რატომ ისურვა ტილდა სუინტონმა “დოქტორ სტრეინჯში” თამაში

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

ტილდა სუინტონის ფანებში მის მიერ არჩეული როლები გაკვირვებას უკვე აღარ იწვევს. ბრიტანელ მსახიობს საინტერესო, უცნაური და განსხვავებული როლები იზიდავს, და მიუხედავად ამისა, ცოტათი მაინც შოკის მომგვრელი იყო მისი დოქტორ სტრეინჯში გამოჩენა. მარველის ფილმში მსახიობი მისტიკოს მასწავლებელს განასახიერებს, რომელიც ბენედიქტ კამბერბეტჩის  გმირს თავისი ზებუნებრივი ძალების გარკვევაში ეხმარება. მარველის კინოსამყაროსთან კოლაბორაციას თავისი ახსნა აქვს: სუინტონს სურს, კინოგურმანებმა აკეთონ ის, რაც მათ ყველაზე მეტად სიამოვნებთ: უყურონ ფილმს კინოთეატრში. მე კინოთეატრის მოყვარული ვარ, – აცხადებს სუინტონი, – შესაბამისად, ჩემი ხმა მას, ვინც ხალხს კინოში წასვლისკენ უბიძგებს.

სუინტონი საკუთარ თავს მარველის კინოსამყაროს ფანად მიიჩნევს: უკვე რამდენიმე წელია ისინი უპირობო ლიდერები არიან. როცა ამ ფილმზე მუშაობა შემომთავაზეს, მაშინვე ახალ მულტისამყაროში გადავედი, გონებრივად გარდავიქმენი.

დოქტორი სტრეინჯი უნიკალურობა და მარველის ორიგინალური სცენარი შთამბეჭდავ შედეგს იძლევა: ვფიქრობ, ძალიან მაგარია, რომ მარველმა ასეთი განსხვავებული ფილმი გადაიღო. მთავარი გმირი ზრდასრული, გამოცდილი ადამიანია, რომელიც ასაკის შესაბამისად ცდილობს პრობლემების მოგვარებას.

სუინტონის ერთგული ფანებისთვის გაუგებარია, რატომ დათანხმდა მსახიობი მარველის შემოთავაზებას, როცა მისი ბოლო პერიოდის ფავორიტი ფილმები უცნობი ტბასთან (რეჟ. ალენ გიროდი) და მე ვნახე ეშმაკი (რეჟ. კიმ ჟი-უნი) იყო. თუმცა, მსახიობი ამბობს, რომ უბრალოდ, ერთობა.

მე ამ თამაშში ვარ ჩართული და შესაბამისადაც გადავიცვი. მე ჩემს თავს ვართობ. არ ვიცი, რამდენად დამაინტერესებს ამ ყველაფრის გამეორება. ზოგადად, რაღაცებში ქექვა არ მიყვარს.

უამრავი მსახიობი კარიერულ წინააღმდეგობებს იძულებით უმკლავდება, სუინტონს კი პირიქით, მრავალფეროვნება იზიდავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან ერთდროულად ვეს ანდერსონის კომედიაში, ძმები კოენების ფილმსა და მარველისტრეინჯში ითაშამა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მრავალმხრივ ნიჭიერი მსახიობია, რომლის კარიერაც 80-იან წლებში, ექსპერიმენტულ კინო-რეჟისორთან, დერეკ ჯარმენთან ურთიერთობით დაიწყო. მოგვიანებით, სუინტონი დოკუმენტური კინოს Derek-ის სცენარის ავტორი, პროდიუსერი და ნარატორიც გახდა. (თუ მისი ადრეული პერიოდის ნამუშევრებით დაინტერესდებით, გირჩევთ, ნახოთ დერეკ ჯარმენის 1988 წელს გადაღებული ფილმი მშვიდობით, ინგლისო.)

მეეჭვება, დავინტერესდე ისეთი როლით, რომელიც თავსატეხს არ გამიჩენს. ზოგჯერ, მიმართლებს და მსგავსი როლი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, პირდაპირ ხელებში მივარდება.

მრავალწლიანმა კარიერამ ტილდა სუინტონის გარშემო ერთგულ რეჟისორთა დიდი წრე შეკრა. ოსკარის მფლობელისთვის ისინი უბრალოდ მეგობრები არიან.

ვცდილობ, მეგობრებთან ვიმუშაო. ძმები კოენები, ლუკა გადანინიო (ერთად ვიმუშავეთ ფილემბზე: დიდი შხეფი, მე ვარ სიყვარული და ახლა მორიგ ფილმზე – სუსპირია-ზე ვმუშაობთ), ჯუნ-ჰო ბონგი (ფილმი თოვლისმჭრელი და ახლა ოკჯა-ზე მოვრჩით მუშაობას), ჯიმ ჯარმუში – აი, ამ ადამიანებთან მსიამოვნებს მუშაობა.

სუინტოზე ვერ ვიტყვით, რომ პოპულისტია, მას უბრალოდ  სხვადასხვა ჟანრის ფილმები იზიდავს. დოქტორ სტრეინჯის გარდა, 2005 წელს მან კიანუ რივზთან ერთად კონსტანტინშიც მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად, სუპერგმირების თემა მისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ის მასშტაბურ პროექტებს არასოდეს გაურბის (თუნდაც, ნარნიას ქრონიკები რომ გავიხსენოთ).

სუინტონი წინა ნამუშევრებთანაც გრძნობს კავშირს: საგნები და მოვლენები ერთმანეთს თემატურად ერწყმის, ან, შეიძლება, ეს უბრალოდ ჩემი დამოკიდებულებაა – სხვადასხვა ფილმზე მუშაობით ბოლომდე დავიკმაყოფილო გაჩენილი ინტერესი.

ყველა მსახიობის მსგავსად, მასაც სურს ნამუშევრის მაყურებლამდე მიტანა (მისი სიტყვებით – დასრულებული ინტერესის გაზიარება), ამის საუკეთესო საშუალება კი მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობის მიღებაა. თანაც, მარველთან თანამშრომლობა სოლიდური შემოსავალის მიღებასაც გულისხმობს.

ფული სუინტონს საშუალებს აძლევს, აკეთოს ის, რაც უყვარს, მაგალითად, გადაიღოს მოკლმეტრაჟიანი ფილმი ჯონ ბერგერზე (მისი 2016  წლის კიდევ ერთი დიდი პროექტი), ან, როგორც ეს უკვე ერთხელ ქნა, – დაიძინოს მუზეუმში გამოფენილ მინის ყუთში, მოკლედ, – ყველაფერი, რაც მას გაუხარდება.

ჰოდა, რა გამოდის, რომ ტილდა სუინოტი ჩვენი გურუა, რომელიც დროისა და სივრცის დამორჩილებას გვასწავლის?

 

წყარო: www.indiewire.com

 

Comments

comments