მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან

ავტორი: ნიკა ზირაქაშვილი

 

კარიბის ზღვის მეკობრეები 5: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან – ეს არის ფილმი, რომელსაც ძალიან სურს, ბავშვების საყვარელ ზღაპრად იქცეს, მაგრამ ამასთან, თავისი სერიოზული უფროსი ძმების შურს და ამიტომ, არც გუდიან კაცზე მოყოლილი ისტორიებისთვის დამახასიათებელ ბოროტულ დეტალებს იკლებს.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ჯონი დეპის უბერებელი ნიჭიერების სასმისი, რომლიდანაც მთელი ფილმის განმავლობაში შეძლებთ უსაზღვრო იუმორისა და ტალანტის დალევას. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ფილმი სწორედ მისი დახმარებით გადარჩა ჩაძირვას, მეკობრეების გემის მსგავსად. ეს არ ნიშნავს, რომ ფილმი ცუდია. პირიქით, იდეალურად გადანაწილებული აქცენტების გამო, შეუძლებელია, არ დააფასო, რამდენად გაიზარდა ეს ნაწილი სიმაღლეში. იუმორისა და განუმეორებელი საუნდტრეკების გარდა, აქ უსაზღვრო შურისძიებით ანთებული პერსონაჟები გელიან.

ფილმის სცენარი მარტივად რეგისტრირდება გონებაში და მოგვითხრობს ორლანდო ბლუმის პერსონაჟის შვილის ისტორიას, შვილის, რომელიც მამამისის წყევლის მოსახსნელად მზადაა, სიცოცხლე გაწიროს. მას გზად თინეიჯერული სერიალის, Skinsის გადასაღებ მოედანზე შერბენაც კი არ ეზარება.

ახალი მეკობრეები შეიძლება აღიქვა, როგორც წინა ფილმების გაგრძელება და ეს სრულიად მარტივი და მისაღები მოცემულობა იქნება. პრობლემა აქ ის არის, რომ სინამდვილეში კარიბის ზღვის მეკობრეები 5: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან სრულიად ახალ და არაორდინალურ ისტორიას გვიყვება და მთლიანად ცვლის ფრენჩაიზის მიმართულებას. ეს სრულიად ახალი ფილმია, რომელიც საკუთარი ფრენჩაიზის შექმნას იწყებს. პარალელურად კი, ძველი, დიდების მქონე წინამორბედების თითქმის ყველა დადებითი თვისება აქვს მისაკუთრებული.

თუ წინა ფილმებში მთავარი პერსონაჟებისგან ერთი და იგივე ხასიათისა და შემართების გამოჩენას იყავით მიჩვეულები, ამჯერად რეჟისორი ჰოაკიმ რონინგი სრულიად განსხვავებული ფაქტის წინაშე გვაყენებს. მან თითქოს ესპენ სანდბერგთან ერთად 360 გრადუსით დაატრიალა შტურვალი და ასე მოტრიალე დატოვა კიდეც. კაპიტანი ჯეკ ბეღურა, ბარბოსა და უბედური გიბსის ეკიპაჟიც კი იმდენად გაშლილია მთელს სცენარში, რომ რამდენიმე ხასიათითა და ლაიტმოტივით გვევლინებიან. ფილმის ასეთი მრავალფეროვანი ცვლილებები იწვევს გემოვნებიანი იუმორის მოზღვავებას და საერთო სურათის ხარისხს ძალიან ამძაფრებს.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ხავიერ ბარდემის პერსონაჟი, რომლის წყალობითაც ფილმი ყველანაირი გემოვნების მაყურებელს დააკმაყოფილებს. თუ წაკითხვისას საზღვაო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამეფო ფლოტი და ესპანელი კაპიტანი არმანდო სალაზარი არაფერს გეუბნებათ, მაშინ ორმაგი სიამოვნებისთვის ხართ განწირული, რადგან მისი მიმიკებისა და ხასიათის გაგებას დამატებითი ემოცია მოაქვს ფილმის კულმინაციურ მომენტამდე. თითქოს თქვენც შუა საუკუნეების სამეფო გემის ქიმზე იდგეთ და სახეს ქარი გისერავდეთ.

სალაზართან ერთად, კაპიტან ჯეკ ბეღურას თითოეულ სცენას თანდათან გადაყავხართ სხვაგან, სხვა მხარეში. ეს არ არის რაღაც ახალი სამყაროს აღმოჩენისა და შეცნობის მცდელობა. მეკობრეები 5 ხსნის ყველაფერს, რაც წინა ფილმების სცენარში ტაბუდადებული იყო. შესაძლებელია, ამ სურათის ყურებისას პოპკორნით სავსე პირი ღია არ დაგრჩეთ, რადგან ეს უფრო პორშე 911–ია, ვიდრე კომფორტული როლს როისი, მაგრამ რეჟისორს უხეში კორპუსის ქვეშ ძლიერი ძრავის ჩადგმა მაინც იდეალურად გამოუვიდა.

 

უყურე ფილმს ქართულად – აქ!

Comments

comments