სერიალი “ტერორი”: რა ვიცით და რას უნდა ველოდოთ

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

1845 წლის 19 მაისს ერებუსმა და ტერორმა აფრები აუშვეს და არქტიკისკენ გაეშურნენ. უკანასკნელად გემები აგვისტოს თვეში შენიშნეს, მას შემდგ კი მათზე არავის აღარაფერი სმენია. გემებსა და გაუჩინარებულ ეკიპაჟს 1866 წლამდე ეძებდნენ. ვინაიდან არ არსებობს დაზუსტებული ცნობა, თუ რა შეემთხვათ გემებს, სავარაუდოა, რომ ეკიპაჟმა ისინი დატოვა და ეკიპაჟის წევრები ხმელეთის ძიებაში, სიცივისგან და შიმშილისგან დაიღუპნენ…

სწორედ ეს ფაქტი უდევს საფუძვლად სერიალს, რომელსაც ერთ-ერთი გემის სახელი დაარქვეს – ტერორი. ნიშანდობლივია, თუ როგორ აუხდათ ეს სახელწოდება არქტიკაში, ყინულებში გაჭედილ მეზღვაურებს.

ამერიკულმა სატელევიზიო არხმა AMC წარმატებული მოსიარულე მკვდრების შემდეგ გადაწყვიტა, ახალი ჰორორ-პროექტით გაენებივრებინა მაყურებელი. 2016 წლის მარტში მათ დააანონსეს ათეპიზოდიანი სერიალი, რომელიც ამავე სახელწოდების რომანს დაეფუძნებოდა. შემქმნელი დევიდ კეიგენიჩია, ხოლო ერთ-ერთი ექსკლუზიური პროდიუსერი – რიდლი სკოტი. პირველი სერიის პრემიერა 2018 წლის 25 მარტს შედგა და მას შემდეგ ყოველ ორშაბათს თითო სერია გამოდის. აჭარანეტი სერიებს ქართული გახმოვანებით შემოგთავაზებთ.

სერიალმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები. ამჟამად მისი რეიტინგი IMDb-ზე 8,8 ქულაა. მწერალმა დენ საიმონსმა წიგნი 2007 წელს გამოსცა და მალევე მოექცა გაყიდვების სათავეში. სტივენ კინგისა თუ პატრიკ ობრაიანისთვის დამახასიათებელმა მძაფრმა სიუჟეტმა მკითხველის ყურადღება მიიპყრო და ასეთივე ინტერესი ახლა უკვე სერიალის მიმართ გაჩნდა. ორი სერია უკვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სატელევიზიო შოუ დაძაბული, ჩამთრევი, სათავგადასავლო და საშიში იქნება. როგორ დაიღუპებიან ეკიპაჟის წევრები, სიკვდილის მიზეზი მხოლოდ გაუსაძლისი სიცივე და შიმშილი იქნება? იქნებ ეს თეთრი დათვების შურისძიებაა? ან სულაც ადგილობრივების მაგიური შელოცვები? ბურუსით მოცული ისტორია შესაძლებლობას იძლევა, გემის ეკიპაჟის თითოეული წევრის ბედი საინტერესოდ განვითარდეს.

სერიალის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამსახიობო გუნდი თითქმის მთლიანად ბრიტანელი მსახიობებისგანაა დაკომპლექტებული. გარდა ამისა, მეორე სერიაში გამოჩნდა ესკიმოსი ქალი სიჩუმე  პერსონაჟი, რომელსაც მისტიკურ-შამანური ზმანებები აქვს. ის ეკიპაჟს აფრთხილებს, სასწრაფოდ დატოვოს არქტიკა, თუმცა რა საფრთხე ელის მას, ჯერჯერობით უცნობია. ამას ერთად გავიგებთ, მომდევნო სერიებიდან.

Comments

comments