მედია კინოში – კატარინა ბლუმის შელახული ღირსება

ავტორი: ციკო ინაური

 

მარგარეტ ფონ ტროტა, რომელიც ობერჰაუზენის მანიფესტის და ახალი გერმანული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, სრულიად განსხვავებულ და გამორჩეულ რეჟისორად მიიჩნევა. ის ქალია, იღებს ქალების ისტორიებს და მისი საკვლევი ობიექტი ყოვეელთვის გაუგებრობაში ჩავარდნილი, პრობლემებით სავსე ქალია, რომელიც ამ პრობლემებს თავად აგვარებს და ბოლომდე ძლიერ ქალად რჩება. მისი პერსონაჟები ძალიან უშიშრები და მებრძოლები არიან, ამიტომაც ფონ ტროტას კინო თავის დროზე არამხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის იყო გარდამტეხი და რევოლუციური.

კატარინა ბლუმის შელახული ღირსება, რომლის სცენარისტიც მარგარეტ ფონ ტროტა, ხოლო რეჟისორი ფოლკერ შლონდორფი, 1975 წელს გადაიღეს. ფილმი ჰაინრიხ იოლის წიგნის ეკრანიზაციაა, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ ხდება მეგობრული და მიმნდობი ქალი პრესის მსხვერპლი. კატარინა ბლუმს, რომელიც ჟურნალისტია და თავისთვის მშვიდად ცხოვრობს, ერთ ღამეში ყველაფერი ენგრევა: კარიერაც, სიმშვიდეც, სტატუსიც და იმიჯიც. ასე მძაფრად და ზუსტად არცერთ სხვა ფილმში არ ჩანს თითქოსდა უწყინარი პრესის დანაშაულებრივი და არაეთიკური მუშაობა. კატარინა ბლუმის შელახული ღირსება თავისი ტემპით, ფერებით, დეკორაციებით, მუსიკითა და გულწრფელობით არის დიდი ფილმი დიდი პუბლიკისთვის და მაყურებლის პროვოცირებას ახდენს. როდესაც ის გერმანიაში პირველად აჩვენეს, საოცარი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მთავარი პერსონაჟი – კატარინა ბლუმი არც ანარქისტია და არც პოლიტიკური პერსონა. ის კარნავალზე გაიცნობს ადამიანს, რომელიც დანახვისთანავე უყვარდება. წყვილი მთელ ღამეს კატარინას სახლში ატარებს. დილას კი, როდესაც ქალი იღვიძებს, მამაკაცი აღარ ხვდება. საუზმობისას ამ კაცის საძებნელად პოლიცია მოდის და ირკვევა, რომ უცნობი მამაკაცი დეზერტირ-ანარქისტადაა მონათლული და მას მთელი ქვეყანა ეძებს. პოლიციის სტუმრობა კატარინასთვის ერთგვარი შვებაა, რადგან ხვდება, რომ მამაკაცმა ყოველგვარი ახსნის გარეშე სწორედ პოლიციის გამო დატოვა. თუმცა, იმასაც აცნობიერებს, რომ ამიერიდან მისი ცხოვრება შეიცვლება.

კატარინა ბლუმისთვის კოშმარი მაშინ იწყება, როდესაც პირველი სტატია იბეჭდება, სათაურით: “კატარინა ბლუმი – ანარქისტის შეყვარებული და მოღალატე.” პრესა მთლიანად ცვლის კატარინას ცხოვრებას, მას ქუჩაში მარტოს სიარულიც კი აღარ შეუძლია. მედიის წყალობით, მას ყველა იცნობს და იცნობს, როგორც ანარქისტის მფარველ საყვარელს. ამ ყველაფერს კატარინა დანაშაულებრივ ქმედებამდე მიჰყავს და მას ციხეში სვამენ, რაზეც პრესა შემდეგი სიტყვებით რეაგირებს: “შელახულია თავისუფალი მედიისა და თავისუფალი სიტყვის უფლება”.

თავად ჰაინრიხ ბიოლს ამ რომანით სურდა, აღეწერა და გაეკრიტიკებინა 60-70-იან წლებში გერმანიაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, რაც ფონ ტროტამ და შლონდორფმა კინოში შესანიშნავად გადაიტანეს, – ბუნებრივად და მსუბუქად. ფილმის ყურებისას გგონია, რომ დოკუმენტურ კადრებს უყურებ. ეს არის სუფთა კინო, რომელიც ნამდვილად აღწევს დასახულ მიზანს, როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი კუთხით. მასში წარმოჩენილი თემა კი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მთელს მსოფლიოში.

Comments

comments