ლოგან ლერმანი: “ისტორია ჯერ არ დაწერილა”

ბავშვობაში ჩემს და-ძმასთან ჩვეულებრივი, დედმამიშვილური ურთიერთობა მქონდა. დღეს კი ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ.

მინდა, კარგი და პატივსაცემი მსახიობი გამოვიდე.

არ მინდა, უბრალოდ ცნობილი ადამიანი ვიყო. მინდა, კინოისტორიაში დასამახსოვრებელი როლით შევიდე.

თეატრში ყოველთვის დავდივარ – როგორც კარგ, ისე ცუდ სპექტაკლებზე.

იმ მსახიობებს ვაფასებ, ვინც ფილმის შექმნის პროცესს პატივს სცემენ.

კარგ პროექტში ჩართვას, ჩემთვის პატივსაცემ რეჟისორთან თანამშრომლობასა და კარგი როლის პოვნას ვცდილობ.

“მარტოსულობის უპირატესობანი” ბავშვობაში წავიკითხე და ამ წიგნმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა… მინდოდა, მეც ამ ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი და როლსაც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

საოცნებო როლი არ მაქვს, უბრალოდ, არიან რეჟისორები, რომლებთან მუშაობაზეც ვოცნებობ. მაგალითად, დევიდ ფინჩერი, პოლ ტომას ანდერსონი, მარტინ სკორსეზე, ვეს ანდერსონი და სტივენ სპილბერგი

სახლში მისული რეალობას ვუბრუნდები.

პატარა ხულიგნები და მეკობრეების ოქრო კლასიკაა! ის ჩემი ბავშვობის ბედნიერ წლებს მახსენებს. ეს ფილმი ყველას აქვს ნანახი და ყველას ერთნაირად უყვარს. საოჯახო ფილმებს შორის ნამდვილად საუკეთესოა.

მიყვარს გადასაღებ მოედანზე ყოფნა. ის ჩემი მეორე სახლია. ზოგადად, კინოთეატრებსა და გადასაღებ მოედნებზე ყოფნას არაფერი სჯობს. მე ამ გარემოზე ვგიჟდები.

გადასაღებ მოედანზე არასდროს ვარ დაძაბული. ჩემ გარშემო კომფორტს მე თვითონ ვქმნი.

არასოდეს ვამბობ, რომ ეს “ჩემი” ფილმია. ვთვლი, რომ გამიმართლა და ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი.

მსახიობობაში ყველაზე ჩამთრევი გმირის განსახიერებაა. როლზე დამტკიცებისთანავე ჩემი პერსონაჟი ვხდები.

არ მინდა განვმეორდე. ყოველთვის გამოწვევების ძიებაში ვარ.

მსახიობობაზე 4 თუ 5 წლის ასაკიდან ვოცნებობდი. ის ჩემი ადრეული ასაკის ვნებაა.

მიყვარს მუსიკა, ახალ-ახალ ინსტრუმენტზე დაკვრის შესწავლა და მუსიკის წერა. გარდა ამისა, რეჟისორობასაც ვეუფლები. ჯერ ემოციურ მუსიკას ვწერ და შემდეგ მას კონკრეტულ სცენას ვადებ. ჯერჯერობით ჩემი ჰობი სიმღერების წერა, გიტარაზე, ბასზე, პიანინოსა და ვიოლინოზე დაკვრაა. არავინ იცის, შეიძლება, ერთ დღესაც ეს გატაცება პროფესიაში გადაიზარდოს.

ფილმის სიუჟეტისა და გმირის შესწავლას დიდ დროს ვუთმობ.

ვაფასებ, როცა მომუშავე ჯგუფში სწორი კომუნიკაცია მყარდება. მომწონს, როცა სხვადასხვა განყოფილება შეთანხმებულად მუშაობს და საერთო ხედვასაც შედეგის სახით დებს. ფილმის ხარისხი მხოლოდ რეჟისორზე არაა დამოკიდებული. მის გადაღებაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს და ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება. გადასაღებ მოედანზე სწორედ ამ ურთიერთობასა და სწორ კომუნიკაციას ვსწავლობ.

ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს, იყო ებრაელი. ეჭვი მაქვს, ებრაელის გარდა ამას სხვა ვერავინ მიხვდება. მე ჩემს გმირს – მარკუს მესნერს ძალიან ვგავარ (ფილმი აღშფოთება (2016 წ.). მე ებრაელი ვარ, საკუთარ თავს ებრაელად ვთვლი და ჩემი ფესვებითაც ვამაყობ. თუმცა, მარკუსის მსგავსად, ცხოვრებისა და რელიგიის შესახებ მეც მიჩნდება კითხვები.

ყოველთვის გგონია, რომ რეჟისორი მონტაჟის ხელოვნებასაც ფლობს. მე ჯერ ასეთი რეჟისორი არ შემხვედრია.

ვიცი, ერთ დღესაც ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. ჩვენ დავბერდებით, ჩვენი სურათები დაძველდება, ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცების დედები და მამები გავხდებით და ა.შ. მაგრამ, ეს წუთი ჯერ არ დამდგარა, ისტორია ჯერ არ დაწერილა. ასე რომ, ყველაფერი წინაა და მე ყველაფერს ახლა, აქედან ვიწყებ.

 

წყარო: www.imdb.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments