მეთიუ მაკკონაჰი: “თითოეულ ფილმს ისე ვუდგები, თითქოს ის უკანასკნელი იყოს”

ჩემი მთავარი წესი? ზედმეტი არ მოგივიდეს.

ჩემს ცხოვრებაში 11 განსხვავებული პროფესია იყო. მიმუშავია: ბანკის კლერკად, ხუროდ, ფერმაში – ბარდის მთესველადაც კი.

ჩემი აზრით, დღეში ერთხელ მაინც, როგორც საჭიროა, ისე უნდა გაოფლიანდე.

ტეხასის უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე ავსტრალიაში გავემგზავრე. იქ ადვოკატის ასისტენტად ვმუშაობდი. ადვოკატობა მე თვითონ მსურდა. მომეწონა ეს ქვეყანა და მისი უდაბნოები. ავსტრალიელებისგან ერთი ჭკვიანური რამ ვისწავლე: ნურავის მისცემ უფლებას, გონება ათასი სისულელით დაგინაგვიანოს.

არ გავხდი ადვოკატი იმიტომ, რომ მივხვდი: ადვოკატთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ მათ მიერ გამართლებული ბრალდებული ნამდვილად დამნაშავეა.

ყველაზე კარგად ის 15-წამიანი პაუზა მახსოვს, როცა მშობლებს, რომლებმაც იურიდიულზე სწავლის ფული გადამიხადეს, დავურეკე და ვუთხარი: “დედა, მამა, ყველაფერი უნდა შევცვალო. მე კინოსკოლაში მივდივარ!”

არ მიყვარს ჯილდოები და პრემიები, თუმცა, ვთვლი, რომ ხელოვნების შეფასება სამართლიანია. რომ არა ეს შეფასება, შექსპირის პიესები სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა  ერთი რიგითი სკოლის მოსწავლის დღიური.

ჩემი ცხოვრება ჯოელ შუმახერმა და მისმა ფილმმა – მკვლელობის დროა შეცვალა (1996 წლის თრილერი). მანამდე ყველა უარით მისტუმრებდა, ჯოელის წყალობით კი, უცებ ყველაფერი მივიღე.

მენატრება ნამდვილი დეტექტივი. უნდა ვაღიარო, მე და ჩემი ცოლი რვა კვირის განმავლობაში, გადაბმულად, ყოველ კვირა დღეს ვუყურებდით ახალ სერიებს. ბავშვებს ვაძინებდით, მსუბუქ ვახშამს ვიმზადებდით, წითელ ღვინოს ვისხამდით და ეკრანთან ვსხდებოდით, ისე, თითქოს ამ სერიის შესახებ არაფერი გვცოდნოდა.

დაახლოებით 60 წამი ვყოყმანობდი, მიმეტოვებინა თუ არა კინო სატელევიზიო შოუს გამო.

დალასის შემსყიდველთა კლუბისთვის 38 ფუნტი დავიკელი. ყოველ დილას სარკის წინ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: “ეშმაკმა დალახვროს, მაკკონაჰ, წყეულ რეპტილიას დაემსგავსე.”

წონაში დაკლება კარგი კვებით მიიღწევა, ოღონდ მცირე დოზებით. დღეში ორჯერ 5 უნცია თევზი, დღეში ორჯერ ბოსტნეული… და ასე, 4 თვის განმავლობაში.

ყველაფერი მიყვარს, რასაც სრულყოფილებამდე მიყავხარ.

დალასის შემსყიდველთა კლუბისთვის თანხა დიდი გაჭირვებით ვიშოვეთ. პროდიუსერს ყოველთვის უნდა წარუდგინო სცენარის მოკლე ანოტაცია, დაახლოებით ასეთი: “უახლოესი წარსულის დრამა შიდსსა და მის შეშლილ გმირებზე.” თუმცა, ჩვენ პასუხად ვიღებდით: “და ეს როგორ უნდა გავყიდო?”

მიყვარს ბავშვებთან ერთად სეირნობა. მათ შეუძლიათ ასჯერ გავლილი ადგილი ყოველ ჯერზე ახლებურად წარმოაჩინონ.

მომწონს მამობა. მოულოდნელად ჩემი ცხოვრება ჩემს საქმეზე უფრო საინტერესო გახდა.

ბავშვები უამრავ კითხვას სვამენ და მეც თითქმის ყველა მათგანზე მაქვს პასუხი. ამას წინათ ჩემი გოგო მომიახლოვდა და მეკითხება: “მამა, ჟირაფივით გრძელი კისერი რატომ გაქვს?”

“რატომ?” – ეს დიადი შეკითხვაა. მხოლოდ მის შემდეგ მოდის დანარჩენი კითხვები: “სად?”, “რა?”, “როდის?”, “რანაირად?”

