მშრალია აღმოსავლეთის ეს დანაღმული მდელოები

ავტორი: მარი ბექაური

 

მათ შეუძლიათ, კოჭლობით გაეკიდონ ველოსიპედს, მოჭრილი ფეხით იარაღის იმიტირება გააკეთონ და მერე ამაზე გაიცინონ. შეუძლიათ, დანაღმულ ველზე თამაში წამოიწყონ და არ შეეშინდეთ. მშრალია აღმოსავლეთის ეს დანაღმული მდელოები, სადაც ისინი უკვე აფეთქდნენ. აფეთქდნენ და გადარჩნენ: ცოცხლები, უხელოები და უფეხოები, მოხუცებივით ნაღვლიანები და მაინც გამძლეები, – ეს ათი-თორმეტი წლის ბავშვები, რომლებსაც სწამთ: ღმერთი ბოლომდე არ გაწირავს. აღმოსავლეთი ხომ ის ადგილია, სადაც კუებს ფრენა შეუძლიათ.

ეთნიკურად ქურთი, ირანელი რეჟისორის, ბაჰმან გობადის ფილმი კუებს შეუძლიათ ფრენა მოგვითხრობს თურქეთ-ერაყის საზღვართან დაბანაკებული ქურთი ლტოლვილების ბანაკზე, რომელიც გადარჩენას ელის. ეს ამბავი ნამდვილია. ნამდვილია ლტოლვილების ბანაკიც და ლტოლვილი ბავშვებიც, რომლებიც ნაღმებზე აფეთქდნენ და ცოცხლები გადარჩნენ. უფრო მეტიც, ფილმში სწორედ ისინი თამაშობენ – საკუთარ ისტორიას, სადაც ამერიკა ღმერთია და ღმერთის გამოჩენის იმედით ასობით წყვილი თვალი ცაში იყურება.

ღმერთი მოდის. ხოლო მერე რაც მოხდება, ჩვენ უკვე ვიცით.

გობადის ბანაკი რეალური და სასტიკია, საოცარი სცენებით და კადრებით, რომლებიც, უბრალოდ, შეუძლებელია, დაგავიწყდეს. შედევრია სცენა, სადაც უხელო ბიჭი კლდის პირზე იხრება და დის ფეხსაცმელებს პირით იღებს. რეჟისორს შეეძლო, მისი განცდები ყვირილით, გლოვით ან სხვა ბავშვთან სევდიანი დიალოგით გამოეხატა, მაგრამ არაფერი შეიძლება იყოს ამაზე მტკივნეული და შემზარავი:

უხელო ბიჭი იხრება და პირით იღებს ფეხსაცმელებს – საკუთარი სისხლის და ხორცის, დიდთვალა ქურთი გოგოს ერთადერთ დანატოვარს.

კუებს შეუძლიათ ფრენა პირველი ფილმია, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყში გადაიღეს. ფილმმა 23 საერთაშორისო კინოფესტივალი მოიგო, მათ შორის ბერლინის, სან სებასტიანისა და თბილისის (რამაც, მე პირადად, ძალიან გამახარა), თუმცა ვერანაირი ჯილდო და წარმატება ვერ გამოხატავს იმას, რაც არის ეს ფილმი, და ეს ფილმი, მე თუ მკითხავთ, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო დრამაა.

ფილმის ყურებისას თითქოს პერსონაჟთა ისტორიის მონაწილე ხდები, ფილმის დასასრულს კი გეუფლება განცდა, რომ არაფერია შენი ცხოვრება ამ პატარა ქურთი გოგო-ბიჭების ცხოვრებასთან, მათ გამძლეობასთან და მათ მიერ მოთმენილ ტკივილთან შედარებით.

გობადმა თავისი საქმე მაღალ დონეზე შეასრულა, – მოახერხა, საკუთარი ხალხის სასტიკი სინამდვილის მონაწილეები გავეხადეთ, რადგან კუებს შეუძლიათ ფრენა, უბრალოდ, ძალიან მართალი კინოა – იმ ბავშვების, რომლებიც თორმეტი წლის ასაკში დაბერდნენ.

 

Comments

comments