შუქურის მცველი კაცების უკანაც ქალები დგანან

ავტორი: ბექა სუხიტაშვილი

 

მე-19 საუკუნეში 300-მდე ქალი უვლიდა შუქურას მთელი ამერიკის მასშტაბით, ისინი ამგვარ მოვალეობას ავადმყოფი ან გარდაცვლილი ქმრებისა და მამების ნაცვლად ასრულებდნენ. ზოგიერთ მათგანს გმირის წოდება მიანიჭეს, რადგან შტორმის დროს არაერთი მეზღვაურის სიცოცხლე გადაარჩინეს, თუმცა უმეტესობა დავიწყებას მიეცა. მათ შესახებ ვიცით მხოლოდ დავთრებიდან, სადაც ყოველდღიურ ჩანაწერებს აწარმოებდნენ.

ები ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული რეჟიმით ცხოვრობს: ავადმყოფ ქმარს უნდა მოუაროს, საჭმელი მოამზადოს და სახლი დაასუფთავოს, ქათმებს საკენკი დაუყაროს, დაიცვას სისუფთავე შუქურაში და ყოველ საღამოს აანთოს მეზღვაურთა იმედი, დილით – კარგად გააპრიალოს, რათა სინათლის სიკაშკაშე ზღვის მარილმა არ შეაფერხოს. განსაკუთრებით ფხიზლად შტორმის დროს უნდა იყოს, ზღვაში მყოფ გემებს ხომ განსაცდელი ემუქრებათ, თუმცა გადაღლილს, რამდენიმე წუთის დაგვიანებით, შუქურის ანთება ავიწყდება, მის კუნძულზე კი დამხრჩვალი კაცის სხეული გამოირიყება…

შეინარჩუნო სინათლე ამერიკელი რეჟისორი ქალის, ერიკა ფეის სადებიუტო ფილმია, რომლის სცენარისტიცა და პროდიუსერიც თავადაა და ფილმში მთავარ როლსაც თვითონ ასრულებს. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და მე-19 საუკუნეში მენის შტატში შუქურის მცველი ოჯახის ამბავს გვიყვება.

ების ქმარი ალკოჰოლიზმით იტანჯება, ისევე, როგორც შუქურიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქში მცხოვრები მამაკაცების უმეტესობა. ბევრ ადგილობრივს სურს შუქურის ზედამხედველობა, – ეს სარფიანიცაა და ერთგვარი პრივილეგიაც. ები აცნობიერებს, რომ საკმარისია ერთი პატარა შეცდომაც და ადგილს დაკარგავს. ქალაქში პროდუქტებისა და წერილების წამოსაღებად ჩასული, ამბობს, რომ ქმარი შეუძლოდაა, მაგრამ მოგვიანებით ირკვევა, რომ მისი მეუღლე უკვე რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, ტრავმა კი ების ფსიქიკას ალტერნატიულ სამყაროს სთავაზობს, ის პრობლემას თვალს ვერ უსწორებს.

ძალიან საინტერესოდაა გათამაშებული ების განდევნილი რეალობის გააზრების პროცესი: გამორიყული კაცი ცოცხალი აღმოჩნდება, ავადმყოფი ქმარი კი – გარდაცვლილი. უცნობი მამაკაცი ების რეალობის დანახვაში ეხმარება და მშველელად ევლინება. ფილმი ისეა გადაღებული, რომ თუკი ცოტას არ დაიცდი და სცენის დასასრულს არ ნახავ, ვერ გაარკვევ, სად გადის ზღვარი რეალობასა და ების გამოგონილ სამყაროს შორის. ფილმი სავსეა ასეთი სცენებით და შენც დასასრულს დიდი ინტერესით ელი.

გამოჯანმრთელების პროცესთან ერთად, ები საკუთარ თავში პოულობს ძალას, შუქურას მარტომ უპატრონოს. ფილმიდან ვიგებთ, რომ აქამდე შუქურას ქალი მხოლოდ ერთხელ პატრონობდა. ების სურვილს ყველა ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა მისი გაწეული სამუშაო ამის საფუძველს არ იძლევა. ერთ-ერთი ზედამხედველი ამბობს კიდეც: ასე კარგად გაპრიალებული შუქურის მინა არასოდეს მინახავს.

ვინ აღმოჩნდება ის უცნობი კაცი, რატომ ჰგონია ების, რომ ის გემის ჩაძირვაში დამნაშავეა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზედამხედველი, ფილმიდან გაიგებთ, მანამდე კი ერთ უბრალო, აღიარებულ და ყველასათვის ნაცნობ გამონათქვამს შეგახსენებთ: წარმატებული კაცების უკან ყოველთვის ძლიერი ქალები დგანან.

Comments

comments