მარტივად უნდა იცხოვრო. არანაირი ზედსართავი სახელი და ზმნიზედა. მხოლოდ – არსებითი სახელი და ზმნა.

იცხოვრო უცოდველად იგივეა, რაც იცეკვო წვიმაში და არ დასველდე.

ყველაზე რთული საკუთარ თავთან ურთიერთობის აღდგენაა.

იზრუნე შენს ბაღზე – მე ამ წესით ვცხოვრობ. პეპლებს კი არ დაედევნო, არამედ – მოუარე ყვავილებს და პეპლები შენთან თვითონ მოვლენ. ცხოვრება ასეა მოწყობილი.

გინდა, გახდე მწერალი? მაშ, დაჯექი და წერე. გინდა გახდე რეჟისორი? მაშინ ამოიღე შენი წყეული ტელეფონი და ამ წამსვე დაიწყე გადაღება.

ბრაზი, ძმაო. სხვა რომელი ემოცია მოგცემს ამდენს? ყველაფერი ბრაზიდან მოდის.

40 წელი – ეს მამაკაცის ცხოვრებაში საუკეთესო ასაკია, სიყვარულისთვისა და სიცილისთვის ზედგამოჭრილი ასაკი.

მიყვარს უცნაური სასიყვარულო ისტორიები. ვბღაოდი, როცა ჯესიკა ლანჟს კინ-კონგი წაართვეს. ასე მოქცევა არ შეიძლება, ნაძირალებო!

მიყვარს სარკაზმი, მსუბუქი ცინიზმიც. ვფიქრობ, ცინიზმი მახვილგონიერი შეიძლება იყოს. თუმცა, რთულია მიხვდე, როდისაა გონებამახვილობა კონსტრუქციული და როდის – არა.

ვერ ვიტან სულელ ხალხს, თუმცა, მათ გარეშე ცხოვრებაში გზის გაკაფვა წარმოუდგენელია.

დღიურს არ ვაწარმოებ, თუმცა ჩანაწერთა წიგნში ყველა გადაღებულ ფილმსა და დიდ მოგზარობას ვინიშნავ ხოლმე.

ზოგადად ფერად სიზმრებს ვნახულობ და ძირითადად ინტერგალაქტიკელ ჯაშუშებზე.

ერთხელ ერთმა კოსმონავტმა თქვა: “რაც უფრო შორდები დედამიწას, მასზე მით უფრო მეტს იგებ.” მეც ასე ვარ – ამერიკიდან წასვლის შემდეგ მასზე გაცილებით მეტი შევიტყვე, ხოლო თუ უდაბურ ადგილას ვხვდები – მეტს ვიგებ საკუთარი თავის შესახებ.

სამყაროს არა კოსმონავტები, არამედ ფერმერები სჭირდება.

ერთ საღამოს ნამდვილი დეტექტივის გადასაღებ მოედანზე ყველამ დავლიეთ და ერთმანეთისგან სიმართლის “გამოძალვა” დავიწყეთ. მე და ვუდიმ იმდენ რამეზე ვისაუბრეთ… დილას ხალხი დგებოდა და ამბობდა: “მგონი, მეგობრობაში ჩავისვარე”. მე და ვუდიმ კი, უბრალოდ, ხელი ჩამოართვით ერთმანეთს. ვუდიმ მითხრა: “გაასწორა გუშინდელმა საღამომ! კარგად გამოიძინე?” და მეც ვუპასუხე: “კი, საკაიფოდ.”

თუკი სილამაზე შემოგაკლდათ, წადით ისლანდიაში.

სპორტის სახეობებიდან გოლფი და სერფინგი მიყვარს. სწორედ მათი მეშვეობით ხვდები გასაოცარ ადგილებში.

სამყაროში ძალიან ცოტაა სამართლიანი შენიშვნა, ხოლო ერთ-ერთი მათგანია: “არ დაანაგვიანო.”

ჰამბურგერი მაგარმა ტიპმა გამოიგონა, ჩიზბურგერი კი – გენიოსმა.

გამოშტერებულ ცივილიზაციად ვიქეცით მაშინ, როცა ბევრი ფიქრი დავიწყეთ იმაზე, თუ რა მივირთვათ სადილად.

რატომღაც ჩვენს წარუმატებლობას უფრო დეტალურად ვაანალიზებთ ხოლმე, ვიდრე ჩვენს წარმატებას.

თითოეულ ფილმს ისე ვუდგები, თითქოს ის უკანასკნელი იყოს.

ბავშვობაში J.C Penney-ის (ტეხასური მაღაზიათა ქსელი) ჯინსებზე ვგიჟდებოდი. ეს იყო უბრალო, ჯიბეებიანი ჯინსები, რომელსაც უკან არაფერი ეწერა.

არანაირი ილუზია. ამიერიდან – აღარანაირი ილუზია.

არ არსებობს მოუქნელი წყალი.

 

წყარო: esquire

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments