კრისტიან ბეილი: “ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი ადამიანი ვარ”

(ინტერვიუ კრისტიან ბეილთან)

 

ყველაზე მხიარულად რომელი ფილმის გადაღებები გახსენდებათ?

ახლა უცებ ვერნერ ჰერცოგთან მუშაობის პერიოდი გამახსენდა, მაშინ განთიადის იმედს ვიღებდით ტაილანდში და სულ ვერნერის ხმა ისმოდა: კი მაგრამ, რას აკეთებთ, სიკვდილი გინდათ? ასე ხომ შეიძლება გველმა გიკბინოთ? მართლა დიდებული დრო გავატარეთ. ჩვენი გადარეული პილოტები ხეების კენწეროებთან დაფრინავდნენ ჯუნგლებში. კაი დრო იყო, სულ მსიამოვნებს გახსენება.

მოგწონთ, როდესაც გადაღებები სახიფათოა?

ძალიან მომწონს, როცა გადაღებების პროცესი მცირეოდენ ექსტრიმს მაინც შეიცავს. მოსაწყენია, როდესაც ზედმეტად სტერილურ გარემოში მიწევს მუშაობა. რაც უფრო ვშორდები სტუდიებსა და პავილიონებს, მით უფრო სასიამოვნოა ჩემთვის ეს პროცესი. შეიძლება, ძალიან საშიშ და სახიფათო სიტუაციებში აღმოვჩნდე, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური თვალსაზრისით, მაგრამ ეს უფრო მომწონს. იმედგაცრუებული დავრჩები, თუ მომავალში კიდევ უფრო მეტი ამგვარი გამოცდილება არ მექნება.

სწორედ ამის გამო ხომ არ გირჩევნიათ, პატარა ინდი ფილმებში ითამაშოთ, ვიდრე ბლოკბასტერებში?

როდესაც მასშტაბურ ფილმებში თამაშობ, გიწევს, უფრო თავშეკავებული და გაუბედავი იყო, რადგან შენ გარდა უამრავი ადამიანია მასში ჩართული და ამას ანგარიში უნდა გაუწიო. პატარა ფილმებში კი, უფრო ნაკლები ვალდებულება და ჩარჩოა.

მეც მგონია, რომ ინდი კინოში მეტი შანსია, უკეთ ააგო პერსონაჟი და საკუთარი თავიც უფრო გაბედულად გამოამჟღავნო შენს გმირში…

დიახ, მართალი ხართ, და თან ასეთ დროს სისულელეებისგანაც თავისუფალი ხარ, მაგალითად, როცა ყველა კინოვარსკვლავს გიწოდებს. მე სულაც არ ვგრძნობ ასე. როდესაც მასშტაბურ როლს მთავაზობენ, სულ ვცდილობ, ამ ე.წ. ვარსკვლავურ პერსონაჟს რაღაც ხასიათი მოვუძებნო. არასდროს მიგრძვნია თავი კინოვარსკვლავად და არც მაქვს ამის სურვილი.

არადა, ნამდვილად კინოვარსკვლავი ხართ…

კინოში იმიტომ არ ვთამაშობ, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა მიყვარს… პირიქით, მაწუხებს კიდეც. რა თქმა უნდა, ეს გადასაღებ მოედანს არ ეხება, მაგრამ ცხოვრებაში საკმაოდ მშვიდი ადამიანი ვარ. ძალიან მიკვირს, როცა ჩემზე ამბობენ, კინოვარსკვლავიაო. მე ასე არ ვფიქრობ და არც ამ წრის ნაწილად ვგრძნობ თავს.

მაშინ რატომ თამაშობთ ბლოკბასტერებში?

მომწონს ემოცია, როცა თავდაპირველად სცენარს ვკითხულობ და აღმოვაჩენ, რომ მასში არის რაღაც, რაც შეიძლება ცდად ღირდეს. ამ დროს პერსონაჟის მიმართ გარკვეული სახის ემპათიას განვიცდი და ვფიქრობ: მე შემიძლია, ეს გმირი სხვა კუთხით წარმოვაჩინო… ამიტომ, არ ვაკვირდები, ბლოკბასტერი იქნება თუ ინდი ფილმი, უბრალოდ, სხვის ტყავში შეძრომა მიყვარს.

ყოველთვის გიყვარდათ?

როდესაც გავიზარდე, სხვადასხვანაირ ხალხს შევხვდი და ბევრ განსხვავებულ გარემოში აღმოვჩნდი, ამიტომ სულ ვცდილობდი, სიახლეებს სწრაფად შევგუებოდი. ამაში კი სხვების ტყავში შესვლა და მათ ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენა მეხმარებოდა.

დედათქვენი მოცეკვავე იყო, ხოლო მამა – პილოტი. როგორ ფიქრობთ, მშობლების პროფესიებმა თქვენს კარიერაზე გავლენა იქონია?

მგონი, ამ კითხვას სრულად რომ ვუპასუხო, თერაპიაზე უნდა ვიჯდე. მამაჩემთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ის საკმაოდ შემოქმედებითი ადამიანი იყო და ცხოვრებას განსხვავებულად უყურებდა. სწორედ მისგან ვისწავლე, რომ ჩემი პროფესიის გამო ბევრ გადარეულ ადამიანთან მომიწევდა შეხვედრა და ყბა არ უნდა ჩამომვარდნოდა. მისი დევიზი გახლდათ: მოწყენილობა ცოდვაა. არა უშავს, თუ ჩაფლავდები, მთავარია, რაღაც განსხვავებულის გაკეთებას ცდილობ. ყოველთვის ასეთი იყო და მისი ეს ხასიათი ძალიან შთამაგონებდა.

როდესაც სტივენ სპილბერგმა მზის იმპერიაში გადაგიღოთ, მხოლოდ 13 წლის იყავით. როგორ იმოქმედა ამ გამოცდილებამ თქვენს სურვილზე – გამხდარიყავით მსახიობი?

მან გამიქრო ეს სურვილი. მაშინ ვფიქრობდი: “ამას აღარასოდეს გავაკეთებ.” რა თქმა უნდა, ეს სპილბერგის ბრალი არ იყო. უბრალოდ, როდესაც თინეიჯერი ხარ, არაა სასურველი, ასეთი ცნობილი გახდე. კინო მოზრდილების პროფესიაა. მნიშვნელობა არ აქვს, იღებ თუ არა სიამოვნებას გადაღებების პროცესში, საბოლოოდ, ის პასუხისმგებლობები გეკისრება, რაც ამ ასაკისთვის შეუფერებელია. ამიტომ, მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, რომ მსახიობობას შევშვებოდი. კინოს საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ დავუბრუნდი, თუმცა საკმაოდ ზერელე დამოკიდებულებით: რაღაც როლებს ვთამაშობდი, რომლებშიც გულით არ ვიყავი ჩართული.

რეჟისორობაზე არასდროს გიფიქრიათ?

რეჟისორები მეუბნებიან, რომ მეც უნდა გადავიღო ფილმი, რადგან სწორედ იმ კითხვებს ვსვამ, რაც რეჟისორმა უნდა დასვას, და როგორც წესი, მსახიობისგან ამგვარ შეკითხვებს არ ელიან ხოლმე. რეჟისურა კამერის უკან დგომას და იქიდან მართვას მოითხოვს, მე კი მომწონს, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ პასუხისმგებელი.

კი, ეს რეჟისორობაში ნამდვილად შეგიშლიდათ ხელს…

რა თქმა უნდა. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვუპასუხო ამდენ განსხვავებულ ადამიანს. ერთხელ ერთმა რეჟისორმა მითხრა, რას ნიშნავს ფილმის გადაღება მისთვის: წარმოიდგინე, ხელში გიჭირავს ფუნჯი, რომელიც ორი დიდი ლოდის ხელაა. ერთია კამერა და მეორე – მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფი. ამ ლოდებს ყველა თავისკენ მიაგორებს, შენ კი ცდილობ, შენკენ მოსწიო და როგორც ჩაფიქრებული გქონდა, ისე გამოვიდეს ყველაფერი. ამიტომ არ ვიცი, მომინდება თუ არა მსგავსი სამუშაოს შესრულება. ჩემი ამჟამინდელი საქმე და პასუხისმგებლობაც ძალიან მომწონს. ესაა და ეს.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments