რა ვიცით ლარს ფონ ტრიერის მომავალ ფილმზე?

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

დანიელი რეჟისორის ყოველი მომდევნო პროექტი კინომანებში დიდ ინტერესს იწვევს. ამჯერად, რიგით მეთხუთმეტე სრულმეტრაჟიან ფილმს ველით, რომელსაც სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა ჰქვია. მისი პრემიერა 2018 წელს იგეგმება. ფილმი სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, მთავარი გმირის პროტოტიპის ინსპირციის წყარო ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

ჯეკის როლს მეთ დილონი შეასრულებს. ფილმის პერსონაჟი მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა და მაყურებელი მისი თორმეტწლიანი მკვლელობათა სერიის მოწმე გახდება. 13 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში ტრიერმა ფილმი ასე განმარტა: ფილმი იმ იდეას ავრცობს, რომლის მიხედვითაც ცხოვრება ბოროტებაა, რაც ჰომო ტრუმპუსის – ვირთხების მეფის ბოლოდროინდელმა აღზევებამაც დაადასტურა.

ერთი კვირით ადრე რეჟისორმა ფილმის პრომოუტინგისთვის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც თავად, კოსტიუმში გამოწყობილი, ერთ ხელში ცელით, ზარს რეკს. ფოტოს ქვეშ ეწერა: ძლიერი სახე-ხატი კინემატოგრაფიული მინიშნებით. აქ კი, სავარაუდოდ, მისი თანამემამულე, კარლ თეოდორ დრეიერის 1932 წლის ჰორორი – ვამპირი უნდა გაგვახსენდეს.

დილონის გარდა ფილმში ვნახავთ უმა თურმანს (მეორე ერთობლივი პროექტი), შიობან ფელონ ჰოგანს (მესამე პროექტი), რაილი კეის, სოფი გრაბოლს (მეორე პროექტი) და სხვებს. ტრიერი ამერიკაში არასოდეს ყოფილა, თუმცა, ამ ახალი კინოსურათის მსგავსად, მისი ზოგიერთი ფილმის მოქმედება იქ ხდება (ანტიქრისტე; დოგვილი). ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეჟისორის რიგით მესამე ტრილოგიის სახელწოდება – ამერიკა – შესაძლებლობების ქვეყანა იყო (ტრილოგიის მესამე პროექტი – ვასინგტონი განუხორციელები დარჩა).

ახალი ფილმის გადაღებები გაზაფხულზე, შვედეთსა და დანიაში მიმდინარეობდა. ამერიკაში მისი დისტრიბუტორი კომპაია IFC Films იქნება (რეჟისორისა და კომპანიის მეოთხე თანამშრომლობა). თავიდან რეჟისორს რვა-ეპიზოდიანი მინი-სერიალის გადაღება ჰქონდა ჩაფიქრებული, რის შესახებაც 2014 წელს ვენეციის კინოფესტივალზე განაცხადა, თუმცა შემდგომ, 2016 წლის თებერვალში, საკუთარი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ფილმის გადაღება დააანონსა.

არსებობს საინტერესო კავშირი ამ ფილმსა და ტრიერის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმს, დანაშაულის ელემენტს (1984) შორის. დანაშაულის ელემენტის ერთ-ერთ სცენაში, როდესაც მთავარ გმირს, კიმს (მემე ლაი) პირველად ვხედავთ, გვესმის მის მიერ წარმოთქმული სიტყვები: სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა. იქაც სიუჟეტი სერიული მკვლელის ირგვლივ ვითარდება.

მარტის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის კანის კინოფესტივალზე დასაშვებად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. როგორც იცით, 2011 წელს კანმა რეჟისორი, ებრაელებზე ხუმრობის გამო, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ტრიერმა ფილმის შესახებ თქვა: შესაძლოა, ეს ჩემი ყველაზე ტრადიციული ფილმი იყოს, რაც კი აქამდე გადამიღია. ჟურნალისტებთან შეხვედრას უმა თურმანი და მეთ დილონიც ესწრებოდნენ. მსახიობებისთვის შესანიშნავი რეჟისორია… ძალიან მგრძნობიარე და ემოციური, – განაცხადა თურმანმა, ხოლო დილონმა აღნიშნა: ლარსის ფილმები უნიკალურია. როგორც მსახიობი, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მსახიობთა შესრულებით. მსახიობებმა ვიცით, რომ შესაძლოა, ძალიან კარგად ითამაშო, მონტაჟისას კი ყველაფერი შეიცვალოს… მაგრამ ლარსთან თავს მშვიდად ვგრძნობ.

მსახიობების ასეთი განცხადება ცოტა უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიორკისთვის, ნიკოლ კიდმანისა და კირსტენ დანსტისთვის რეჟისორთან მუშაობა ძალიან მძიმე და დამთრგუნველი იყო.

თურმანის და დილონის გარდა, ფილმში მთავარ როლს ვეტერანი შვეიცარიელი მსახიობი, ბრუნო განზიც ასრულებს, რომლის გმირსაც ჯეკი ჩადენილ მკვლელობებზე ესაუბრება. მსახიობის გამოჩენამ დაბადა ეჭვი, რომ ტრიერი კანის ფესტივალზე მორიგ კონტროვერსიას გეგმავდა. ცნობილია, რომ განზი 2004 წელს, ადოლფ ჰიტლერის როლის გამო, საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ შესაძლებლობა მომეცა, მეთ დილონი და ბრუნო განზი მთავარ როლებზე მომეწვია,თქვა ტრიერმა, – ეს ორი ჯენტლმენი ყოველთვის მყავდა წარმოდგენილი კინო ხედვებში. ისინი შესანიშნავი მსახიობები არიან და საკმაოდ ორგანულად ეწერებიან ჩემს კინემატოგრაფიულა ოჯახში. მათთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი.

 

Comments

comments