მარტინ სკორსეზე: “ეს ძალიან სახიფათო პროცესია”

(ინტერვიუ მარტინ სკორსეზესთან)

 

გენატრებათ 1970-იანი წლების ჰოლივუდი?

რა თქმა უნდა, მენატრება. მაშინ იმდენი ფილმის გადაღება შეგვეძლო, რამდენიც გვინდოდა და რაც მთავარია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ახლა კი ყველაფერი სტუდიურ სისტემაშია მოქცეული და ბლოკბასტერებზე მუშაობა გვიწევს. რამდენიმე თვის წინ პოლ შრეიდერთან ერთად ვვახშმობდი და მაშინ მითხრა, მგონი, ჩვენ კინოს ძალიან სერიოზულად ვუყურებთო. დღევანდელ სიტუაციას რომ ვაკვირდები, პოლი მართალია. უკვე მეშინია, კინოს მხოლოდ დროის გასაყვანი და გასართობი ფუნქცია არ შერჩეს. თუ ასე გაგრძელდება და ბლოკბასტერები სრულიად დაეპატრონებიან კინობაზარს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის ნაწილს დავკარგავთ. ეს ძალიან სახიფათო პროცესია.

როგორ გახსენდებათ ის წლები, როცა ახალგაზრდა და დამწყები რეჟისორი იყავით?

სწორედ მაშინ იყო ნამდვილი “ახალი ჰოლივუდის” ხანა. ახალგაზრდა და დამოუკიდებელ რეჟისორებს – ბრაიან დე პალმას, რობერტ ალტმანს და მეც, ყველას ჩვენი პერსონალური ხედვა გვქონდა და ამ უზარმაზარი სტუდიური სისტემისგან თავისუფლები ვიყავით. მართლაც შესანიშნავი დრო იყო…

თქვენ ამბობთ, რომ დღეს ეს შემოქმედებითი თავისუფლება აღარ გაქვთ?

როგორ შეიძლება თავისუფალი იყო, როდესაც თითოეულ ფილმზე ამდენი ფული იხარჯება და ზოგადად, სულ უფრო დიდი ფინანსები იდება კინოინდუსტრიაში? ამ ფულს კი მოყვება ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომელსაც უნდა მოერიო და გაუმკლავდე.

მაშინაც კი, თუ მარტინ სკორსეზე ხართ?

მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხარ. მაინც ამ სისტემის ნაწილი ხარ და ამას ვერსად გაექცევი. სულ ბრძოლა, ბრძოლა და ბრძოლა გიწევს, რომ ფილმი სწორედ ისეთი გამოვიდეს, როგორიც გინდოდა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთ დღესაც ისევ ჭუჭყიან ქუჩებში გახვალთ და მცირებიუჯეტიან კინოს დაუბრუნდებით?

ეს აუცილებლად მოხდება! მოვკვდები, ეს რომ არ გავაკეთო. ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და უკვე ორი პროექტის იდეაც მიტრიალებს თავში.

გაგვიმხელთ, რა პროექტებია?

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, თუმცა, მთავარია, რომ მათი განხორციელების დიდი სურვილი მაქვს.

3D ფილმის გადაღებაზე გიფიქრიათ?

დიდი სიამოვნებით გადავიღებდი. მახსოვს, ათი წლის ვიყავი, როცა 1953 წელს პირველად დაიწყეს საუბარი სამგანზომილებიან გამოსახულებაზე. დღეს კი ეს შესაძლებელია, და რატომაც არა? რა სჯობს, თუ გარემო და სივრცე უფრო მეტად რეალური გახდება!

რას აკეთებთ მაშინ, როდესაც გადასაღებ მოედანზე არ ხართ?

ძირითად დროს სახლში ვატარებ ოჯახთან და ორ ძაღლთან – დესმონდთან და ფლორასთან ერთად. დესმონდი ხუთი წლისაა, ფლორა კი – ერთის. ერთმანეთს ვერ იტანენ. დესმონდს ცოტა რთული ხასიათი აქვს და მგონი, დიდად მეც არ მოვწონვარ. ფლორა კი უფრო თბილი და მოსიყვარულეა და მეც ფლორა უფრო მიყვარს. მთელი დღე ერთმანეთს დასდევენ და სახლში ნამდვილი ტომი და ჯერი გვაქვს. მერე ბავშვი ჩამოდის და ისიც მათთან ერთად დახტის. მე კი სიმშვიდე მიყვარს. თავიდან ამ ხმაურს ვაპროტესტებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და შევეგუე. სხვა რა გზაა, ასეთია ცხოვრება.

 

წყარო: https://www.filmcomment.co

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments