სერიალი “ხიდი”: ხუთი მიზეზი ადამიანების მოსაკლავად

(პირველი სეზონი)

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

!სტატია შეიცავს სპოილერებს!

 

სკანდინავია. რა გახსენდებათ პირველი ამ სიტყვის გაგონებისას? ეკონომიკური კეთილდღეობა, ჯანმრთელი, ბედნიერი და დალხენილი ცხოვრება. მას ბევრი ადამიანი შენატრის, თუმცა, ყველაფერი ისე იდეალურად არაა, როგორც შორიდან ჩანს…

დანია-შვედეთის დამაკავშირებელ ხიდზე მკვლელი გვამს ტოვებს: სხეულის ერთი ნახევარი დანიის მხარესაა, მეორე ნახევარი კი – შვედეთის. შვედეთიდან საქმეს კრიმინალურ დეტექტივს, საგა ნორენს აძლევენ, დანიელები კი მარტინ როდეს ნიშნავენ უფროსად. ორივე ქვეყანა თანამშრომლობაზე თანხმდება: როგორც შემდგომ გამოჩნდება, საქმე მხოლოდ ერთი მკვლელობით არ მთავრდება. მოკლულთა რიცხვი სწრაფად იზრდება, პოლიციას მათ შორის კავშირის დადგენა სულ უფრო და უფრო უჭირს. ჩნდება კითხვა: რატომ ხდებიან მსგავსი შემზარავი დანაშაულის მომსწრე, სწორედ რომ ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტანდარტების მქონე ქვეყნები?

ლიტერატურაში, დეტექტივის ჟანრში, სკანდინავიური დეტექტივი ერთგვარ სუბჟანრად ჩამოყალიბდა, რომელმაც დეტექტივის ზოგადი მახასიათებლების გარდა, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ორიგინალური ხედვა-დეტალები შეიძინა. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ხიდიც სკანდინავიური დეტექტივის წესებს იმეორებს. ეს, რა თქმა უნდა, სერიალის შემქმნელისა და სცენარისტის, ჰანს როზენფელდტის დამსახურებაა. ჟანრის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ძლიერი ფემინური აქცენტია, რაც ერთი ან ერთზე მეტი მთავარი გმირი ქალით გამოიხატება. ხიდში ასეთი ქალი საგა ნორენია, რომლის როლსაც ბრწყინვალედ ასრულებს შვედი მსახიობი სოფია ჰელინი.

სერიალის მსვლელობისას, დამნაშავისგან ნელ-ნელა ვიგებთ იმ ხუთი პრობლემის შესახებ, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტ ყურადღებასა და რეაგირებას საჭიროებს: 1.კანონის წინაშე უთანასწორობა 2.უსახლკაროები 3.ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები 4.ემიგრანტები 5.ბავშვები. სერიალის მთავარი ამბის პარალელურად, მაყურებელი ყველა ამ პრობლემის მომსწრე ხდება: ძალაუფლების მქონე ბიზნესმენი, შარლოტა სორინგერი, ძალაუფლების მქონე პოლიციელები, ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსები ან უბრალოდ, ძალაუფლების მქონე რიგითი მამაკაცი – სტეფან ლინდბერგი.

სერიალში ფუნდამენტური უსამართლობის იდეაა: რა მოსდის ინდივიდს, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები მისი უფლების დაცვას უგულებელჰყოფენ. ასეთი ინდივიდების ნაწილს, გამოსავლად, სხვისი სიცოცხლის მოსპობა ესახება. გარდა იმისა, რომ სერიალის მთავარი ღერძი მკვლელის პოვნა და დანაშაულის გამოაშკარავებაა, მაყურებელი იღებს ძალიან მნიშვნელოვან და დეტალურ მინიშნებებს ადამიანებში დამკვიდრებული ყოველდღიური სიცრუის, უკანონობის, პირფერობისა თუ სხვა მანკიერებების შესახებ. ეს ჩვენი ყოველდღიური, შესისხლხორცებული ქცევებია, რომელთაც ყურადღებას, უბრალოდ, არ ვაქცევთ.

ამ კუთხით საგა ნორენის გმირი ატიპიური და ამოვარდნილია. მაყურებელი სერიალის დასაწყისში მისი “უცნაური” ქცევების შემხედვარე დაიბნევა და შესაძლოა, გაღიზიანდეს კიდეც. როგორია კანონის დამცველი, პოლიციელი ქალი საგა ნორენი? არასოდეს ცრუობს, ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, კონცენტრირებულია მხოლოდ საქმეზე, არის მიზანმიმართული და მიზანდასახული. როგორც მესამე სერიაში ამბობს: “ცხოვრობს თავისი საქმით, ოჯახი არ ჰყავს, სამსახურში წარმატებულია, აქვს ნათელი მიზანი, შეუძლია გეგმების შედგენა”. ასე აღწერა მან მკვლელის ფსიქოლოგიური პორტრეტი, თუმცა, მაყურებელი ხედავს, რომ ეს აღწერა თავად საგას შეესაბამება.

საგასთვის გაუგებარია სოციუმში დამკვიდრებული ე.წ. უმნიშვნელო ტყუილები. ის იმას ამბობს, რაც ნამდვილად მოხდა. ამ ფაქტს კარგად წარმოაჩენს მეშვიდე სერიის დასაწყისში გათამაშებული სიტუაცია. საგა ამბობს, რომ “ღამე მარტინის შვილთან გაათია”. მარტინიც და ჰანსიც (საგას უფროსი) ფიქრობენ, რომ მას 18 წლის მოზარდთან სექსი ჰქონდა და ამის გამო კიცხავენ. საგა გაურკვეველ მდგომარეობაშია: “მე არ მითქვამს, რომ სექსი მქონდა, მე ვთქვი, რომ ღამე ერთად ვიყავით”.

საზოგადოება მიჩვეულია, რომ პირდაპირი თქმის ნაცვლად, სიტყვები რაიმეს უნდა გულისხმობდეს. მაგალითად, რა ხდება, როდესაც მამაკაცი სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ღამის ბარში მიდის? სისტემა ასეა ჩამოყალიბებული: პრელუდია ქალის სასმელზე დაპატიჟებით იწყება, ლაპარაკი, ფლირტი, ცეკვა და ბოლოს სასურველი სექსი. საგამაც იცის, როგორ მოქმედებს დამკვიდრებული ნორმა, მაგრამ ის წესებს არაფრად აგდებს. მასთან მიახლოებულ კაცს პირდაპირ ეუბნება: “გინდა სახლში წავიდეთ და სექსით დავკავდეთ?” ეს არის სიტუაცია, როდესაც სადავეებს ხელში ქალი იღებს, იბადება ახალი ნორმა, რომელიც კონკრეტულად საგას მონაპოვარია. აქ არ ჩანს ნეგატიური კრიტიკა, აქ უბრალოდ, სხვანაირი შესაძლებლობის დანახვის მცდელობაა. და რა რეაქცია აქვს მამაკაცს? კი, თავიდან ის ძალიან დაბნეულია, მაგრამ როგორც ბოლოს აღმოჩნდება, მისთვის სრულიად მისაღებია საგას წესები და ურთიერთობის გაღრმავების სურვილით, ვახშამზე ეპატიჟება.

საგას პერსონაჟის წყალობით, მაყურებელი არაერთი განსხვავებული სიტუაციის მომსწრე გახდება, რომელიც სხვანაირ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. არც ადამიანთა ურთიერთობაა დაშტამპული და არც ინდივიდია ჩვენი შეჩვეული მოლოდინის წინასწარ განსაზღვრული ყალიბი. ამას დამატებული მსუბუქი იუმორი, სერიალის დასასრულს საგას ნამდვილად შეგაყვარებთ. დამკვიდრებული ნორმების იქით განსხვავებების აღმოჩენა – სწორედ ეს ხდის შოუს უკიდურესად საინტერესოსა და მიმზიდველს.

გარდა მსუბუქი იუმორისა, სერიალში ემოციურად მძიმე ეპიზოდებიცაა. დამთრგუნველი გამოდგა ემიგრანტების ოჯახის ამბავი. მთელი სერიალის განმავლობაში, პოლიციელების მიერ მოკლულის მამა თავის მეორე ვაჟს მუდმივად არიგებს და ეუბნება, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში მიაღწევენ სამართალს, რომ კანონი ერთადერთი გზაა სამართლის მოსაპოვებლად, მაგრამ როდესაც პირისპირ აღმოჩნდება ერთ-ერთ დამნაშავე პოლიციელთან, ნერვები უმტყუნებს და კონტროლს კარგავს.

სერიალის ბოლო ორი სერია კულმინაციურია, როგორც ემოციურად, ისე კვანძის გახსნის თვალსაზრისითაც. შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ დაძაბულ მომენტში საგას ტყუილის თქმის სცენა ბრწყინვალედაა გათამაშებული. ჩვენ მთელი სერიალის განმავლობაში ვხედავთ, როგორ ცდილობს მარტინი, მცირე ტყუილები მაინც ათქმევინოს საგას და დამკვიდრებულ ნორმებში მოათავსოს – “გააადამიანუროს”, რასაც საგაც უღებს ალღოს და ნელ-ნელა “პატარა ცუღლუტობებს” მიმართავს. თუმცა, იმ მომენტში, როდესაც მარტინს სიმართლე ყველაზე მეტად სჭირდება, როდესაც მისთვის ყველაზე უბედური წუთები დგას, მისი დამღუპველი და გამანადგურებელი სწორედ ის “მსუბუქი”, “მისაღები” ტყუილი გახდება.

მარტინის ცხოვრება, ცოლის თუ მეგობრის ღალატი, დამოკიდებულება უფროს შვილთან – ეს ყველაფერი სამწუხარო რეალობაა, რომელიც დედამიწაზე არსებული ყველა კულტურის, განვითარებული თუ განუვითარებელი ქვეყნებისა და საზოგადოებების შემადგენელი ნაწილია. ასეთი ცხოვრების სისტემა ჩვენი შედგენილია, და ალბათ, სწორედ ამიტომ, ყოველთვის შევქმნით ისეთი ტიპის დამნაშავეებს, რომლებიც ერთადერთ გამოსავლად სხვისი სიცოცხლის ხელყოფას დაინახავენ.

Comments

comments