სერიალი “ხიდი”: საგა ნორენის საგის დასასრულის დასაწყისი

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

(სერიალ ხიდის პირველი სეზონის მიმოხილვა, მეორე სეზონის მიმოხილვა, მესამე სეზონის მიმოხილვა)

საგა ნორენის, მალმელი პოლიციელის საგა დასრულებულია. სერიალ ხიდის შემქმნელებმა ბრწყინვალე ფინალი გვაჩუქეს და მეოთხე სეზონის უკანასკნელი სერია ყოველგვარი კლიშესგან დაცლილ, სრულყოფილ, ამაღელვებელ და იმედისმომცემ ოპუსად აქციეს. კი, სერიალი დასრულდა, მაგრამ არ დასრულებულა პერსონაჟი საგა ნორენი, რომელიც მაყურებლისთვის იმდენად ძვირფასი გახდა, რომ ზღვარიც კი წაშალა რეალობასა და გამოგონილ პერსონაჟს შორის. ბევრისთვის საგა პერსონალურ მოგონებად და სიყვარულად იქცა და სრულიად უჩვეულო და უცნაური მოვლენაა, როდესაც გამოგონილი პერსონაჟი ცისფერი ეკრანებიდან ამგვარად გვემშვიდობება. უძლეველი სევდა და იმედისმომცემი სიხარული ერთდროულად ზავდებოდა ჩვენ შიგნით მთელი ამ ხნის განმავლობაში. საგას ამბის დასასრული იქცა მისი ცხოვრების დასაწყისად, რომელზე რეფლექსიაც მხოლოდ და მხოლოდ ერთგული მაყურებლის წარმოსახვას დაეკისრა, ახლა მან უნდა წარმოიდგინოს და განავითაროს, რა ბედი ელის მალმელ პოლიციელს, მანამდე კი, რამდენიმე სიტყვით მეოთხე სეზონიც მიმოვიხილოთ.

ემიგრაციის სამსახურის უფროსს, მარგარეტ ტორმუდს საშინელი სიკვდილით უსწორდებიან – მიწაში სანახევროდ ჩამარხულს, ქვებით ქოლავენ. იკვეთება დაჯგუფება წითელი ოქტომბერი, თუმცა გაურკვეველია, რამდენი ადამიანი დგას მის უკან, იქნებ დამნაშავე სულაც მარტო მოქმედებს?

სერიალი დღევანდელი ევროპის მწვავე პრობლემაზე – ემიგრანტებზე და დევნილებზე აქცენტით იწყება. ირანელ ტარიკ შერაზს სამშობლოში დაბრუნება სიკვდილს უქადის, ამიტომ ის ყველაფერზეა წამსვლელი. კარგად არის ნაჩვენები, თუ როგორ აღიქვამს დასავლეთი აღმოსავლური ქვეყნის მოქალაქეს, – არა კონკრეტული სახელითა და გვარით, არამედ უბრალოდ “ირანელად” და ამ კრებითობაში მთლიანადაა ჩაწებებულ-ჩამჯდარი ყველანაირი სტერეოტიპი. საგა და ჰენრიკი არაერთხელ უსწორებენ პოლიციელ იონას, რომ ტარიკი უბრალოდ “ირანელი” არ არის, რომ ის კონკრეტული ადამიანია და მისი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი მაინც ვერ ახერხებენ ლტოლვილის სიცოცხლის დაცვას…

წინა სეზონების მსგავსად, სერიალი ამჯერადაც საგას პერსონაჟის მაგალითზე გვიჩვენებს საზოგადოებაში ერთი შეხედვით უბრალო, დამკვიდრებული “ნორმალური ტყუილების” არანორმალურობას. ამ შეპირისპირებაში საგას პერსონაჟი კი არ გამოიყურება უცნაურად, არამედ სწორედ ჩვენ, ერთი შეხედვით “ნორმალური ადამიანები”. საგა თერაპიის კურსის გავლას იწყებს და ცდილობს, უფრო მეტად ჩაეწეროს ირგვლივმყოფებში. ერთ-ერთი ოჯახის გაცნობისას ის ამჩნევს, რომ მათ ახალშობილს სხვა ფერის თვალები აქვს და პირდაპირ ამბობს, რომ ქალმა შვილი სხვა კაცისგან გააჩინა. ეს ფაქტი რამდენიმე ოჯახის დანგრევის საბაბი ხდება, თუმცა, თუკი ერთ შემთხვევაში საგას რისხვა ატყდება თავს, მეორე შემთხვევაში საპირისპირო რეაქციას აწყდება, მას სიმართლისთვის მადლობას უხდიან. საგა კვლავ რჩება გამოცანების დიდი ბუკეტის პირისპირ, რომელსაც “ადამიანს” ვუწოდებთ. როგორ უნდა გაიკვლიოს გზა ინდივიდმა ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი ემოციების, რეაქციების, აღქმებისა და მოლოდინების სუბიექტურ ლაბირინთში?

საგას ფსიქოთერაპია ვახსენეთ. ეს მოვლენა სერიალის კვინტენსენცია გახლავთ. თერაპიის სცენებში საგას მთელი პიროვნების ევოლუციასა და გადააზრებას ვხედავთ. არის თუ არა დამნაშავე დედის მკვლელობაში (და მართლა ჰქონდა თუ არა დედას მიუნჰაუზენის სინდრომი)? რა წვლილი მიუძღვის დის, ჯენიფერის სიკვდილში? რას წარმოადგენს მისთვის ჰენრიკი? და ყველაზე მთავარი: იყო თუ არა საგას ნამდვილი სურვილი, გამხდარიყო პოლიციელი?

ამ კითხვებზე პასუხს ფინალური, მეოთხე სეზონიდან გაიგებთ. მე კი თქვენთან ერთად გულში შევინახავ იმ დიდ სიყვარულს, რაც საგას პერსონაჟმა გვაჩუქა, საგამ, რომელმაც სხვანაირად დაგვანახა იმ სოციალური ურთიერთობების უთანასწორობა, რაც ასე გამჯდარა ჩვენს ყოველდღიურობაში. ვფიქრობ, ამით უფრო მეტად გულგახსნილები და სანდომიანები გავხდებით, ან სულ მცირე, ის მაინც გვეცოდინება, რომ ამგვარი ქცევით ჩვენ არაფერს დავკარგავთ, პირიქით, სწორედ ეს იქნება ჩვენი საგანძური სხვა ადამიანების გაგების მცდელობაში.

 

უყურე სერიალს ქართულად – აქ!

Comments

comments