სალი ჰოუკინსი: “გილერმო ძალიან ჰგავს ჩემს გმირს”

(ინტერვიუ სალი ჰოუკინსთან)

 

რა განცდა გქონდათ, როდესაც გილერმო დელ ტორომ მთავარი როლი შემოგთავაზათ “წყლის ფორმაში”?

ეს ჩემთვის წარმოუდგენელი ამბავი იყო. გამიგია, რომ ზოგიერთი რეჟისორი თავიდანვე საზღვრავს, ვის მოარგებს საკუთარ პერსონაჟებს. დელ ტორო სწორედ ასეთია. ჩემთან ერთად კი, მაიკლ შენონსა და ოქტავია სპენსერსაც გაუმართლათ, და რა თქმა უნდა, დუგ ჯონსს, რომელიც ნამდვილად ციდან მოვლენილი საჩუქარია. ჩემი ამ პროექტში ჩართვა საკმაოდ უცნაურად მოხდა. გილერმოსგან შემოთავაზება ჯერ კიდევ 18 თვის წინ მივიღე, მაშინ სცენარიც კი არ ჰქონდა დამთავრებული. მახსოვს, ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ ეს იყო ამბავი ქალზე, რომელსაც წყლის ბინადარი კაცი უყვარდება.

როგორი რეჟისორია გილერმო დელ ტორო?

პირველ რიგში, ის შესანიშნავი ადამიანია და ჩემთვის მის გარემოცვაში ყოფნა დიდი პატივია. ის მსახიობებისთვის შთაგონების წყაროა და ვინც მასთან მუშაობს, ყველას მაქსიმუმის გაკეთება სურს მისთვის. დღევანდელ კინოინდუსტრიაში დელ ტორო ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და ჭკვიანი, კარგი იუმორის და დიდი გულის მქონე ადამიანია, რომელიც თავს საუკეთესოდ გაგრძნობინებს. მისგან ძალიან ბევრს ისწავლი.

როდესაც სცენარი წაიკითხეთ, პირველი რა გაიფიქრეთ?

სცენარის კითხვის პროცესი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. იქ ბევრი ეწერა სიცოცხლესა და სიკვდილზე და იმაზე, თუ რა უსუსურები ვართ ადამიანები, როგორ მოქმედებს სამყაროს ბნელი ძალები ჩვენზე  და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეგვიძლია, გვიყვარდეს და ძლიერები ვიყოთ. დელ ტორო ამ ყველაფერს ძალიან ლამაზად აღწერდა. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო იმის გააზრება, რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი.

მაშინვე მიხვდით, როგორი უნდა ყოფილიყო თქვენი პერსონაჟი?

კი, მაშინვე ვიგრძენი, როგორი იყო, როგორი ექსტრაორდინალური და კომპლექსური, წინააღმდეგობებით და დაძაბულობით სავსე… სცენარის კითხვისას ვგრძნობდი, რომ ამ პერსონაჟს ძალიან მდიდარი და ძლიერი შინაგანი სამყარო ჰქონდა და ამ ყველაფრის ჩვენება ლაპარაკის გარეშე, მხოლოდ ჟესტებით და გამომეტყველებით შეეძლო. ამ პერსონაჟის შემართებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან ვფიქრობ, რომ დღევანდელ სამყაროში ასეთი ძლიერი და ამავდროულად, უმანკო სულის მქონე ადამიანები აღარ არიან. თუმცა, ჩვენ ამ პერსონაჟს ეკრანზე ვუყურებთ, ვხედავთ მის შინაგან სამყაროს და გვესმის მისი.

როგორ იმუშავეთ დუგ ჯონსთან, რომელიც წყლის ბინადარს თამაშობს?

გილერმოს მსგავსად, ისიც გენიოსია. მისი სხეულის პლასტიკურობა და მოქნილობა ცალკე აღნიშვნის ღირსია, თუმცა ის ასევე შესანიშნავი პიროვნებაცაა. დუგ ჯონსის გარეშე ჩემი და მისი პერსონაჟის ურთიერთობა ასე სრულყოფილად არ შედგებოდა. როგორ შეიძლება დუგ ჯონსის გმირს შეხედო და მას მონსტრი უწოდო?

თქვენი პერსონაჟი მუნჯია და მხოლოდ ჟესტებით ახერხებს კომუნიკაციას. როგორი იყო ჟესტების შესწავლის პროცესი?

ეს ნამდვილად ახალი ენის შესწავლას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრის სცენაზე მუნჯის როლი ადრეც მითამაშია, ამ შემთხვევაში ბევრად რთული სამუშაო მქონდა. ვიცოდი, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში ჟესტების ენას სრულყოფილად ვერ დავეუფლებოდი, თუმცა უკან დახევაც არ მინდოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო, რომ მაქსიმალურად მივახლოვებოდი პერსონაჟს და ამისთვის თავი არ დამიზოგავს.

გილერმოს თუ ხედავთ თქვენს პერსონაჟში?

დიახ, გილერმო ძალიან ჰგავს ჩემს გმირს. ისიც მასავით ძლიერი და საკუთარ თავთან 100%-ით მართალია. ისიც საკუთარი გულის ხმას მიჰყვება და სხვანაირად არ შეუძლია. ელიზასავით ძალიან გახსნილი და რომანტიკულია. მას ძალიან უყვარს მითებისა და ლეგენდების სამყარო და ასეთი სიუჟეტების ჩვენთვის გაზიარების მნიშვნელობასაც კარგად ხვდება.

 

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა

Comments

comments