როგორ დაიწყო 2017 წელი ქართული კინოსთვის

ავტორი: ბექა მაისურაძე

 

ქართულ კინოს არსებობის 100 წლის მანძილზე გამარჯვებებიც ჰქონდა და წარუმატებლობაც. განსაკუთრებულ წარმატებას კი 1960-1970-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები აშკარად გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. ტოტალიტარული სისტემა კინოხელოვნებას იდეოლოგიური პროპაგანდის ძლიერ იარაღად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, საბჭოთა კინორეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობოდა რევოლუციური თემატიკისა და პატრიოტული ჟღერადობის ფილმებს.

60-იანი წლებიდან საქართველოში რეჟისორების ახალი ტალღა გამოჩნდა. მკაცრი ცენზურის პირობების მიუხედავად, ისინი მაინც ახერხებდნენ, თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხებოდნენ აქტუალურ სოციალური პრობლემებს, გაეკრიტიკებინათ არსებული სისტემა.

ასე იყო თუ ისე, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, ქართულმა კინომ თვითმყოფადობა შეინარჩუნა და როგორც ბერლინის, კანის, ვენეციის, სანდენსისა და სხვა კინოფესტივალების ორგანიზატორები ამბობენ, – ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო. ამ ტალღის სათავეებში კი ქართველი ქალი რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და რუსუდან ჭყონია მოექცნენ.

ნანა ექვთიმიშვილმა, რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად, საკუთარი კინოსცენარით გადაიღო ფილმი გრძელი ნათელი დღეები, რომელმაც მსოფლოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მათ შორის ბერლინის, ჰონგ-კონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს ფესტივალებზე. ფილმი 20-ზე მეტ ჯილდოს ფლობს. 2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრძელი ნათელი დღეები ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონგ-კონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს “ქართული კინემატოგრაფიის ხელახალი აღორძინების ნიმუში” უწოდა.

წელს ქართულ კინოს მნიშვნელოვანი წელი ჰქონდა იმ მხრივაც, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკმაოდ საინტერესო პროგრამით წარდგა, მაგალითად, აღსანიშნავია უკვე ხსენებული რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ახალი ფილმი – ჩემი ბედნიერი ოჯახი, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვა, თუნდაც იმით, რომ ფილმის გლობალურად დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა იყიდა, კინოკრიტიკოსებმა კი ის წლის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ ფილმად შეაფასეს.

ჩემი ბედნიერი ოჯახი გამორჩეულად სევდიანი ფილმია, სადაც, მცდელობების მიუხედავად, იუმორის ადგილი აღარ რჩება და მელანქოლია უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ნანა და სიმონი ბრწყინვალედ ახერხებენ, ეტაპობრივად მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა არის ოჯახი, რა არის და სად არის ბედნიერება. თუმცა, ამას დამრიგებლური ტონით არ აკეთებენ. “ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორი რთულია შენი პასუხი იყოს “დიახ”, როცა გინდა, თქვა – “არა”, – წერდა კინოკრიტიკოსი ენდრიუ კრამპი.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნანასა და სიმონის ფილმმა ოდესის ფესტივალის ორი ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისა და სამსახიობო ანსამბლისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI თხოვნით მიმართა, დაესახელებინა წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-მ კი ათეულში ჩემი ბედნიერი ოჯახი დაასახელა.

ამავდროულად, ჩემი ბედნიერი ოჯახი იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა, ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა. მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

გარდა ამისა, ბერლინის კინოფესტივალზე მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა რეზო გიგინეიშვილის ფილმი მძევლები, რომელიც 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. ფილმზე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კინოკრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა დაწერა, რომ მძევლები ჩვენი ქვეყნის სახელით აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ოსკარზე – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად, რადგან შანსები რეალურია.

გაცილებით კრიტიკული აღმოჩნდა ქართველი მაყურებელი. ქართულმა პრესამ ერთხმად დაიწუნა კინოსურათი და წერდნენ, რომ მძევლები იდეისგან დაცლილი ფილმია, სადაც რეჟისორმა ვერ მოახერხა, ეჩვენებინა ის, რისი თქმაც, სავარაუდოდ, სურდა.

ბერლინში, ერთ-ერთ სექციაში აჩვენეს დიტო ცინცაძის ბედნიერების ღმერთიც, სადაც რეჟისორი აღწერს, თუ რა მარტივად ნადგურდება იმედებით სავსე გზა, როდესაც ემიგრანტები მათთვის უცხო კულტურაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

ქართული ფილმების ჩვენებამ წარმატებულად ჩიარა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზეც, სადაც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი ხიბულა და მარიამ ხაჭვანის დედე უჩვენეს. ამ უკანასკნელმა კი პრიზიც დაიმსახურა.

რაც შეეხება ხიბულას, მიუხედავად იმისა, რომ ოვაშვილი ხელცარიელი დარჩა, ეს დანაკლისი თამამად შეუძლია ამოავსოს გავლენიანი გამოცემების დადებითი რეცენზიებით. პრესამ ერთხმად აღიარა, რომ ხიბულა პოეტური და სულისშემკვრელი ფილმია.

ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმებიდან ასევე აღსანიშნავია ლევან კოღუაშვილის შემთხვევითი პაემნები. ეს არის ამბავი, რომელიც ხდება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, ქალაქში, დედამიწაზე, როცა პეიზაჟი ნისლშია გახვეული, როცა ქალაქში ზღაპარი დგება და როცა არ გეშინია, იტირო იმდენი, რამდენიც დაგჭირდება, გრძნობ გმირებთან და ისტორიასთან სიახლოვეს. რეჟისორი ზედმიწევნით კარგად იცნობს იმედგაცრუებულ, დეპრესიულ 90-იანელთა “დაკარგულ თაობას”, როცა უფროსი თაობის მაგალითი ავადმყოფურად გადამდები ხდება, როცა გზა არსაით მიდის, ხოლო თინეიჯერები სკოლის მერხებიდან პირდაპირ “დაკაცების” გაკვეთილებზე გადადიან, როცა მშობლები შვილებს კოშკში კეტავენ, შვილები კი მოუთმენლად ელიან იმედს, ხსნას და გადარჩენას, რომელიც არავინ იცის, მოვა თუ არა.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წელი ქართული კინოსთვის წარმატებულად მიმდინარეობს, წინ არერთი საინტერესო ფესტივალი გველოდება და რაც მთავარია, სექტემბერში მაყურებელი თავად შეძლებს, იხილოს ზემოთ ჩამოთვლილი ფილმების უმეტესობა, რაც საშუალებას მოგვცემს, თავად შევაფასოთ ისინი. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ქართული კინემატოგრაფია, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა, ახლა უკვე ერთ-ერთი მოწინავე და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროპულ ბაზარზე. აქ შეხვდებით ბულინგს, პიროვნების დაკნინებას, უიმედობას, ოჯახურ პრობლემებს, ქუჩას, სკოლას, აუხდენელ ოცნებებს, გზააბნეულობას, რომელიც ნაივური ცინიზმითა და ახალგაზრდული ენერგიით არის კინოფირზე გადმოტანილი, რომელიც ერთდროულად ანაყოფიერებს და განდევნის ჩვენს უიმედობას და რომელიც რაღაცით ჭაობში ჩაფლული კაცის მდგომარეობას ჰგავს, კაცის, რომელმაც იცის, რომ მალე გზა გამოჩნდება.

Comments

comments