ლა ლა ლენდი – როცა მია შეხვდა სების

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

კინომოყვარულებისთვის თუ უბრალოდ აქტუალურ თემებში ჩართული ადამიანებისთვის წელს ნამდვილად ცხელი სეზონი გახლდათ. საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ერთ მხარეს იდგა ჯგუფი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ლა ლა ლენდი ნაკლები ღირებულების მქონე, ბანალურ სიუჟეტზე აგებული მორიგი რომანტიკული ფილმია, ხოლო მეორე მხარეს “იბრძოდა” ის ნაწილი, რომლისთვისაც ის ულაპარაკოდ წლის საუკეთესო ფილმს წარმოადგენდა. ბევრ სხვა ღირებულებასთან ერთად,  ლა ლა ლენდი გვახსენებს ძველ, საკულტო ფილმებს და ამავდროულად, რაღაც ახალსაც გვაზიარებს; ფილმი ერთდროულად ზღაპრულ სამყაროშიც გვამოგზაურებს და თან რეალობის აღქმასაც არ გვაკარგვინებს.

სწორედ ამ მინიშნებით იწყებს ფილმს რეჟისორი დემიენ შეზელი. Presented in CinemaScope-ის შავ-თეთრი კადრი ფერადდება და მანქანის რადიოდან ისმის კლასიკური მელოდია. შემდეგ რადიოდან მამაკაცის ხმა გვატყობინებს, რომ სამხრეთ კალიფორნიაში კვლავ მზიანი დღე გათენდა და ამ საზეიმო განწყობის ფონზე ყველაზე რითმული საუნდტრეკით იწყება ლა ლა ლენდი. Another Day Of Sun შეგვიძლია კალიფორნიის ჰიმნად ჩავთვალოთ. ტექსტის შინაარსი იდეალურად გადმოსცემს ქალაქის და მასში მცხოვრები ადამიანების განწყობას. ოპერატორი ლაინუს სანდგრენი თუნდაც მხოლოდ ამ სცენისთვის იმსახურებდა აკადემიის ჯილდოს. ის ისე ორგანულად დასრიალებს კამერით საცობის მასშტაბურ სცენაში, რომ ჩნდება ეჭვი: გადაღების დროს, მოცეკვავეებთან ერთად, თვითონაც ხომ არ ცეკვავდა კამერის უკან? ცეკვა მთავრდება და ყველა საკუთარ მანქანას უბრუნდება, რის შემდეგაც გვატყობინებენ, რომ ზამთარია. ზამთარი კი მარტო ყოფნასთან, დასასრულთან ასოცირდება. თუმცა, დასასრული ახლის დასაწყისიცაა და მართლაც, საცობში მყოფი ორი, ერთმანეთისთვის უცხო ადამიანისთვის – მიასა და სებასტიანისთვის, ახალი ისტორია იწყება.

დემიენ შეზელი მათ საქმიანობას მოკლედ და მარტივად გვიჩვენებს: სებასტიანი ჯაზის დაახლოებით ხუთ-წამიან, ერთსა და იმავე მონაკვეთს რამდენჯერმე უსმენს (მუსიკოსი), მია კი ფილმის სცენარს სწავლობს (მსახიობი). მათი პირველი გადაკვეთაც აქ ხდება.

პირველის მსგავსად, მომდევნო მუსიკალური სცენაც მასშტაბური გამოდგება. წარუმატებელი ქასთინგის შემდეგ მია მიდის წვეულებაზე, რადგან მისი მეგობრების თქმით, ასეთი წვეულებები კარგი საშუალებაა დამწყები მსახიობისთვის, საკუთარი თავი “გაყიდოს”. გრანდიოზული წვეულება ბაზრის ასოციაციას ქმნის და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მაშინ, როცა Someone In The Crowd-ის მინორული მონაკვეთის ფონზე მია დერეფანს გაივლის. ადამიანებისგან შექმნილი დერეფანი კი ბაზრის დახლებს გვაგონებს. იგივე მეორდება მეორე წვეულებაზეც, როდესაც მწერალი კარლო მიას საკუთარ თავს წარუდგენს და სარფიან წინადადებას სთავაზობს. მია ხვდება, რომ ოცნების ასრულებას ფულზე მეტი და მნიშვნელოვანი რამ სჭირდება და წვეულებას ნაადრევად ტოვებს.

ამ ამბის პარალელურად კი სებასტიანი ჯაზის ახალ კომპოზიციას აწყობს და იმედოვნებს, რომ რესტორნის უფროსი, ბილი უფლებას მისცემს, თავისი გემოვნებით შეარჩიოს რეპერტუარი. ბილის როლს ჯ.კ სიმონსი თამაშობს და სასაცილოა ის ფაქტი, რომ შეზელის წინა ფილმში – შეპყრობილი, სიმონსის პერსონაჟი ჯაზის ფანატიკოსი მასწავლებელი გახლდათ, აქ კი ჯაზის სასტიკი მოწინააღმდეგეა და სებასტიანს აიძულებს, Jingle Bells და სხვა საშობაო სიმღერები დაუკრას. ამ სიმღერების დაკვრისას, სებასტიანს ჯერ გონება, შემდეგ კი თითები სხვაგან წაიყვანს და ძალიან ბუნებრივად გადავა საკუთარი კომპოზიციის დაკვრაზე. როდესაც შუქები ქრება და პროჟექტორი მხოლოდ სებასტიანისკენაა მიმართული, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეჟისორს მთავარ გმირთან ერთად, თავად რაიან გოსლინგიც ცენტრში გამოჰყავს. უწყვეტი კადრი – რაიანის სახიდან ხელებზე და შემდეგ ისევ სახეზე თითქოს მხოლოდ იმიტომაა გაკეთებული, რომ მაყურებელს უთხრან: დიახ! ის ცოცხლად უკრავს და ეს მონტაჟი არაა! ამ საუნდტრეკს მიას და სებასტიანის თემა ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ ტექსტის გარეშეა, მათ სათქმელს ყველაზე ზუსტად გამოხატავს.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ლა ლა ლენდში საკულტო ფილმების სულისკვეთება იგრძნობა. მიას და სებასტიანის პირველი გასეირნებაც ამას ადასტურებს: ლოს-ანჯელესის მშვენიერი ხედი, ლაჟვარდისფერი ცა და განათებული ლამპიონები, რომელთა ფონზეც რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი თითქოს ჯინჯერად და ფრედად გარდაისახებიან და ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენას ქმნიან. უკვე გაზაფხულია და როგორც ამ სეზონს სჩვევია, სიყვარულის ნიშნებიც ჩნდება…

მეორე ნათელი კავშირი საკულტო ფილმებთან უკვე პლანეტარიუმის სცენაში გვხვდება. მია და სებასტიანი კინოში წავლენ ფილმის – მეამბოხე მიზნის გარეშე სანახავად და ფირი ფუჭდება იმ მომენტში, როდესაც ჯეიმს დინის პერსონაჟი პლანეტარიუმში შედის. ეს პატარა ექსცესი მიას უჩენს იდეას, თავად გააცოცხლონ ფილმის კადრები და თავად წავიდნენ ფილმში წარმოდგენილ პლანეტარიუმში. თუ A Lovely Night-ის ეპიზოდში მხოლოდ წარსულში ვიმოგზაურეთ, პლანეტარიუმის სცენას ემატება ზღაპრული გარემო, როდესაც მია და სებასტიანი ცაში იწყებენ ცეკვას და პრინცესასა და პრინც ფილიპს გვაგონებენ.

მერე მოდის ზაფხული: ერთად ყოფნის პერიოდი. სეირნობები, გართობა, მხიარულება, ისევ ცეკვა, ისევ ჯაზი, მაგრამ უკვე პასუხისმგებლობაც, სერიოზული ფიქრი მომავალზე… ერთად ყოფნამდე მიას და სებასტიანს ინდივიდუალური ოცნებები გააჩნდათ. ორივეს ჰქონდა მიზანი, მაგრამ აკლდათ ძალა, სტიმული. ახლა კი ეს ერთმანეთისგან მიიღეს. თუმცა, ოცნებისკენ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობასთან თანხვედრაში არ მოდის და რაც უფრო უახლოვდებიან ოცნებას, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს. ამის ჩვენება კი რეჟისორს იდეალურად გამოსდის კონცერტზე, რომელზეც სებასტიანის ბენდი უკრავს. როდესაც სებასტიანი წარმატების და პოპულარობის პიკს აღწევს, დარბაზში, მაყურებლებს შორის მყოფი მია ნელ-ნელა უკან და უკან მიდის და ხალხში იკარგება.

ფილმის სცენარი აკადემიის დაჯილდოებაზე მხოლოდ ნომინაციას დასჯერდა. თუმცა გამარჯვება მოიპოვა სიმღერის ნომინაციაში. ეს ორი ნომინაცია ერთმანეთთან კავშირში არ იქნებოდა, რომ არა City of Star-ის ტექსტი და მელოდია. თუ Another Day Of Sun კალიფორნიის განწყობას გადმოსცემს, ხოლო Someone In The Crowd – წვეულებების, City of Star ის საუნდტრეკია, რომელიც ყველაზე უკეთ ეხამება ფილმის სიუჟეტს. ფილმის მსგავსად, სიმღერაც არაერთგვაროვანი განწყობისაა – მხიარულიცაა და მელანქოლიურიც. ამ განწყობას კი ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი იდეალურად გადმოსცემენ.

თუ ლა ლა ლენდის ოპერატორი მხოლოდ საცობის სცენითაც იმსახურებდა ოსკარს, ემა სტოუნისთვის The Fools Who Dream-ის შესრულებაც საკმარისი იქნებოდა გამარჯვების მოსაპოვებლად. მსახიობმა ყოველგვარი მოძრაობის გარეშე, მხოლოდ სიმღერით და სახეზე აღბეჭდილი ემოციებით შეძლო მინი სპექტაკლის დადგმა.

პლანეტარიუმში (ეზოში), სადაც პირველად აკოცეს, ერთად ბოლოჯერ მივლენ, ისაუბრებენ მომავალზე, გაიმეორებენ, რომ ერთმანეთი უყვართ და მოულოდნელად, შემდეგი კადრით ვიგებთ, რომ ამ მოვლენებიდან ხუთი წელი გავიდა. ხუთი წლის განმავლობაში მათ ოცნებების ახდენა შეძლეს: მია წარმატებული მსახიობი გახდა, სებასტიანმა კი საკუთარი კლუბი გახსნა. თუმცა, როგორც აღვნიშნე, ოცნებასთან მიახლოება ერთმანეთთან დაშორებას ნიშნავდა და ასეც მოხდა. იმ მომენტამდე, სანამ ერთმანეთს კვლავ ნახავენ სებასტიანის ბარში, გვაქვს სიცარიელის, ან უფრო ზუსტად – იმედგაცრუების შეგრძნება. ვუყურებთ მწარე რეალობას, რომ არაფერია იდეალური, და თუ მაინც არის, – მარადიული არაა.

ნუთუ, სიყვარული მხოლოდ ოცნების ასახდენად გვჭირდება? მიას ჰყავდა გრეგი, მაგრამ მისგან ვერ იღებდა საჭირო ენერგიას; ჰქონდა მიზანი, მაგრამ არ ჰქონდა საჭირო რჩევები და ბიძგები. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა სებასტიანი, რომელიც დაეხმარა, ოცნება რეალობად ექცია. შესაბამისად, მოხდა ის, რაც მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო. დემიენ შეზელი კი მაინც გვთავაზობს ალტერნატიულ ვერსიას და იღებს კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სცენას (ეპილოგს), ხოლო ფილმს ასრულებს იმ სევდანარევი ღიმილით, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება ელ-ეის მიწაზე მომხდარ ამბავს – როცა მია შეხვდა სებასტიანს.

 

Comments

comments