მერილ სტრიპი: “საყვარელი რეჟისორი არ მყავს”

LONDON, ENGLAND - APRIL 12: Meryl Streep attends the World film premiere of "Florence Foster Jenkins" at Odeon Leicester Square on April 12, 2016 in London, England. (Photo by Anthony Harvey/Getty Images)

(ინტერვიუ მერილ სტრიპთან)

 

მოგწონთ, როდესაც სახლში სადილს თავად ამზადებთ?

ხანდახან მომწონს, ხანდახან არა. დავიწყებ მომზადებას და მერე თავს ვანებებ. პიცა გამოვიძახოთ! –  ვამბობ და ჩემი ოთახის იატაკზე ვწვები. როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ და მეც ბევრი სამუშაო მქონდა, მყავდა ადამიანი, რომელიც საჭმელს გვიმზადებდა. თუმცა, უკვე წლებია, მზარეულის გარეშე ვარ და ყველაფერს ჩემით ვამზადებ. ადრე ვერ ვახერხებდი, რადგან იმდენი დრო არ მქონდა, რომ ბავშვებს დავალებების მომზადებაშიც მივხმარებოდი და სადილიც მეკეთებინა.

რომელი კერძის მომზადება გიყვართ?

ამ ბოლო დროს სულ პასტას ვაკეთებ. საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია და ჩემს შვილებსაც ძალიან მოსწონთ. დაახლოებით ერთნაირი გემოვნება აქვთ და თუ რამე მოეწონებათ, ხშირად ვუკეთებ. ჩემს ქალიშვილს უყვარს ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული, რომელსაც ახალ ოხრახუშს და ტარხუნას ვუმატებ.

ასეთ შრომატევად კარიერას და დედობას ერთმანეთს როგორ უთავსებთ?

პირველ რიგში, ეს ჩემი შესანიშნავი მეუღლის დამსახურებაა. ამ მხრივ საკმაოდ გამიმართლა. თუმცა, ეს ყველაფერი გამძლეობას და კარგ ორგანიზაციულ უნარებსაც მოითხოვს. სულ რაღაცის დაგეგმვაში ვარ.

რას ფიქრობთ იმაზე, რომ თქვენმა შვილებმაც სამსახიობო კარიერა აირჩიეს?

ვამაყობ, რომ ჩემს გოგონებს ამ საქმის კეთება უნდათ. თუმცა, ცოტა შეშინებულიც ვარ. როდესაც მსახიობი ხარ, კრიტიკაც სხვაგვარად გეხება: ამ დროს შენს ნახატს, ნაწერს ან კონკრეტულ ნამუშევარს კი არა – პირადად შენ გაკრიტიკებენ! ეს საკმაოდ მტკივნეულია და მეც სწორედ ამის მეშინია. თუმცა, მათ არასდროს ვეტყვი, რომ მსახიობობას შეეშვან, რადგან ეს დიდებული პროფესიაა – თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ყოველთვის ბედნიერი ხართ. ეს ნამდვილად ასეა, თუ თქვენი გარეგნული იერსახეა?

ყოველთვის ბედნიერი არ ვარ. შესაძლოა, მედიასთან ასე ჩანს, მაგრამ, აბა, ჩემს ქმარს ჰკითხეთ, როგორი ჭირვეული და პირქუში ვარ! (იცინის)

რა გაბედნიერებთ?

ის, რაც ყველას: სიყვარული, სექსი და საჭმელი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ერთხელ სოფი ლორენმა თქვა, რომ ვერ გიტანთ, რადგან თქვენი შესანიშნავი სამსახიობო ტალანტის გამო, მის მაგივრად აგირჩიეს ფილში – მედისონის ოლქის ხიდები

არ მგონია, სოფი ლორენი ვერ მიტანდეს. მას ერთადერთხელ შევხვდი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ძალიან გულთბილად მომეხვია. მეც და ჩემი ქმარიც მისი დიდი თაყვანისმცემლები ვართ.

როგორც წესი, ადამიანის მსოფლმხედველობა მის აღმზრდელთან არის დაკავშირებული. თქვენ თუ გავხართ დედას?

დედაჩემი ოთახში რომ შედიოდა, ყველაფერი ნათდებოდა. ის ადვილად უმეგობრდებოდა ადამიანებს და მათთან დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ურთიერთობდა. ყოველთვის მინდოდა, რომ დედაჩემს იმაზე მეტად დავმსგავსებოდი, ვიდრე სინამდვილეში ვგავდი. ძალიან მიყვარდა და ვგიჟდებოდი მასზე. დედას ერჩივნა, რომ ცხოვრების საუკეთესო ნაწილით დამტკბარიყო და ნეგატიური მოვლენებისგან თავს ყოველთვის შორს იჭერდა.

ოდესმე ვინმესი შეგშურებიათ?

კი, ნამდვილად შემშურებია! მაგალითად, ჯესიკა ლანჟის, როდესაც ფილმში – ტკბილი სიზმრები როლი მიიღო. მართლაც დიდებული ფილმია და ჯესიკაც შესანიშნავია! რაღაცებზე გული დამწყვეტია, მაგრამ, საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრი საჩუქარი მერგო და არ ვწუწუნებ!

მოგწონთ, რომ უმეტესად დრამატული როლების შემსრულებლად აღგიქვამენ?

ძალიან ბევრ სხვადასხვა ჟანრის ფილმში ვითამაშე, თუმცა, როგორც წესი, მაყურებელს პირველი როლებით ამახსოვრდები და მერე მუდმივად ამ იმიჯთან ასოცირდები. დასაწყისში რამდენიმე დრამაში ვითამაშე, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ სამსახიობო სკოლაში სწავლისას დრამატულ როლებს საერთოდ არ ვასრულებდი და მთელ სამ წელს კომედიურ ჟანრში ვმოღვაწეობდი. მგონი, ერთადერთხელ ვითამაშე დრამაში. იყო ასეთი დროც.

თქვენ მთელ ჰოლივუდურ ელიტასთან გიმუშავიათ. ვინ არის თქვენი საყვარელი რეჟისორი?

საყვარელი რეჟისორი არ მყავს, ისევე როგორც, საყვარელ ფერს და საყვარელ საჭმელს ვერ დაგისახელებთ. არის რამდენიმე რეჟისორი, რომელთან მუშაობითაც ვერ მოვიხიბლე, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩემი სამსახიობო საქმიანობის უდიდესი ნაწილი დიდებულ რეჟისორებს უკავშირდება.

ისეთი რეჟისორი მაინც თუ არსებობს, რომელთანაც არ გიმუშავიათ, მაგრამ სიამოვნებით ითანამშრომლებდით?

კი, ძალიან მინდა, რომ მარტინ სკორსეზე ერთხელ მაინც დაინტერესდეს ქალი პერსონაჟით. თუმცა, არ ვიცი, ამდენ ხანს თუ ვიცოცხლებ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რეჟისორია, ვის ფილმშიც სიამოვნებით ვითამაშებდი. მაგალითად, სპაიკ ჯონსი. უეს ანდერსონთან მუშაობაც შესანიშნავი იყო, მაგრამ მაშინ მელას ვთამაშობდი. მე კი მინდა, რომ მასთან როგორც ადამიანმა, ისე ვითანამშრომლო.

დიდებულ მერილ სტრიპს ოდესმე როლის შეშინებია?

შეშინებული ვერაფერს გააკეთებ. პრესკონფერენციის დროს შეიძლება ღელავდე და ნერვიულობდე, მაგრამ საქმის კეთების დროს ნერვიულობა ყველაფერს აფუჭებს და ასეთ მდგომარეობაში, უბრალოდ, ვერ იმუშავებ.

 

წყარო: http://the-talks.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments