სილამაზე კანადურად: ტორონტოს საერთაშორისო კინოს ფესტივალი

ფესტივალთა შორის ფესტივალი

ვენეციის კინოფესტივალის ბოლო დღეები ტიპურ სურათს გვთავაზობს: ლიდოს კუნძულზე ხალხის რაოდენობა სულ უფრო და უფრო იკლებს, იტალიურ ენაზე საუბრები უფრო და უფრო ხშირდება და სტუმართა რაოდენობაც მცირდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: იწყება ტორონტოს ფესტივალი და ევროპელ ჟურნალისტთა დიდი ნაწილიც ვენეციას ტოვებს. ყველამ იცის – ტორონტოს ფესტივალის პირველი დღეების გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან სწორედ აქ, კანადაში შეგვიძლია ოსკარზე წარსადგენი ფილმები ვნახოთ.

ფესტივალთა შორის ფესტივალი 1976 წელს, ონტარიოში იღებს სტარტს და აუდიტორიას საუკეთესო ფილმებს სთავაზობს. პირველ წელს პროგრამაში 127 ფილმია და მას საერთო ჯამში 35 000 მაყურებელი ესწრება, 2015 წელს კი მაყურებელთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს.

ივან რეიტმანმა წამოწყებას მოზრდილი ადგილი გამოუყო და ამით კანადელ ბავშვებსა და თინეიჯერებს მსოფლიო კინო სამყარო გააცნო. აქ ეწყობოდა: გამოფენები, რეტროსპექტივები, კანადელ რეჟისორებთან შეხვედრები, მათი ფილმებისა და მსოფლიო კინო შედევრების ჩვენებები… 40 წლის შემდეგ კი ფესტივალს მსოფლიო კინო კულტურის ცენტრად გადაქცევისა და კინოს გავლით სამყაროს შეცვლის ამბიცია გაუჩნდა.

წლევანდელი ფესტივალისთვის 7 000 კინოსურათიდან 400 შეირჩა (აქედან ასი მოკლემეტრაჟიანი ფილმი). 1994 წელს სახელი – ფესტივალთა შორის ფესტივალი TIFF-ით ანუ ტორონტოს საერთაშორისო კინოს ფესტივალით შეიცვალა, თუმცა ამით მისი კონცეფცია არ შეცვლილა. დღემდე, ფესტივალის მთავარი სამიზნე ჯგუფი მაყურებელია, ბილეთების შეძენის სქემა კი ისეა მოწყობილი, რომ დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ არ არსებობს ტრადიციული გაგების კონკურსი, მაგრამ არსებობს ე.წ. მაყურებელთა რჩეულის ჯილდო, რომელსაც აუდიტორია რამდენიმე კატეგორიაში არჩევს. ესენია: მხატვრული ფილმი, დოკუმენტური ფილმი და ფილმი Midnight Madness-ის პროგრამიდან.

1981 წელს მაყურებელთა სიმპათია წილად ხვდა სპორტულ დრამას – ცეცხლოვანი ეტლები, რომელმაც მოგვიანებით ოსკარიც მოიპოვა. 1999 წელს კანადელ მაყურებელთა სიმპათიას იმსახურებს ამერიკული სილამაზე. რამდენიმე თვეში კი ნახსენები კინოსურათი 5 ოსკარს იღებს, მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის და ამით ტორონტოს ფესტივალი მსოფლიო მნიშვნელობას იძენს. ბოლო წლების ფილმებიდან აღსანიშნავია: მეფის სიტყვა, იმედის სხივთა კრებული, 12 წელი მონობაში, იმიტაციის თამაში და ოთახი, შარშან – ლა ლა ლენდი, რომელმაც კანადელი მაყურებელი აღაფრთოვანა, ისევე, როგორც მთვარის შუქმა.

რატომ გადაწყვიტეს პროდიუსერებმა და დისტრიბუტორებმა, რომ პირველად სწორედ ტორონტოში ეჩვენებინათ ფილმი? ალბათ, რიგი ფაქტორების გამო: TIFF-ის სელექციაში მოხვედრა უკვე ხარისხის მაჩვენებელია და მაყურებლის ყურადღების მიპყრობის გარანტიცაა. გარდა ამისა, ტორონტო ევროპა არაა, ის ახლოსაა და, შესაბამისად, ამერიკული პრესისთვის აქ ჩამოფრენა და მუშაობა ბევრად იოლი და შეღავათიანია.

ტორონტოს ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმების ფართო არჩევანი დისტრიბუტორთა ყურადღებას იპყრობს. ფესტივალზე თექვსმეტი, ერთმანეთისგან განსხვავებული კატეგორიაა: ჰორორი, თრილერი, ექსპერიმენტული კინო, ვიდეო-არტი და ა.შ. კინობაზრობის არარსებობის მიუხედავად, აქ ათ-მილიონიანი ღირებულების ხელშეკრულებები მაინც იდება.

 

ტელურაიდთან კონკურენცია

ტორონტოს ფესტივალი დღემდე აგრძელებს კანისა და ვენეციის კინოფესტივალებზე წარდგენილი მთავარი ფილმების კანადელი აუდიტორიისთვის ჩვენებას, მაგრამ თუ ფესტივალს ამბიციები აქვს და კონკურენტუნარიანი იმიჯის შექმნა სურს, მაშინ მან წლის განმავლობაში მაყურებელს სერიოზული ფილმების პრემიერებიც უნდა შესთავაზოს. მათი მთავარი კონკურენტი ტელურაიდია, რომელიც ტორონტოს ფესტივალს ზუსტად ერთი კვირით უსწრებს. მართალია, ოსკაროსანი ფილმები – მეფის სიტყვა, არგო, 12 წელი მონობაში – ტორონტოში აჩვენეს, მაგრამ მათი მსოფლიო პრემიერა სწორედაც რომ ტელურაიდში შედგა.

2014 წელს სამხატვრო ხელმძღვანელმა, კემერონ ბეილმა პროდიუსერებს მოთხოვნა წაუყენა: “თუკი რომელიმე ფილმის პრემიერა ტელურაიდში გაიმართება, მას ტორონტოს ფესტივალზე აღარ გავუშვებთ!” მკაცრი ტონის მიუხედავად, ულტიმატუმმა ვერ იმუშავა – TIFF-მა ფილმებზე უარი ბოლომდე ვერ თქვა.

 

კრიტიკოსთა პლატფორმა

კოლინ კედექსი, Midnight Madness-ის პროგრამების ყოფილი დირექტორი IndieWire-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ფესტივალის ძლიერი მხარე მაყურებელზე ორიენტირებულობაა: აუდიტორიას საშუალება ეძლევა, ახლოდან გაიცნოს რეჟისორები. აქ ავტოგრაფების გაცემა არ იგულისხმება, – ისინი უშუალოდ საუბრობენ და ფილმებს განიხილავენ ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან: დენი ბოილი, ვერნერ ჰერცოგი, პონ ჯუნ-ჰო… ეს მაყურებელთა ფესტივალია. ფილმის შერჩევის დროს მე ყოველთვის მათზე ვფიქრობ და სწორედ ამიტომაა შერჩევა ღია და გამჭვირვალე. ტორონტო – ემიგრანტთა ქალაქია, ეს ადგილი სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ნაზავია, შესაბამისად, მოსახლეობა სიახლისადმი და მსოფლიო კინოსადმი გახსნილია.

2015 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მაყურებელთა რჩეული ფილმის დასახელება საკმარისი არაა. მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღების მიქცევის მიზნით, შეიქმნა საკონკურსო პროგრამა სახელწოდებით – პლატფორმა (ჟანგ ჯე კიას 2000 წლის ფილმის შთაგონებით). საკონკურსო ფორმატის შესაბამისად, აქაცაა ჟიური და ჯილდო – 25 000 დოლარი. ტორონტოს ფესტივალის გამორჩეულობა სწორედ მის მრავალფეროვნებასა და სიახლისადმი მიმღებლობაშია.

 

წყარო: www.kinopoisk.ru

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments