ნანგრევების ესთეტიკა

ავტორი: ციკო ინაური

 

რატომ ვეტრფით ძველ წიგნებს, ვინილებს, აუდიო-კასეტებს, ძველ სიყვარულს, ძველ სიმღერებს, ძველ შეგრძნებებს, ბავშვობას? ნებისმიერ პრაგმატულ ადამიანსაც კი, რომელიც გმობს წარსულს და ამბობს, რომ წარსული მოგონებებით ცხოვრება სისულელეა, თავად ერთხელ მაინც ჰქონია მარკების, ვინილების, 80-იანი წლების მუსიკალური ჩანაწერების, კინო-ჟურნალების, ან უბრალოდ – რაიმე ძველის კოლექცია. შეუძლებელია, ადამიანს წარსული საერთოდ არ ადარდებდეს. თუმცა, მეორე საკითხია, თუ რით გავამართლებთ ჩვენს მისწრაფებებს ადამიანები, რომლებიც მუდმივად წარსულს ვეპოტინებით…

მე ვერაფრით.

უბრალოდ, ვიცი, რომ როდესაც ძველ ვინილს ვუსმენ, ძველ ფილმს ვუყურებ, ან ძველ წიგნს ვკითხულობ, თავს იმ ისტორიის და იმ ადამიანების ეპოქის ნაწილად ვგრძნობ, რომლებიც ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ დედამიწაზე Apple გაჩნდებოდა… სწორედ ამ შეგრძნების გამო ვგიჟდები რადიო-სიხშირეებზე, რომლებიც რეალურად არავის სჭირდება, მაგრამ იმდენად ინტიმური და სიძველის სასიამოვნო სუნითაა გაჟღენთილი, რომ უამრავ ქვეყანაში რადიო აქტუალურ მედიასაშუალებას წარმოადგენს. რადიოში მოსმენილ ბილი ჰოლიდეის სულ სხვა ხიბლი აქვს. რადიო, ვინილები, ძველი ფილმები, ძველი ვიდეო და აუდიო ჩანაწერები არის ის, რაც მსოფლიომ თანამედროვე ადამიანს შემოუნახა და ის, რაც ამ თანამედროვე ადამიანს ძველ სამყაროსთან რეალურად აკავშირებს. ალბათ, სწორედ ამიტომ მიყვარს ძველი ფილმები და ყოველთვის, როცა კინოს საღამოს ვგეგმავ, თვალი შავ-თეთრი ფილმებისკენ გამირბის. მე ხომ იმ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც რევოლუციები იშვიათია და გვიკვირს. ის შავ-თეთრი ფილმები კი ასახავს პროცესებს, რომლებზეც მოგვიანებით უამრავი წიგნი, წერილი, კვლევა დაიწერა და რომელსაც ჩვენ ისე ვკითხულობთ, როგორც ძველ ისტორიას. მაგალითად, რობერტო როსელინის ფილმებში ჩვენ ვხედავთ ომის შემდგომ იტალიას, ადამიანების რეალურ განცდებს, პრობლემებს და ამასთანავე, იტალიური ნეორეალიზმის განვითარების პერსპექტივებს.

ჩვენ ვუყურებთ ისტორიებს, როლებმაც იტალიური კინო შეცვალა და ჩამოაყალიბა ჟანრი, რომელმაც არამარტო იტალიურ კინოში, არამედ იტალიაში მოახდინა დიდი რევოლუცია. მსგავსად გერმანელებისა, რომლებმაც “მატყუარა კინოსთან” ბრძოლა ობერჰაუზენის მანიფესტით დაიწყეს, იტალიელმა რეჟიოსრებმაც გადაწყვიტეს, გაერთიანებულიყვნენ და ჟურნალ სინემას დახმარებით, იტალიის ნამდვილი პრობლემები წარმოეჩინათ. მთავარი მოტივი იყო ომის შემდგომი, დანგრეული, ნაცრისფერი იტალიის და უბედური, სასოწარკვეთილი, ღარიბი ადამიანების ჩვენება. ნეორეალისტთა ჯგუფს სათავეში მიქელანჯელო ანტონიონი, ლუკინო ვისკონტი, რობერტო როსელინი, ვიტორიო დე სიკა და სხვები ჩაუდგენენ… მათ მოინდომეს, ფაშისტური იდეოლოგიისთვის და შელამაზებული კინოსთვის ბრძოლა გამოეცხადებინათ.

ალბათ, სწორედ ფაშისტური იდეოლოგია იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც რობერტო როსელინიმ ნეორეალიზმის წინამძღოლობა გადაწყვიტა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მომხრე იყო და იმდენად განიცდიდა საკუთარ დანაშაულს, რომ ყველაზე დიდი ანტიფაშისტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნეორეალისტურ ფილმად 1943 წელს გადაღებული სიგიჟე მიიჩნევა, რობერტო როსელინიმ თავისი ცნობილი ტრილოგიით: 1. რომი, ღია ქალაქი 2. თანამემამულე 3. გერმანია, ნულოვანი წელი, სხვა რეჟისორებთან ერთად საბოლოოდ ჩაუყარა საფუძველი ნეორეალიზმს. სამივე ფილმი წარმოადგენდა ხმამაღალ, უშიშარ ბრძოლას ყალბი, უხარისხო, ომამდელი იტალიური კინოს წინააღმდეგ. რეჟისორი იმ ყოფას და რეალობას უცხადებდა პროტესტს, რომელიც მის ქვეყანაში მეფობდა. სამივე ფილმში ძალიან ბუნებრივად და პირდაპირ არის აღწერილი ომისშემდგომი, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცხოვრება, ადამიანების, რომლებიც სასოწარკვეთისგან, შიმშილისგან, უსახსრობისგან და შიშისგან საშინლად იქცევიან.

ამ სამი ფილმიდან განსაკუთრებით კარგია ტრილოგიის მესამე ნაწილი – გერმანია, ნულოვანი წელი, რომელიც სრულიად უდანაშაულო, პატარა ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი ბერლინშია გადაღებული. ბიჭი საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენას ცდილობს. მათ არაფერი გააჩნიათ, თუმცა ქვეყანაში ისეთი დაძაბულობაა და ადამიანებს ერთმანეთი იმდენად არ ადარდებთ, რომ ბიჭი სასოწარკვეთილებისგან ერთ-ერთი დანგრეული შენობიდან ხტება და კვდება.

ბიჭი ნანგრევებში…

საზარელი კადრია და ჩვენც საშინელი უსამართლობის განცდა გვიჩნდება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი სასტიკია, ალბათ, ყველაზე მეტად ასახავს ნეორეალიზმს და მის დანიშნულებას. ასე რომ, თუ ძველმანების და ძველი ფილმების მოყვარული ხართ, უყურეთ როსელინის ძველ, ღვთაებრივ ფილმებს, შეიგრძენით იმდროინდელი რეალობა და შეიყვარეთ ნეორეალიზმი!

Comments

comments