო ოსტატობაზე არ მივლია.

დედაჩემი მოცეკვავე იყო, მამაჩემი – პილოტი. იქონია თუ არა ამან ჩემზე გავლენა, ამის გასარკვევად ფსიქოთერაპევტს უნდა მივაკითხო.

ბავშვობა მაშინ მთავრდება, როცა პასუხისმგებლობა იწყება. 13 წლის ასაკში მზის იმპერიაში  ვითამაშე (სტივენ სპილბერგის 1987 წელს გადაღებული ფილმი) და ამით ჩემი ბავშვობაც დასრულდა, იმიტომ, რომ მამაჩემმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამსახური დაკარგა და მე უეცრად ოჯახის მარჩენალი გავხდი.

ჩემი ბავშვობის სახლი ტყეში იდგა. შვიდი წლისას ყველაზე მეტად ამ ტყეში, მარტო ხეტიალი მიყვარდა. ღამით შუაგულ ტყეში ამოვყოფდი ხოლმე თავს. მეშინოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მთელი ხიბლიც ამაში იყო: შიში და უკუნეთი სიბნელე, რომელშიც სულ უფრო და უფრო ღრმად შედიხარ. პირველად საკუთარი თავი სწორედ მაშინ აღმოვაჩინე.

სოკოს მსგავსად, მეც ყველგან და ყველაფერში ჩრდილს ვეძებ. ჩემი აზრით, სოკოდ ყოფნა სულაც არაა ცუდი.

ხელახლა დაბადების შემთხვევაში, სამყაროს კონკრეტულ ადამიანად – მარკ მარკესად მოვევლინებოდი (ესპანელი მოტომრბოლელი). ეს ის ბიჭია, რომელიც მოტოგპ-ში მისვლისთანავე ჩემპიონი გახდა.

მხოლოდ ძილით ვარ შეპყრობილი.

ინტერვიუს დროს რესპონდენტი საქმის უბადლო შემსრულებლად გამოჰყავთ. ვერ ვიტან, როცა ახალი თაობის საუკეთესო მსახიობს მიწოდებენ, რადგან მათთვის ყველა ამ თაობის საუკეთესო მსახიობია.

მე სხვა მსახიობების ცხოვრება არ მაინტერესებს და მიკვირს მათი, ვისაც აინტერესებს. კონკრეტულ ადამიანზე რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო მიკერძოებული ხდები და მას შენს პიროვნებასთან აიგივებ.

როცა ჩემთან მოვიდნენ და ბეტმენის როლის შესრულება შემომთავაზეს, გავიფიქრე, ეს რაღაც ხუმრობაა-მეთქი.

კომიქსები მაშინ შემიყვარდა, როცა მივხვდი, რომ ის სხვა არაფერია, თუ არა თანამედროვე მითოლოგია. ძველი ბერძნული მითები ყოველთვის მიყვარდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ სუპერგმირები ჩვენი დროის ღმერთები არიან.

სამწუხაროდ, ბეტმენი ბრიტანული აქცენტით ვერ საუბრობს და მე, როგორც ინგლისელს, ეს მაშინვე მამცნეს.

კინოს ერთი უცნაურობა ახასიათებს: რაც უფრო მარტივია როლი, მით უფრო მეტს გიხდიან.

არსებობს მოსაზრება, რომ სერიოზულ მიდგომას მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი, საავტორო კინო საჭიროებს. მე კიდე მსგავსი სნობიზმი მეზიზღება.

ზოგჯერ გადასაღებ მოედანზე, ჩხუბის სცენის დროს ვიღაც ისეთი ძალით გგლიჯავს, რომ წონასწორობას კარგავ. შემდეგ ამ სცენას უყურებ და მას მეგობრულ მიტყაპუნებად აღიქვამ. მეორე დუბლზე, იმავე დარტყმას შენელებულად, თითქმის ხელშეუხებლად გაყენებენ და მას ისევ ეკრანზე უყურებ და ფიქრობ: “ეშმაკმა დალახვროს, კაი მტკივნეული დარტყმა უნდა ყოფილიყო!”

ახლა კარიერაში განსაკუთრებული პერიოდი მაქვს – ებრაელ ხალხს ვანსახიერებ.

მოსე: ღმერთები და მეფეების გადაღების შემდეგ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სასულიერო წიგნებს მრევლზე უკეთ ვიცნობ. მაგალითად, იცოდით, რომ მოსემ თავისი 3000 კაცი მოკლა, რომელთაგან უმრავლესობას ოქროს შეჭმა აიძულა? ანდა ის ეპიზოდი “წიგნი რიცხვთადან” (31-ე თავი, სადაც მოსეს რაზმი მადიანელთა ბანაკს ანადგურებს)? ასეთ საქმეებს მხოლოდ ჰააგის სასამართლოში თუ იხილავთ! მან ბრძანა: “მოდი, ყველა დავხოცოთ… თუმცა, მოიცათ, გავანადგუროთ ყველა, ქალწულების გარდა! მეომრებო, ისინი თქვენთვის მომირთმევია!”

ისტორიულ ფილმებში გაპარულ უზუსტობაზე მხოლოდ იდიოტი თუ ამოიღებს ხმას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იქ ხომ ყველანი ინგლისურად ვსაუბრობთ.

ყველა რეჟისორი გეუბნება, რომ ამ ფილმს შენ გარეშე არ გადაიღებს… შემდეგ მიდის სხვასთან და ეუბნება: “იცი, ეს სცენარი შენთვის დავწერე”.

არ მიყვარს კინობიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ისინი სხვებისგან არაფრით განსხვავდებიან. უბრალოდ, ბევრი მათგანი პოზიორობს.

ჩემთან მიმართებით ყველას ერთი ხუმრობა აქვს ამოჩემებული. მეუბნებიან: “შენ ვერ იტან გამარჯვებულებს, ლუზერები გიყვარს, და რაც უფრო ლუზერია ადამიანი, მით უფრო გიყვარდება იგი.” არადა წარმატებული ადამიანი დროს უაზროდ არ კარგავს, აი, ლუზერს კი დრო მაგრად ჰკიდია და სწორედ ამ დამოკიდებულების გამო მისწორდება მათთან ყოფნა.

ვერ ვიტან, როცა ფოტოს მიღებენ. სწორედ ამიტომაა, რომ ფოტოების უმეტესობაში ავადმყოფს ვგავარ.

მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა: “მოწყენა – ცოდვაა”, და მე ამ დევიზით ვცხოვრობ.

კარგი სცენარის ფონზე ჭკვიანი და საინტერესო ვჩანვარ.

ახლახანს ვფიქრობდი: “ეშმაკმა დალახვროს, უკვე 40 წლის ვარ და ჯერ კიდევ ვიზრდები”. ერთხელ, ერთ ფილმში გადაღება შემომთავაზეს და მეუბნებიან: “ეს ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზეა”. მე ჩავეკითხე: “მამას ვინ ასრულებს?” და იქვე გავაგრძელე: “ჯანდაბას, უკვე მე თვითონაც ხომ მამა ვარ!”

ყველა ანეკდოტი ქალიშვილისგან ვისწავლე.

მომენატრება ბეტმენი. ძალიან დამაკლდება ტანზე მოტმასნილი თბილი, ოფლიანი რეზინი.

სხვებმა უნდა იწინასწარმეტყველონ ის, თუ რა იმალება შენ შიგნით.

 

წყარო: www.esquire.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments