კვენტინ ტარანტინო: “ეს გარყვნილი კინემატოგრაფიაა”

(ინტერვიუ კვენტინ ტარანტინოსთან)

 

თქვენი ფილმებიდან გამომდინარე, მინდა, გკითხოთ: ქალების ფეხებით შეპყრობილი ხართ?

ამას არც ვმალავ. თუ ქალის ფეხებზე შეყვარებულ რეჟისორებს გავიხსენებთ, მათ შორის აუცილებლად იქნებიან ალფრედ ჰიჩკოკი, ლუის ბუნუელი, სამუელ ფულერი – მშვენიერი კომპანიაა. ისინი ნამდვილად დიდი რეჟისორები იყვნენ, რადგან კარგად იცოდნენ, საით მიეშვირათ კამერა. თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩემს ფილმებში ფეხებსა და ტრაკს თანაბარი დრო ეთმობა.

ისევე, როგორც ძალადობას…

მე უბრალოდ ამბებს ვყვები და ჩემს საქმეს ვაკეთებ. ჟანრების და ქვეჟანრების არევა და მათი გაერთიანება მიყვარს. იმას, რაც მომწონს, სჭირდება სენსაციური, ძალადობრივი მასალა. მაგალითად, კრიმინალური, კუნგ ფუ, სამურაი, სლეშერ ფილმები – ყველა ეს ჟანრი, თუ ქვეჟანრი თავად ითხოვს ძალადობას. როდესაც ამ ჟანრებს იყენებ, თავისთავად ვიღებთ ძალადობრივ, გულის გამხეთქავ კინოს. მე კიდევ მომწონს ეს. თუმცა, მაგალითად ჯეკი ბრაუნი არის არა ძალადობაზე, არამედ პერსონაჟზე.

ასეთ ცოცხალ პერსონაჟებს როგორ იგონებთ, გაქვთ რამე რეცეპტი?

სწორხაზოვანი პასუხი ამაზე არ მაქვს, მაგრამ: მე მწერალი ვარ, და მწერლის საქმეა, რომ მხოლოდ თავის თავზე და განცდებზე კი არ წეროს, გვერდზე გაიხედოს, სხვა ადამიანებს შეხედოს და შეისწავლოს – როგორ ლაპარაკობენ, რა ფრაზებს იყენებენ… მე თავში ერთი დიდი საცავი მაქვს. ვუსმენ ყველას – რას ამბობენ, ვუყურებ ყველას – როგორ იქცევიან… რაღაც ხუმრობას მეტყვიან და ვიმახსოვრებ, ვინმე თავისი ცხოვრებიდან საინტერესო ამბავს მომიყვება და ვიმახსოვრებ.

კი მაგრამ, ყველაფერი ხომ არ გამახსოვრდება?

თუ არ დამამახსოვრდება, ე.ი. არც ღირდა. საქმე ისაა, რომ მე თავში მაქვს ყველა ამბავი, არ აქვს მნიშვნელობა როდინდელი, შეიძლება თხუთმეტი წლის წინანდელიც კი. როდესაც ჩემს პერსონაჟებზე ვწერ, ჩემი კალამი ანტენასავითაა – ჩემ მიერ დაგროვილ ინფორმაციას იჭერს და ქმნის სრულიად ჩამოყალიბებულ პერსონაჟებს. მე კი მათ, უბრალოდ, ერთმანეთთან ვალაპარაკებ.

დავუბრუნდეთ ძალადობის თემას. თქვენ პირადად რისი გეშინიათ?

ჩემი ნომერ პირველი და ყველაზე ძლიერი შიში ირაციონალურია – ვირთხების მეშინია.

მართლა?

ეს ერთადერთი რამაა, რაზეც გული მიმდის. ახლა რომ მაგიდაზე ვირთხა იყოს, რომელიმე გოგოს კალთას ვეცემოდი, ან მხრებში ჩავაფრინდებოდი და ძუკნასავით კივილს დავიწყებდი.

კოშმარული სიზმრები თუ გინახავთ?

ძალიან, ძალიან დიდი ხანია კოშმარები არ დამსიზმრებია. როდესაც ბავშვი ხარ და კოშმარებს ხედავ, მშობლების საწოლისკენ გარბიხარ, მაგრამ დედაჩემი საკმაოდ მკაცრი იყო და მაშინვე ჩემს ოთახში მიმაბრუნებდა ხოლმე. მეც რაღაც დროის მერე მივხვდი, რომ არ მქონდა კოშმარების ნახვის ფუფუნება და ისინი აღარც დამსიზმრებია.

თქვენ თავად თუ გინდათ შვილები? ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს ამ ენერგიას, რასაც კინოში ხარჯავთ, ისინი მთლიანად წაგართმევენ?

ვნახოთ, რა იქნება. სამუდამოდ რეჟისორობას არ ვაპირებ. მინდა, 60 წლის ასაკში გავჩერდე.

დარწმუნებული ხართ, რომ ასე გინდათ?

არა, მაგრამ ეს ჩემი გეგმის ნაწილია. არ მინდა, ვიყო მოხუცი რეჟისორი, რომელიც ვერ მიხვდა, რომ უნდა გაჩერებულიყო, და ჩემს ფილმოგრაფიას დედა ვუტირო სიბერეში გადაღებული ბებრული ფილმებით. თუმცა, არ ვიცი. შეიძლება აზრი შევიცვალო. თუ 62 წლისას მომინდება ფილმის გადაღება და მივხვდები, რომ ამას შევძლებ, მაშინ გადავიღებ, მაგრამ რინგი ტრიუმფით უნდა დავტოვო. ხომ ხედავთ, ახლა როგორიც ვარ? მინდა კინოს კეთება და სანამ ასე იქნება, კინოში მუშაობას გავაგრძელებ. რაღაც ასაკში რომ შევალ, მირჩევნია, უბრალოდ კინოს შესახებ ვწერო, ვწერო რომანები, ბავშვები ვიყოლიო.

ალბათ, ძალიან ბევრი ფილმი გინახავთ და რომელია თქვენი სამი საყვარელი ფილმი?

რა თქმა უნდა, ახლა, ამ კონკრეტულ ვითარებაში შემიძლია სამი ფილმი გითხრათ, მაგრამ ხვალ რომ მკითხოთ, სულ სხვა ფილმებს დავასახელებ და ექვი საათის შემდეგ – კიდევ სხვებს.

კი ბატონო, გვითხარით აქ და ახლა – რომელია თქვენი საყვარელი სამი ფილმი?

ერთ-ერთი იქნება ებოტი და კოსტელო ხვდებიან ფრანკენშტეინს, რადგან ეს ფილმი ბავშვობაში ვნახე და მაშინ ჩემი საყვარელი ფილმი იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ის მომწონს, სხვადასხვა ჟანრის კომბინაციაა – ებოტის და კოსტელოს დუეტი ძალიან სასაცილოა, ხოლო როდესაც ფრანკენშტეინი ჩნდება, საშინელებათა ფილმი იწყება… ალბათ, ხუთი წლის ასაკში ჟანრებს ვერ ვანსხვავებდი, მაგრამ რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ – სწორედ ჟანრების აღრევაა. ასევე, გამოვარჩევდი ტაქსის მძღოლს, თუმცა რატომ, ამის თქმა მიჭირს. ერთი-ორი წინადადებით ამ ფილმის შესახებ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს არის ალბათ ყველაზე ბელეტრისტული ფილმი, ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური პერსონაჟით კინოს ისტორიაში. მსგავს გმირს მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებში თუ შეხვდებით. თუმცა, ამავე დროს, ძალიან გასართობი ფილმიცაა, რადგან ყურებისას სულ გეცინება, და მესამე ფილმი, რომელსაც ყოველთვის ვამბობ, არის – კარგი, ცუდი, ბოროტი.

არსებობს ჟანრი, რომელიც არ მოგწონთ?

კი, არის რაღაცები. ისტორიული ფილმები მიყვარს, მაგრამ არა კოსტიუმირებული დრამები. კიდევ ერთი ჟანრი, რომელიც ძალიან არ მომწონს – ბიოგრაფიული ფილმებია. ბიოგრაფიულ ფილმებში მონაწილეობა კარგი საშუალებაა მსახიობებისთვის ოსკარის ასაღებად. ეს გარყვნილი კინემატოგრაფიაა.

რატომ?

ყველაზე საინტერესო ადამიანსაც რომ ეხებოდეს ფილმი – თუ მის ცხოვრებაზე თავიდან ბოლომდე ჰყვები, საშინლად მოსაწყენი რაღაც გამოდის, და თუ მაინც ბიოგრაფიული ფილმის გადაღება გინდა, მიეცი კომიქსის სახე. მაგალითად, თუ ელვის პრესლიზე იღებ ფილმს, მთელი მისი განვლილი ცხოვრება კი არ მომიყვე, მის ერთ დღეზე მომიყევი. მომიყევი, როგორ მივიდა ელვისი Sun Records-ში, და დაამთავრე ფილმი კადრით – ელვისი კარში შეაბიჯებს. ესაა კინო.

თქვენს ცხოვრებაზე რომ გადაიღონ ფილმი, ისიც მოსაწყენი იქნება?

შეიძლება ცოტა მესიამოვნოს, მაგრამ არ ვუყურებდი.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments