შეშლილი, შეშლილი, შეშლილი ჰენკის სამყარო

ავტორი: ნიკა თამარაშვილი

 

კაცი – შვეიცარიული დანა დენ კვანის და დენიელ შაინერტის სადებიუტო ფილმია. პირველი კადრიდან ბოლო კადრამდე, ამბავი უფრო და უფრო უცნაურად ვითარდება, დასასრულს კი, მერი ელიზაბეთ უინსტედის პერსონაჟი ყველაზე სწორ შეფასებას უკეთებს სიუჟეტს – What the fuck? ფილმის ყველაზე დიდი უცნაურობა დენიელ რედკლიფის პერსონაჟი – მენია. ის გვამია, რომელიც ნაპირზე გამოირიყება და ისეთივე მრავალფუნქციური აღმოჩნდება, როგორიც შვეიცარიული სამხედრო დანაა. მაგალითად, გაზების გამოყოფის შედეგად ის ტურბორეაქტიული ხდება, გულმკერდზე დაჭერისას ულევი წყლის მოწოდება შეუძლია, მისი ხელი კი ბენზოხერხის ფუნქციას ასრულებს. ამ გვამს ლაპარაკიც კი შეუძლია. ფილმის ყურებისას მენის უცნაურობები ხშირ შემთხვევაში გვაცინებს, თუმცა, მთავარი აზრის გამოსატანად, საჭიროა, ზედაპირს მოვშორდეთ და ფანტასტიკის ჟანრი გვერდზე გადავდოთ.

კაცი – შვეიცარიული დანა საკმაოდ სიღრმისეულ თემებს ეხება და მისი გასართობი, ან აბსურდული სცენები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში კრიტიკა გაჩნდეს, შემდეგ კი ვთქვათ – ეს ფილმი ყველასთვის არ არის.

დენი და დენიელი დასაწყისში კუნძულს შორი ხედით გვაჩვენებენ. თავდაპირველად ის მცირე ზომისაა, თუმცა მომდევნო სცენებში ვხედავთ, რომ კუნძული საკმაოდ დიდ ადგილს მოიცავს. ეს ფაქტი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ყველაფერი, რასაც ვხედავთ, რეალური არაა. უკაცრიელი კუნძული კი პოლ დანოს პერსონაჟის, ჰენკის წარმოსახვაა. მე ჰენკ ტომპსონი მქვია. მიტოვებულ კუნძულზე ვცხოვრობდი. ჰენკი ყველასგან მიტოვებული, საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნებაა. უკაცრიელი კუნძული მის სულიერ მდგომარეობას ჰგავს და ფილმიც ჰენკის დეპრესიის ბოლო სტადიით იწყება. ის თავს ყულფში ჰყოფს, რათა სიცოცხლეს გამოეთხოვოს, თუმცა ამ დროს ნაპირზე ხედავს მენის გვამს, რომელიც გაზებს უშვებს, რისი წყალობითაც, წყლის მოტოციკლეტივით შეუძლია წყალზე სიარული. ჰენკი იმ თოკს, რომლითაც თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა, მენის გამოაბამს, ზედ შემოაჯდება და ოკეანეში გაინავარდებს.

ჰენკის ცხოვრებაზე ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. ფლეშბეკიდან მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ მას მოსწონს სარა, რომელსაც არ იცნობს, – შემთხვევით დაინახა ავტობუსში. ასევე, ცოტა რამ ვიცით მის ოჯახურ პრობლემებზე, – მამაზე, რომელიც ხშირად ეუბნებოდა, რომ თუ დებილივით მოიქცეოდა, მეგობრები არასდროს ეყოლებოდა. მენისთან საუბრისას კი, ჰენკი გაკვრით ახსენებს, რომ ხალხი დამპალია, დაგცინის, თავს გაბეზრებს და ამ დროს სხვა სკოლაში უნდა გადახვიდე. მოკლედ, ჰენკის შესახებ მცირე ინფორმაცია გვაქვს, თუმცა საკმარისი იმისთვის, რომ მივხვდეთ: ჰენკს ცხოვრებაში პრობლემები აქვს.

მობილურის საშუალებით ჩვენ იმ დროსაც ვადგენთ, რომელიც ჰენკს “კუნძულზე” აქვს გატარებული. როდესაც ის კავშირის დაჭერას ცდილობს, ეკრანზე ვხედავთ, რომ ივლისია, ხოლო როდესაც კავშირი აღდგება და გამოტოვებულ შეტყობინებებს თვალს გადაავლებს, ვხედავთ, რომ ბოლო მესიჯი თებერვალში მიიღო. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ ექვსი თვეა გასული, რაც ის “სახლიდან გაიქცა”. (თუმცა, კუნძულის მსგავსად, შეიძლება სახლიდან გაქცევაც გამონაგონი იყოს, რადგან შეუძლებელია, ამდენ ხანს ტელეფონის ბატარეა არ დამჯდარიყო.)

არის თუ არა რეალური მენი? საფუძველი არ გვაქვს, მის არსებობაში ეჭვი შევიტანოთ. ჰენკი თვლის, რომ მენი სასწაულია, ან მისი ჰალუცინაციის შედეგი. თუმცა, არსებობს მესამე ვარიანტიც, – მენი ჰენკის ალტერ ეგოა. ჰენკს სჭირდება იმედი, ძალა, რომელიც სახლში დააბრუნებს. ის პოულობს გვამს, რომელსაც სიცოცხლეს ჩუქნის და მისგანაც იმავეს მიღებას ცდილობს. ჰენკი ცოცხალია, მაგრამ შინაგად მკვდარია, მენი კი პირიქით – მკვდარია, მაგრამ შინაგანადაა ცოცხალი.

ფილმის გენიალურობა განსაკუთრებით მაშინ ჩანს, როდესაც მენი პირველ სიტყვას წარმოთქვამს. ამ მომენტიდან ჰენკისა და მენის საოცარი დიალოგები იწყება, რომელიც სხვადასხვა ცხოვრებისეულ თემებს ეხება. ჰენკი მენის ასწავლის, უხსნის, რა არის სახლი, სიცოცხლე, სიყვარული, სიკვდილი, რა სჭირდება და რა არ სჭირდება ხალხს და ა.შ. თან ამ ყველაფრის ინსცენირებას აკეთებს, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, გენიალურ კადრებს ვიღებთ. ფილმი იმ განწყობის შექმნას ახერხებს, რომელიც ვუდი ალენის ფილმების ყურების დროს გვეუფლება ხოლმე.

როდესაც კვენტინ ტარანტინომ სცენარი წაიკითხა, თქვა: “ეს არის ყველაზე რთული სცენარი, რაც კი აქამდე წამიკითხავს. თუნდაც ვერ ვხვდებოდე, რას აკეთებთ, ვიცი, რომ თქვენ აკეთებთ რაღაც ძალიან კარგს.” ჰოდა ასეა. დენ კვანმა და დენიელ შაინერტიმ შექმნეს რაღაც ძალიან კარგი და უცნაური. ხალხის ერთი ნაწილი აუცილებლად იტყვის, რომ მთელი ფილმი გაზების გამომშვებ გვამზეა და მას მეტი ღირებულება არ გააჩნია. მეორე ნაწილი კი, ჰენკის მსგავსად, ფანტაზიას მოუხმობს და ამ გაურკვევლობაში გენიალურ სიგიჟეს აღმოაჩენს. შეიძლება გაიფიქროს კიდეც: იქნებ კინოსამყაროში ახალი, კოენების მსგავსი შეშლილი დუეტი გამოჩნდა?

Comments

comments