შეილინ ვუდლი: “არ მაღელვებს, რას იფიქრებს ჩემზე ხალხი”

კინოში შემთხვევით მოვხვდი. მსახიობობა ჩემი მისწრაფება არასოდეს ყოფილა. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ეს ჩემი ჰობია, ჩემი შინაგანი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ერთ დღესაც ჩემს საქმედ და კარიერად იქცა.

ვნერვიულობთ იმაზე, რასაც ვერ ვცვლით და რისი გარანტიაც არ გვაქვს. ცხოვრება მარტივად უნდა მივიღოთ. რაც უფრო ბედნიერი ვარ, მით უფრო ჯანმრთელად და კარგად გამოვიყურები.

ჩემში ფემინიზმს დობა ჭარბობს. ჯერ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ და შემდეგ იგივე კაცებსაც მოვთხოვოთ. ჩვენში ძალიან ბევრი ბოღმა და შურია. ეს კი საშინლად სევდიანი და გულდასაწყვეტი ამბავია.

სულს ასაკი არ გააჩნია. ის მხოლოდ გონებასა და კონკრეტულ მომენტებს ცნობს. სიყვარული შეუზღუდავია, მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს. თინეიჯერისა და ზრდასრული ადამიანის სიყვარული ერთნაირად გულწრფელი და ღირებულია.

სასაცილოა, კინო და მოდა ერთმანეთს რომ მიება. მე კინოში ლამაზი ტანსაცმლისა და მაკიაჟისთვის არ მოვსულვარ.

შედარებებს სასოწარკვეთილებამდე მიყავხარ. როგორ შეიძლება განვითარდე, თუკი ყოველ ნაბიჯზე ვიღაცას გადარებენ?! ჯენიფერ ლოურენსით აღტაცებული ვარ, ყველას ესიამოვნებოდა, თუკი მას მიამსგავსებდნენ. მაგრამ, რითი ვგავარ მე მას, მოკლე თმითა და ვაგინით?! ჩვენ განსხვავებული ინდივიდები ვართ, უბრალოდ, ქალები ვართ და სამწუხაროდ, შედარებებსაც ვერ გავექცევით. ეს კი კატასტროფაა.

როლში შესასვლელად კონკრეტულ სიტუაციებსა და მეთოდებს არ ვსაჭიროებ. მე ვსწავლობ, პროფესიულ აზრს ვითვალისწინებ და შესაბამისად ვრეაგირებ.

ვფიქრობ, კინოინდუსტრიაში ხალხი იმაზე მეტს დებს, ვიდრე საჭიროა.

ყველა მეკითხება, რას ნიშნავს, იყო ჰოლივუდის ნაწილი. მე მათ ვპასუხობ: “იყო მოჩვენებითი. იქ რეალური არავინაა”. ჩვენ ყველანი წვეულებებზე ხელოვნური მაკიაჟითა და სამოსით ვართ წარმოდგენილები. სახლში მისულები კი, სხვების მსგავსად, ვაბოყინებთ, ჭუჭყიან თეთრეულსა და ჭურჭელს ვრეცხავთ. რეალობა სწორედ ესაა.

გადასაღებ მოედანზე გადაღების გარდა ვერაფერზე ვფიქრობ, ოსკარზეც კი. იმ მომენტში გადაღების პროცესითა და ნიჭიერ ხალხთან მუშაობით ვტკბები.

ყოველთვის ვამბობ, ფიზიკურ ბრძოლაში დავმარცხდები, აი, გონებრივ ბრძოლაში კი – გავიმარჯვებ. თუმცა, გატყუებთ. რეალურად, არასოდეს არავისთან ვჩხუბობ.

ვფიქრობ, საკუთარი თავის სიყვარული უმნიშვნელოვანესია. შენი თავის, სხეულისა და სულის სიყვარულის გარეშე, სხვასთან ნამდვილ ურთიერთობას როგორ ააწყობ?! შენზეა დამოკიდებული, ვინ იქნები – შენივე თავი თუ ვინმე სხვა. ჩემი ფავორიტი მანტრა შემდეგნაირად ჟღერს: შენ იყავი ის, ვინც ხარ. მე ვიქნები ის, ვინც ვარ. ისინი იყვნენ ისინი, ვინც არიან.

დღეს ახალგაზრდების რეალობაზე ძალიან ცოტა ფილმს იღებენ.

ჩემმა მშობლებმა სამი პირობა წამომიყენეს: 1. სკოლაში კარგად მესწავლა. 2. ისეთივე ბავშვად დავრჩენილიყავი, როგორსაც მიცნობდნენ. 3. მაქსიმალურად გავრთობილიყავი. თუ ამ სამი პირობიდან ერთ-ერთს მაინც დავარღვევდი, ისინი მსახიობობაზე უარს მეტყოდნენ.

ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწავლობ. დავაფიქსირე, რომ ძალიან სწრაფად ვსაუბრობ, ალბათ, იმიტომ, რომ რაღაცით აღტაცებული მაშინვე ვცდილობ დაცლას.

ჰოლივუდში პოლიტიკაზე საუბარი ყოველთვის რთულია.

მე არა ჰოლივუდზე, არამედ მსახიობობაზე ვოცნებობდი.

კინო და სერიალი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. სერიალზე მუშაობისას დღეში შვიდ-რვა სცენას იღებ, აქ კრეატივისთვის არც დრო რჩება და არც ფინანსები. ფილმზე მუშაობის დროს კი, ზოგჯერ მთელი დღე ერთი სცენის გადაღებას უნდები, შესაბამისად, უფრო მეტი თავისუფლება და არჩევანის გაკეთების საშუალება გეძლევა.

ხშირად ხდება, სცენარს ეცნობი და უცებ ამოიკითხავ: “შემდეგ გმირი იწყებს ტირილს” და შენთვის გაგეფიქრება: “მე ასეთ რამეზე არასოდეს ვიტირებდი. რა სიყალბეა!” ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი ვიყო.

მე სხვისი სიამოვნებისთვის აღარ ვცხოვრობ. არ მაღელვებს, რას იფიქრებს ჩემზე ხალხი.

ყველაფერი უკონტროლოა, ერთადერთი, შენს გრძნობებს თუ დაეყრდნობი.

 

წყარო: www.imdb.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments