მომავლის ანდროიდები დღეს

ავტორი: გიორგი კარანაძე

 

1982 წლის 25 ივნისს ამერიკის კინოთეატრებში დანის პირზე მორბენალი გამოჩნდა – რიდლი სკოტის მძიმე, ნუარის სტილში გადაღებული, 116-წუთიანი სამეცნიერო ფანტასტიკა. იმდროინდელი კინო კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს ნამუშევარი რეჟისორის კოშმარებში მოგზაურობას ასახავდა. თუმცა, 2017 წლის გადმოსახედიდან მომავლის ცნება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ის, რაც 80-იან ან 90-იან წლებში ეგონათ – რეალურად დადგა. არ არის აუცილებელი მფრინავი მანქანები ან ავტომატურად შეკვრადი ნაიკის ბოტასები გვქონდეს. ის მომავალი, რომელიც ნაწილისთვის ერთ დიდ გლობალურ სივრცედ ქცევა იყო, უკვე ასრულდა.

1982 წლის რიდლი სკოტის სამეცნიერო ფანტასტიკა დანის პირზე მორბენალი (Blade Runner) დღემდე საკულტო ფილმის სტატუსს ინარჩუნებს. მასზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და ათასობით სამეცნიერო ნაშრომია შექმნილი. ფილიპ დიკის წიგნის (ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?) ეკრანიზაცია დღემდე მოწინავე პოზიციას იკავებს ყველაზე გავლენიანი ფილმების ჩამონათვალში.

სიუჟეტი ვითარდება 2020 წლის მომავლის ლოს-ანჯელესში, რომელიც ფუტურისტულ ტოკიოს უფრო ჰგავს. ჰაერში თვითმფრინავების გარდა დაფრინავს უამრავი პატარა მანქანა, რომელიც გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელ საშუალებად ითვლება. ნეონის განათებებით მოწყობილი ქუჩები კი უცხოსთვის კლაუსტროფობიის გარანტად იქცევა. ამ ურბანულ ჯუნგლებში უიმედობა, სიღარიბე და შიშია დაბუდებული.

ფილმში მთავარ როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს. ის პოლიციის სპეციალურ დეპარტამენტში მუშაობს და მისი საქმე ხელოვნურ ადამიანებზე – ე.წ. რეპლიკანტებზე ნადირობაა. ეს ადამიანის მსგავსი არსებები არალეგალურად იპარებიან დედამიწაზე და ცდილობენ, დანარჩენების მსგავსად იცხოვრონ. ფორდის გმირს ერთ-ერთი მათგანი უყვარდება და პიროვნული კონფლიქტიც აქ იწყება.

წიგნში განსხვავება – ადამიანებსა და რეპლიკანტებს შორის გამოკვეთილია. ფილიპ დიკი სვამს კითხვას: რამდენად რეალურია ანდროიდების პერსონალური მეხსიერება, თუკი ისინი სხვისი გამოცდილებით არიან შთაგონებული? ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის შესახებ თავად ხელოვნურად შექმნილმა არსებებმა არ იციან. ჰარისონ ფორდი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს მომენტი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, რის გამოც რიკ დეკარდის როლს დათანხმდა. ხოლო რიდლი სკოტმა მომავლის აღწერის კიდევ ერთი შესანიშნავი გზა იპოვა – შეუძლებელია, დაივიწყო ატმოსფერო პირველი უცხოსი, რომელიც ასევე ჟანრის კლასიკად ითვლება.

კრიტიკოსები ხშირად მინუსად თვლიან იმას, რომ ფილმში ძირითადი აქცენტი მომავლის სამყაროს ვიზუალზეა გაკეთებული და გმირებს შორის ურთიერთობა მოიკოჭლებს. თუმცა, მე მგონია, რომ იმ დროისთვის მართლაც გამაოგნებელი ვიზუალი არანაირად არ “ჩაგრავს” სიუჟეტის განვითარებას. არ უნდა დავივიწყოთ დუგლას თრამბული, რომელიც ვიზუალურ ეფექტებზე მუშაობდა და რომლის ხედვასაც ეკუთვნის კიდევ ერთი შედევრი – 2001 წელი: კოსმიური ოდისეა.

დანის პირზე მორბენალი არ არის ადვილად სანახავი ფილმი. ეს არ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელსაც პოპკორნს მიაყოლებ. სიუჟეტი, საუნდი და ვიზუალი ერთი დიდი პესიმისტური ამბის ნაწილია. ამიტომაცაა, რომ მასში მოთხრობილი გმირების ისტორია დღემდე აქტუალურია, დღემდე კვლევისა და განხილვის საგანია.

ჟანრის და არა მარტო მისი მოყვარულებისთვის რიდლი სკოტის ეს შედევრი იმ დიდი ფილმების ნაწილია, რომლებმაც მომდევნო ათწლეულებზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა, როგორც კინო ინდუსტრიის, ისე ცხოვრების განვითარებისა და მომავლის ხედვის კუთხით.

სწორედ ამ ყველაფრის გამო, კინომოყვარულების უმეტესობა შიშით შეხვდა სიახლეს, რომ რიდლი სკოტი ფილმის გაგრძელების გადაღებას აპირებდა. სანამ დეტალები გახდებოდა ცნობილი, მეც იმ სკეპტიკოსთა შორის ვიყავი, რომელებიც ამტკიცებენ, რომ კლასიკას გაგრძელება არ სჭირდება. ამჟამად სამსახიობო გუნდიც ვიცით და ისიც, რომ პროექტს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი, დენი ვილნევი უხელმძღვანელებს.

კრიტიკოსები ელოდნენ, რომ გაგრძელება – Blade Runner 2049 წლევანდელ ტორონტოს ფესტივალს გახსნიდა, ან ვენეციის პროგრამის გარეთ ჩვენებაში მაინც იქნებოდა ჩასმული. თუმცა, სიუჟეტის გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, ფილმის პროდიუსერებმა ფესტივალებზე ნამუშევარი არ გაიტანეს. 35-წლიანი პაუზის შემდეგ შემქმნელებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაყურებლებისა და კრიტიკოსების შეფასება, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც საშუალო დონის ფილმი დამარცხებასა და მილიონობით ადამიანისთვის იმედის გაცრუებას ნიშნავს. საბედნიეროდ, გაგრძელებასაც, ორიგინალის მსგავსად, R რეიტინგი მიენიჭა.

ასე რომ, წელს კიდევ ერთხელ გაცოცხლდებიან თავებზე მონადირეები რეპლიკანტების წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვიხილავთ გამაოგნებელ ვიზუალს, მომავალს, რომელიც მოგვიანებით ალბათ დადგება. Blade Runner 2049 მართლაც რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვნახოთ, როგორ ჩააბარებს დენი ვილნევი ამ ურთულეს გამოცდას. ჩვენ კი, მოყვარულებს, ისღა დაგვრჩენია, ვიფიქროთ კითხვაზე: ოცნებობენ თუ აღარ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?

 

 

Comments

comments