მარველის ახალი გალაქტიკური ოდისეა

ავტორი: ნიკა ზირაქაშვილი

 

4 მაისს, პირველად საქართველოს კინოთეატრებში, მარველის გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილი და სტენ ლი წარსდგა საზოგადოების წინაშე.

ეს იყო რაღაც უფრო დიდი და მასშტაბურად რეზონანსული ტრიუმფი, ვიდრე უბრალოდ ახალი ფილმის პრემიერა.

რეჟისორმა ჯეიმს განმა მოახდინა იმ ყველაფრის ერთიანი ფერადი პენეტრაცია, რის მიღწევასაც ბოლო წლებია მისი დამქირავებლის კონკურენტი, DC ცდილობს Warner Bros. Entertainment-ის ფულითა და თანადგომით. თუკი უფრო დიადი პროდუქტის ნახვა გსურთ, ვიდრე მარგო რობის უკანალის მიახლოებული და შენელებული კადრია, მაშინ თქვენ სწორი ფილმის რეცენზიას კითხულობთ, რა თქმა უნდა, სპოილერების გარეშე.

2008 წელს მარველის კინოსტუდიამ პირველი ნაბიჯები გადადგა კინოინდუსტრიაში, როგორც გასართობი ფილმების ახალმა გიგანტმა. სწორედ აქედან დაიწყო ახალი სუპერგმირების სამყაროს შექმნა, ხოლო მთელი ეს წლები და მრავალი შთამბეჭდავი ფილმი იყო შემზადება, შენება იმ საოცარი დასასრულის დასაწყისისთვის, რაც წელს მოგვევლინა დიდ ეკრანებზე. გალაქტიკის მცველები: ნაწილი 2 – ეს არის სათაური, რომელიც თავის თავში გულისხმობს მარველის მიერ 8 წლის მანძილზე დახვეწილი და საბოლოოდ ჩამოყალიბებული უმაღლესი მიზნის ასპროცენტიანი სიზუსტით განხორციელებას. ამ სტუდიის წარმომადგენლები ყოველთვის ითვლებოდნენ ლაკონური და სიტუაციური იუმორის ღმერთებად, რომელთა დაწერილი დიალოგები ნებისმიერ სცენას ხდიდა უფრო ნეოკლასიკურსა და საოცრად კომიკურს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილი წარმოადგენს მარველის იუმორისტული სკოლის სადიპლომო ნამუშევარს. თუმცა, ეს სატირა და ვერბალური გართობის მხარე, რომელიც გალაქტიკის მცველების პირველი ფილმის ხერხემალსა და წარმატების მომტან ძირითად ასპექტს წარმოადგენდა, მეორე ნაწილში სრულიად სხვა დონეზე მოგვევლინა. აქ დეტონაციური იუმორი არა მამოძრავებელ და მთავარ ნაწილად, არამედ სცენარის განუყოფელი და კონცეპტუალური იდეის სახით გვხვდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პირველი ნაწილი უფრო სასაცილოა მეორეზე. სინამდვილეში პირიქითაა, უბრალოდ ჯეიმს განმა ამჯერად ყველაფერი უკეთ დააბალანსა და ფილმს კიდევ ძალიან ბევრი რეზონანსულად მნიშვნელოვანი დეტალი შეჰმატა.

ფილმი დეკადის საუკეთესო თუ არა, ერთ–ერთი საუკეთესო ფილმის სტატუსს იმსახურებს თავის ჟანრში. ენით აღუწერელი დეტალების სიმრავლესთან ერთად, სიტყვებით შეუძლებელია დახასიათდეს ის პომპეზური ვიზუალური ეფექტები და ოდისეური შოუ, რომელმაც ფილმი საერთოდ სხვა დონეზე აიყვანა. სტუდიის მიერ დახარჯული მილიარდები და არაერთი მაღალი დონის პროდუქტის შექმნისას დაგროვილი გამოცდილება საბოლოოდ წარსდგა გამომცდელის წინაშე და გამოცდა მართლაც იდეალურად ჩააბარა. თითოეული ვიზუალური ეფექტი, ფერთა გამა, ყოველი მიზანსცენის დეტალი მართლაც რომ დახვეწეილი ნამუშევრის ნიმუშია.

ფსევდო–ფილოსოფიური უაზრობისგან დაცლილი ფილმის სცენარი მოგვითხრობს მართლაც შთამბეჭდავ ისტორიას, რომელიც არა მისი დასასრულის ინტერესის გამო, არამედ ყოველ სცენაში ჩადებული უკომპრომისოდ კარგი ნარატივით გვაჯაჭვებს ეკრანებს. ეს არ არის უბრალო ალტერნატიული რეალობა, ეს არის სამყარო – ყველაზე ცოცხალი პერსონაჟებით, რომლებითაც, უბრალოდ შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე. მათ უყვართ, სძულთ, უნდათ, რომ გამოისყიდონ დანაშაული, ან ჩაიდინონ გამოუსწორებელი ბოროტება და ეს ყველაფერი ერთად ხდება, და თუ ამას ბრედლი კუპერის საოცარ აქცენტს, სილვესტერ სტალონესა და მის ეპიკურ გალაქტიკურ საძმოსაც დავუმატებთ, ეს ყველაფერი მართლაც უფრო მეტია, ვიდრე მარველის კინოსამყაროს მესამე ფაზის ფინალი. პირველი ფილმისგან განსხვავებით, ამ ნაწილში ფილმს არა ხუთი მთავარი გმირის, არამედ იმდენი პერსონაჟის ტრაგიკომედიური ისტორია აქვს მომზადებული მაყურებლისთვის, რამდენის გადახარშვასაც თქვენი ტვინის ემოციების კატალიზატორი მოახერხებს. თითოეული პერსონაჟი იმდენად სრულყოფილადაა წარმოჩენილი, რომ საშუალება გეძლევა კრის პრატისა და მისი ოთხი მეგობრის გარდა, კიდევ არაერთი ორიგინალური გმირი გაიცნო და მაშინვე შეიყვარო კიდეც. რამდენიმეს შეძულებაც შეიძლება. თუმცა, რაც არ უნდა შთამბეჭდავად აბსტრაქციული ფონი შეიქმნას, სთარლორდი და გალაქტიკის მცველები მაინც ფილმის ყველაზე დიდი კოზირია. კრის პრატის პერსონაჟის წარსულის გამოაშკარავება, მისი პლატონური მეწყვილე გამორას ოჯახური ბრძოლები გაერთიანებისთვის, როკეტის და პატარა გრუტის იდეალური ტანდემი – ეს საოცარი ნაზავია ყოველგვარი სტატიკური კადრებისა და უაზრო პრელუდიის გარეშე. იონდუს მოქმედებები და საბოლოო ბედი კი ერთი დიდი ემოციური დეტონაციაა, რომელიც რეჟისორმა მოგვიმზადა და ამით დასასრული მართლაც დაუვიწყარი გახადა.

მსოფლიოში ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელმაც გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილის თრეილერის გამოქვეყნებისას აღფრთოვანებასთან ერთად აღშფოთებაც ვერ დამალა. ამის მიზეზი თრეილერში გამოჩენილი სცენარის ბევრი დეტალი და მნიშვნელოვანი კადრი თუ პერსონაჟი იყო. მარველის სამყარომ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ის უფრო დიდია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ყველა ის კადრი, რომელმაც თრეილერიდან მოგვხიბლა, მართლაც მასშტაბურად გამოიყურებოდა, მაგრამ სინამდვილეში, ფილმის მხოლოდ მეათედი აღმოჩნდა. ეს არის სიყვარულის, საოცარი იუმორის და სამოცდაათიანების იდეალური მუსიკის ნაზავი – ფილმი, რომლის გამოც რამდენიმე ცრემლის დაღვრა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მოკლედ, გალაქტიკის მცველების მეორე ნაწილი არ არის ნამუშევარი, რომელიც მხოლოდ ერთი კითხვის ირგვლივ ტრიალებს და მთელ ქრონომეტრაჟს კეთილისა და ბოროტის ბრძოლაზე ხარჯავს. სტილისა და შინაარსის საოცარი შერწყმა გულგრილს უბრალოდ ვერ დაგტოვებთ და დაგარწმუნებთ, რომ მარველი სრულიად გასცდა კლასიკურ, კომიკურ სამყაროში ჩაგდებულ ჟანრს და სრულიად ახალი დონეების დასალაშქრად პირველი ნაბიჯი გადადგა. ჰოდა, ნახეთ ეს სრულყოფილი ფილმი, რომელიც აუცილებლად გახდება თქვენი ცხოვრების გრუტი.

Comments

comments