“რიკი და მორტის” აბსურდული სამყარო

ავტორი: სანდრო გაჩეჩილაძე

 

გაიხსენეთ ყველა ის სერიალი ან ფილმი, რომელიც მოგწონებიათ, ან სულ მცირე, IMDb-ზე 7 ვარსკვლავი მაინც დაგიწერიათ. ეს შეიძლება იყოს სამეფო კარის თამაშები, ფარგო, ექიმი ჰაუსი ან სულაც, 2006 წელს გადაღებული, ოთხ-ეპიზოდიანი ჩინებული ჯეინ ეარი (ნუ განმსჯით!). ამ სერიალებში თავად ფორმატი მოითხოვს, რომ გამუდმებით ერთ რომელიმე ამბავზე, სიუჟეტზე ვიყოთ კონცენტრირებული, მაგალითად, როდესაც ჯონ სნოუ კედელზე მიძვრება, ან ჯეინ ეარი ვიქტორიანულ სკოლაში წელში გამართულ სიარულს სწავლობს (იმაზე რთულია, ვიდრე გგონიათ). ჩვენ მათ ამბებში ბოლომდე ჩართულები ვართ, რადგან თუ მოულოდნელად ჯონს ან ჯეინს ფეხი აუცდა, ყველაფერი შეიცვლება, მათი წარმატება თუ მარცხი მომავალში სერიალის სიუჟეტს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, რაც არ უნდა ხდებოდეს სერიალში, ჩვენ ყველაფერს მძაფრად აღვიქვამთ. დრამატულ მომენტებს, ფაქტობრივად, მაყურებლებიც ისევე განვიცდით, როგორც პერსონაჟები.

რიკი და მორტი კი საპირისპირო გზას ირჩევს. ამ ანიმაციის მთავარი გმირები უზომოდ ჭკვიანი მეცნიერი, რიკი და მისი შვილიშვილი მორტი არიან. სერიალის სტრუქტურა განსხვავებულია. თითქოს სცენარისტები მიზანმიმართულად ცდილობენ, პერსონაჟების ამბების მიმართ მაყურებელს ნიჰილისტური დამოკიდებულება შეუქმნან და ამას არ აღწევენ მხოლოდ რიკის წყალობით, რომელიც ბოყინ-ბოყინით აცამტვერებს ყველა იმ ღირებულებას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ამისთვის მათ სპეციალურ ხერხს მიმართეს –  რიკის აქვს პორტალების შემქმნელი ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი პარალელური სამყაროსკენ უხსნის კარს.

მაგალითად, ერთ-ერთ სერიაში რიკი ადამიანებს შემთხვევით კოშმარულ მონსტრებად გადააქცევს, თუმცა სერიის ბოლოს თავის შეცდომას მაინც ვერ ასწორებს და დედამიწა მონსტრების ხელში რჩება. ეს რომ სხვა სერიალი ყოფილიყო, ყოველი მომდევნო ეპიზოდი ალბათ ამ აპოკალიფსურ სამყაროში განვითარდებოდა, თუმცა რიკი და მორტის ეს არ სჭირდება – რიკი უბრალოდ ქმნის პორტალს იმ პარალელური სამყაროსკენ, სადაც აპოკალიფსი არ მომხდარა და ყველაფერი კარგადაა.

სხვა სერიებში გაცილებით უფრო აბსურდული მაგალითებიც გვხვდება. გვხვდება სცენა, სადაც ორი მეგობარი სკამზე ზის და ტელეფონით პიცას უკვეთავს. ამის შემდეგ ვხვდებით პარალელურ სამყაროში, სადაც ორი სკამი ზის ადამიანზე და პიცის შეკვეთას ცდილობს. ამის შემდეგ კი, როგორც მიხვდით, – ორი პიცა ზის სკამზე და ადამიანს უკვეთავს.

აქედან გამომდინარე, როდესაც რიკი და მორტის უყურებთ, შესაძლოა, მართლაც აპათია დაგეუფლოთ. რიკი უცხოპლანეტელებთან რუსული ნარდის თამაშს რომც შეეწიროს, პარალელურ სამყაროებში მაინც დარჩება მისი უსასრულო რაოდენობა, რომელიც იმავე ბედს არ გაიზიარებს. უფრო მეტიც, თუ რომელიმე პერსონაჟი მოკვდება, რიკის ყოველთვის შეეძლება შემცვლელის მოყვანა სხვა პარალელური სამყაროდან. რა აზრი აქვს მორტისთვის თავის მშობლების ჩხუბზე დარდს, როდესაც უსასრულო გალაქტიკაში მხოლოდ მტვრის მცირე ნაწილაკია და ამასთანავე, უსასრულო პარალელური სამყაროების მხოლოდ ერთ-ერთის ვარიაციაში მომწყვდეული? და მაინც, ამ ანიმაციის ყურების შემდეგ უნებურად გვიჩნდება კითხვა: “რა აზრი აქვს იმ ყველაფერს, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებთ?”

სერიალის მთავარი მიღწევა ის არის, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც გვადარდებს რიკის უვნებლად გადარჩენა და მისი ოჯახის ამბებიც გვაფორიაქებს. თუმცა, იქნებ რიკი და მორტის გულიც სწორედ ამაში დევს – ვიპოვოთ აზრი აბსურდულ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და სადაც, თუ კარგად დაუფიქრდები, მართლაც არაფერს წარმოადგენ.

სერიალის ნახვა უკვე ქართულადაც შეგეძლებათ  სექტემბრიდან აჭარანეტზე

Comments

comments