სასიყვარულო განწყობა – ჩარჩოში ჩასმული ხელოვნების ნიმუში

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

“ეს გადამწყვეტი მომენტია. ქალი თავს არ სწევს… რადგან კაცს შანსი მისცეს, ახლოს მოვიდეს, მაგრამ მას არ შეუძლია, კაცობა არ ჰყოფნის. ქალი კი ბრუნდება და მიდის”, – ამ სიტყვებით იწყებს ჰონგ-კონგელი რეჟისორი, ვონ კარ-ვაი სასიყვარულო განწყობის  შექმნას. პირველივე კადრიდან კი ვხვდებით, რომ კინემატოგრაფიას საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. უამრავი ფერით დატვირთულ სცენებთან ერთად, ე.წ. “ჩარჩოიან” კადრებს ვამჩნევთ. ეს შეიძლება მხოლოდ ვიზუალური ეფექტია, ან კონკრეტული ახსნაც აქვს, თუმცა, მოდი, ჯერ ფილმის ნარატივს მივყვეთ…

ქალბატონი ჩანი და ბატონი ჩო ოთახებს ერთმანეთის მეზობლად ქირაობენ. ავეჯის და სხვადასხვა ნივთების გადმოტანისას, გადამზიდებს ეშლებათ – ჩოს ნივთები ჩანთან შეაქვთ და პირიქით, ჩანის ნივთები – ჩოსთან. ამასთან ერთად, როდესაც სამეზობლო მაჯონგს (ჩინურ თამაშს) თამაშობს, რეჟისორი ორი ცოლ-ქმრის “მონაცვლეობას” მაგიდასთან საინტერესოდ აჩვენებს. ეს ერთგვარი ხრიკებია, რომლებიც გვიჩვენებს, რომ მოქმედება ამ ოთხი ადამიანის გარშემო ხდება. თუმცა, ქალბატონი ჩანისა და ბატონი ჩოს მეუღლეების სახეებს ვერ ვხედავთ და მათი მხოლოდ ხმა გვესმის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სინამდვილეში ფილმში ორი მთავარი პერსონაჟია, მეუღლეები კი მათ “ჩრდილებად” აღიქმებიან. ეს თეორია თვალსაჩინოა იმ ეპიზოდშიც, როდესაც მთავარი გმირები თავიანთი მეუღლეების როლებს მოირგებენ და ქუჩაში სეირნობისას ჩრდილი დაჰყვებათ.

“ძალიან ვბრაზდებოდი, ერთი თავიც რომ გამომრჩენოდა”, – ამ სიტყვებით მიმართავს ჩო ჩანს, რეჟისორი კი – ჩვენ, არ გამოგვრჩეს “არცერთი თავი”. ასეთი ფილმები ხომ Mind Twisting-ს მიეკუთვნება და ამ დროს გონების დაძაბვა მნიშვნელოვანია. სანამ ქალბატონი ჩანი ღალატის “მსხვერპლი” გახდება, მანამდე თავად ეხმარება საკუთარ უფროსს, ბატონ ჰოს ღალატის დამალვასა და ცოლის მოტყუებაში. ის ჰოს ცოლისთვის და საყვარლისთვის ერთდროულად ყიდულობს სხვადასხვა ფერის ერთნაირ ჩანთებს, რაც შემდგომში დიდ ირონიად იქცევა. სიმართლის გამოაშკარავების მიზეზი ერთის შემთხვევაში სწორედ ჩანთა, ხოლო მეორის შემთხვევაში – ჰალსტუხი გახდება.

“საინტერესოა, როგორ დაიწყო მათთან ყველაფერი,” – ეს პირველი კითხვაა, რომელიც მათ სიმართლის გამოაშკარავების შემდეგ უჩნდებათ. ამის შემდეგ კი ყველაზე საინტერესო სცენები იწყება: ჩო და ჩანი საკუთარი მეუღლეების როლებს ირგებენ, რათა პასუხი გასცენ დასმულ კითხვას: როგორ დაიწყეს მათ რომანი და როგორ გაჩნდა სიყვარულისა და ღალატის სურვილი. ჩო და ჩანი ერთად საუზმობენ, უკვეთავენ იმას, რასაც მათი მეუღლეები შეუკვეთავდნენ, საუბრობენ ისე, როგორც ისინი ისაუბრებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ მათ სექსუალურ კავშირს ვერ ვხედავთ. ვონ კარ-ვაი ეროტიული ფონის შექმნას ეროტიული სცენების გარეშე ახერხებს – კამერისა და მსახიობების მოძრაობით, შენელებული კადრებით, საუნდტრეკებით, წითელი ფერით…

როგორც აღვნიშნე, ფილმის ყურებისას, მთავარია, ვიყოთ ყურადღებით და არ გამოგვეპაროს ის მინიშნებები და კადრები, რომლებსაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია. მაგალითად, რამდენჯერმე ახლო ხედითაა ნაჩვენები საათი, ან ყურადღება ხელებზეა გამახვილებული. დაკვირვებული თვალი თითქმის ყველა ეპიზოდში შეამჩნევს მსგავს სიმბოლოებს. “თუ ნივთებს ყურადღებას აქცევ, არ არის რთული შემჩნევა,” – ქალბატონი ჩანის ამ ფრაზით რეჟისორი კვლავ მაყურებელს მიმართავს და ყურადღებისკენ მოუწოდებს. რომელი კადრი რას გულისხმობს, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა არასწორია. შეიძლება რამდენიმე ვარაუდი გვქონდეს და მათ შორის ნებისმიერი აღმოჩნდეს ჭეშმარიტი. მაგალითად, ფილმში საათის (დროის) ჩვენების მიზეზი შესაძლოა ძალიან მარტივია და უბრალოდ, ფილმის სტრუქტურიდან გამომდინარე, დღის მონაკვეთს ამ გზით ვიგებთ, ან მსგავსი ხერხით რეჟისორი ხაზს უსვამს, რომ მთავარი გმირები მარტოობაში საკმაოდ დიდ დროს ატარებენ. მოკლედ უამრავი “ან” არსებობს…  რაც შეეხება დღეების დადგენას, აქ ქალბატონი ჩანის ჩაცმულობა გვეხმარება, – ის ყოველ ახალ დღეს განსხვავებული კაბით ჩნდება.

დავუბრუნდეთ კვლავ ფილმის სიუჟეტს. თავდაპირველად მთავარ გმირებს სურდათ, გაეგოთ, როგორ დაიწყო ღალატი. ეს ინტერესი კი თანდათან სიყვარულში გადაიზრდება და როდესაც ჩო ჩანს გრძნობებში გამოუტყდება, მთავარ კითხვასაც გაეცემა პასუხი: სასიყვარულო განწყობა უცებ, მოულოდნელად მოდის და რომც ეცადო, გრძნობები აკონტროლო ან უარყო, ეს მაინც უშედეგო იქნება. მთავარი გმირები ღალატის “მსხვერპლიდან” სიყვარულის “მსხვერპლებად” გადაიქცევიან და როგორც აღმოჩნდება, მათთვის ეს მდგომარეობა უფრო ტრაგიკულია. ჩო დარწმუნებულია, რომ ოდესმე ჩანისთან გამომშვიდობება მოუწევს, რადგან იცის, რომ ის თავის ქმარს არ მიატოვებს. ისინი დამშვიდობების რეპეტიციასაც გაივლიან და მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად მეუღლეების როლებს არ ირგებენ, მაინც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კვლავ “თამაშს” აგრძელებენ. ეს ეპიზოდი სიყვარულის სტანდარტული გამოხატულებაა. მთავარი პერსონაჟები მეუღლეების ჩრდილებიდან გამოდიან და თავიანთი გრძნობებისა და განცდების აფიშირებას იწყებენ.

ფილმის დასასრული მინორულ განწყობას ინარჩუნებს, მაგრამ ადგილმდებარეობა განსხვავებულია. მთელი ფილმის განმავლობაში პირველად ჩანს ნათელი და გაშლილი სივრცე. ჩოს ბოლო აქტი, როდესაც ის საიდუმლოს ჩურჩულებს და შემდეგ კედლის ჩაღრმავებულ ადგილს მიწით ავსებს, ტრაგიზმის კულმინაციაა და კაცის მარტოსულობას უსვამს ხაზს. ბოლო ფრაზა კი ისეთივე მელანქოლიურია, როგორიც პროლოგი და საერთოდ, მთლიანი ფილმი იყო: “ის ამ გასულ წლებს ისე იხსენებს, თითქოს მტვრიანი ფანჯრის მინიდან იყურება. თითქოს რაღაც ჩანს, მაგრამ დაბურულად, გაუკრვევლად. წარსული არის რაღაც, რისი დანახვაც გონებითაა შესაძლებელი, მაგრამ შეხება – შეუძლებელია.”

Comments

comments